ახალი ამბები

„ლელო“ ხელისუფლებას რუსეთის მოქალაქეების კომპანიების საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს

22 ნოემბერი, 2023 • 1156
„ლელო“ ხელისუფლებას რუსეთის მოქალაქეების კომპანიების საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს

„ლელოს“ ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში რეგისტრირებული 25 333 კომპანიიდან 22 582-ის საქმიანობის სფერო უცნობია.

„ლელოს“ წევრმა ირაკლი კუპრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რამდენი ბიზნესსუბიექტი არის რეგისტრირებული რუსეთის მოქალაქეების მიერ 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის ოქტომბრამდე და ეს რიცხვი (25 333) შემაშფოთებელია.

„25 333 რუსული სუბიექტიდან მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა, როცა სახელმწიფომ იცის მათი საქმიანობის პროფილი. 22 582 სუბიექტის შესახებ ინფორმაცია უცნობია. საქართველოს სახელმწიფო არ სწავლობს რუსული კომპანიების და ბიზნესსუბიექტების საქმიანობას. ეს ნიშნავს, რომ არ არის შემოწმებული შრომის ინსპექციის მიერ, საგადასახადოების მიერ, რას აკეთებს. ეს არის საფრთხე საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, ეკონომიკისთვის და მოსახლეობისთვის“, — განაცხადა კუპრაძემ.

მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალია, სახელმწიფო უწყებებმა სასწრაფო რეჟიმში შეისწავლონ და დაადგინონ, რა საქმიანობას ეწევიან რეგისტრირებული კომპანიები.

მასალების გადაბეჭდვის წესი