14102357_1809144662705743_1391042076108338394_n

GEM Fest 2017 ერთი თვე გაგრძელდება – ბილეთები 25 აგვისტოდან გაიყიდება

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM Fest, რომელიც უკვე 2 წელია ანაკლიაში იმართება, 2017 წელს ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება – 14 ივლისს გაიხსნება და 14 აგვისტოს დაიხურება. ფესტივალის ორგანიზატორებმა ინფორმაცია ოფიციალურად დღეს დააანონსეს.

მთელი თვის განმავლობაში 6 სცენაზე 500-ზე მეტი მუსიკოსის გამოსვლა იგეგმება  – მათ შორის იქნებიან წლევანდელი ფესტივალის მთავარი შემსრულებლებიც. ბილეთების გაყიდვა ხუთშაბათს, 25 აგვისტოს, 15:00 საათზე დაიწყება. ერთთვიანი მულტიპასის ღირებულება პირველ ეტაპზე 100 ლარი იქნება, შეზღუდული რაოდენობის გაყიდვის შემდეგ ფასი 200 ლარამდე გაიზრდება, ხოლო საბოლოოდ 500 ლარს მიაღწევს.

როგორც ფესტივალის დამაარსებელი, გიორგი სიგუა აცხადებს, ფესტივალი ხანგრძლივობა მის ხარისხზე არ აისახება და ეს მისი განვითარების შემდეგი ეტაპია. ერთი თვის განმავლობაში მუსიკალური აქტების გარდა იგეგმება მრავალი გასართობი ღონისძიება. წლევანდელი ფესტივალი კი, რომელიც ახლახან დასრულდა, სიგუას თქმით, საშუალებას აძლევთ ორგანიზატორებს, სამომავლოდ პოზიტიურად განეწყონ.

“ზოგადად, ჩვენი მიზანი არის ის, რომ ეს ფესტივალი ერთი კი არა სამი თვის განმავლობაში იმართებოდეს და მანდამდე ჩვენ მივალთ ალბათ 4 წელიწადში. ჩემი გათვლებით 2020 წლისათვის მთელი ზაფხულის განმავლობაში იქნება დატვირთული ანაკლია-განმუხურის ზონა.

არანაირად არ აისახება ფესტივალის ხანგრძლივობა მის ხარისხზე. ისეთი წარმოდგენა შეექმნა ხალხს, რომ აუცილებლად ერთი თვე უნდა ჩამოხვიდე და დარჩე იქ. რეალურად, მთავარი არტისტები დაუკრავენ უქმეებზე და ფესტივალის ძირითადი დღეები იქნება სწორედ “უიქენდები”, დანარჩენ დღეებში ძირითადად იმუშავებენ მცირე სცენები და იქნება ძალიან ბევრი გასართობი საშუალება: სპორტული შეჯიბრებები, ფერების ფესტივალი და სხვა,” – ამბობს გიორგი სიგუა “ნეტგაზეთთან” საუბარში.

მუსიკალური ფესტივალი წელს საქართველოს სახელმწიფო პროექტის “Check in Georgia”-ს ფარგლებში დაიგეგმა და მისთვის 1.9 მლნ გამოიყო. სიგუა დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო კვლავ განაგრძობს ფესტივალთან თანამშრომლობას და თუ ასე არ მოხდა, ფესტივალი დამოუკიდებლადაც შეძლებს ხარჯების გასტუმრებას:

“ჩვენ შარშან ისე გავაკეთეთ ფესტივალი, რომ სახელმწიფო თანხებზე არ შეგვიწუხებია, წელს კი თანადაფინანსებით, დაახლოებით 30% დაგვიფინანსა. ჩვენ უკვე გამზადებული გვაქვს პროექტი 2017 წლის ფესტივალის, თავისი ბიუჯეტით და დარწმუნებული ვარ, რომსახელმწიფო დაგვეხმარება და თუ არ დაგვეხმარება ჩვენ თავად დავფარავთ ხარჯებს. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო გააგრძელებს დახმარებას, რადგან მკაფიოდ არის გამოკვეთილი GEM fest-ის როლი ქვეყნის ტურისტული განვითარების საკითხში. 1.9 მლნ-ით დაფინანსდა წელს ფესტივალი და 20 მლნ შემოვატანინეთ მხოლოდ ტურისტებს ქვეყნის ბიუჯეტში,” – ამბობს გიორგი სიგუა.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM Fest 2015 წლიდან იმართება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი