ახალი ამბები

Gem Fest-ის ნაცვლად მთავრობა ანაკლიაში Echo Waves–ს 4 მილიონით დააფინანსებს

8 ივნისი, 2018 • 3841
Gem Fest-ის ნაცვლად მთავრობა ანაკლიაში Echo Waves–ს 4 მილიონით დააფინანსებს

საქართველოს მთავრობა 4 160 000 ლარით აფინანსებს Check in Georgia–ს ფარგლებში მუსიკალური ფესტივალის ჩასატარებლად.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, ფესტივალი Anaklia Echo Waves “ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული” ღონისძიებაა. ფესტივალი ანაკლიაში 2018 წლის 23–26 აგვისტოსაა დადგეგმილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძრავნელმა 5 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფესტივალის ბიუჯეტი 6 მილიონი ლარია. დანარჩენ 2 მილიონს ფესტივალის ორგანზოატორები აანაზღაურებენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ფესტივალის დადასტურებულ არტისტებს შორის არიან:

  • Solomun,
  • Juan Atkins
  • Dzijan Emin
  • GPO,
  • Francesco Tristano
  • Guti live

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები მსოფლიო მასშტაბით სხვა მნიშვნელობის მქონე ლაივ-შემსრულებლებთან და დიჯეებთან, რომლებიც ფესტივალის სახელს უფრო სოლიდურს და მიმზიდველს გახდიან.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 4-დღიანი ფესტივალის მიზანი რეგიონის კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შექმნაა. მუსიკის გარდა, ფესტივალი მოიცავს სპორტულ გამაჯანსაღებელ აქტივობებს, სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო თუ კულტურულ ღონისძიებებს, სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ფესტივალი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო და პოპულარულ ფესტივალ EXIT-ის ქოლგის ქვეშ ჩატარდება. EXIT 2000 წლიდან სერბეთში, მონტენეგროში, ხორვატიაში,  რუმინეთსა და ბოსნიაში იმართება.

ანაკლიის პროექტის დამფუძნებელს, ნანე კონსტანტინოვს, რომელიც მრავალი წელია ახორციელებს ღონისძებებს, 25 ქვეყანაში 3000–ზე მეტი ღონისძიება აქვს ჩატარებული.

საბიუჯეტო მხარდაჭერას მუსიკალური ფესტივალი “GEM Fest” იღებდა, რომელიც ანაკლიაში 2015 წლიდან 2017 წლამდე ივლისსა და აგვისტოში იმართებოდა. 2017 წელს ფესტივალი ჩატარდა პროექტის, “ჩექინ ჯორჯიას” ფარგლებში და ორგანიზატორების თქმით, სახელმწიფომ ფესტივალი დაახლოებით 2 000 000 ლარით დააფინანსა.

GEM Fest-ის დამფუძნებელმა, გიორგი სიგუამ 2017 წლის აგვისტოში განაცხადა, რომ ფესტივალი ფინანსურად წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის მთავარ მიზეზებად კი მისი მცდარი წარმოდგენა , უამინდობა და ფესტივალის სტუმრების ინტოქსიკაცია დაასახელა.  2017 წლის 3 აგვისტოს, გვიან ღამით, ფესტივალიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 3 პირი გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ 2017 წელს განაცხადა, რომ იგი არ მიიჩნევდა მიზანშეწონილად ჯემფესტის დაფინანსებას. ჯემფესტის დამფუძნებელმა, გიორგი სიგუამ, რომელიც მანამდე ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძრვანელის პოსტს იკავებდა, განაცხადა, რომ თუ მთავრობა ფესტივალის ჩასატარებლად ორგანიზატორებს მიწას იჯარით არ გადასცემდა, ფესტივალს აფხაზეთში ჩაატარებდა. Gem Fest წელს ანაკლიაში 9–12 აგვისტოს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი