ახალი ამბები

ISFED: რამდენიმე ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიები “წინასწარ სიებში” მყოფმა პირებმა დააკომპლექტეს

21 აგვისტო, 2016 • 1523
ISFED: რამდენიმე ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიები “წინასწარ სიებში” მყოფმა პირებმა დააკომპლექტეს
სამართლიანი არჩევნების (ISFED) განცხადებით,  რამდენიმე ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსი ხარვეზებით წარიმართა.
საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შერჩევა 19 აგვისტოდან დაიწყო და 23 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
“ორგანიზაციის დამკვირვებლებმა სხვადასხვა წყაროებიდან შეიტყვეს ზოგიერთ საარჩევნო ოლქში საუბნო კომისიის შესარჩევი წევრების სავარაუდო წინასწარი სიების არსებობის შესახებ, რომლითაც საოლქო კომისიის წევრებს უნდა ეხელმძღვანელათ. ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, ამ სიებში ძირითადად „ქართული ოცნების“ აქტივისტების ოჯახის წევრები და ახლობლები არიან.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს მსგავსი სიები ხელთ ქობულეთის, სამტრედიისა და სენაკის ოლქებში ჩაუვარდათ. საოლქო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების აღნიშნულ სიებთან შედარების შედეგად დადგინდა, რომ ქობულეთის საარჩევნო ოლქში შერჩეული საუბნო კომისიის წევრები თითქმის სრულად დაემთხვა სიას, სამტრედიის ოლქში კი, საუბნო საარჩევნო კომისიის 300 არჩეული წევრიდან 256 აღმოჩნდა ე.წ. „წინასწარ სიაში“. აღსანიშნავია, რომ სენაკში საუბნო კომისიების დაკომპლექტების მიზნით საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ჯერ არ გამართულა.
გარდა ამისა, გორში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევისას საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები ძირითადა, ხმას აძლევდნენ წევრობის რიგით პირველ 6 კანდიდატს. მსგავსი პრაქტიკა საოლქო საარჩევნო კომისიებში გასულ წლებშიც იყო, რაც აჩენდა ეჭვებს, რომ სასურველი კანდიდატები რიგითობით სხვა კანდიდატებზე წინ იყვნენ დაყენებული.
თავისთავად, საოლქო საარჩევნო კომისიების ან ინდივიდუალური წევრების მიერ საუბნო კომისიის წევრობის კანდიდატების წინასწარ განხილვა პრობლემას არ წარმოადგენს. საოლქო კომისიის წევრებმა უნდა შეიქმნან წარმოდგენა საუბნო კომისიის წევრობის კანდიდატების შესახებ, რასაც კანდიდატების რაოდენობიდან გამომდინარე შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ საოლქო საარჩევნო კომისიები წინასწარ აჯერებენ საკუთარ პოზიციებს და ადგენენ შერჩეული კანდიდატების სიას, პროცესის გამჭვირვალობისთვის მნიშვნელოვანია, ცნობილი იყოს, თუ როდის და რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეარჩია კომისიამ ესა თუ ის კანდიდატი. ეს პროცესი ასევე ღია უნდა იყოს დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის.
ხოლო თუ აღნიშნული სიების შედგენა წინასწარი განხილვის გარეშე ხდება, ეს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობასთან დაკავშირებით დამატებით კითხვებს აჩენს. მათ შორის, ხომ არ ჰქონდა ადგილი კომისიის საქმიანობაში ჩარევას, ან საუბნო საარჩევნო კომისიების შესარჩევ კანდიდატებზე მესამე პირებთან კონსულტაციას,”- აცხადებს სამართლიანი არჩევნები.
ორგანიზაციის განცხადებით, მიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია პროფესიული ნიშნით დაკომპლექტდეს. ISFED მოუწოდებს ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომ არ დაუშვან საკუთარ საქმიანობაში გარე პირთა ჩარევა და საუბნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებლად წარმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაცია საუბრობს, რომ შესაძლოა საფრთხე შეექმნას საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობას, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს საარჩევნო პროცესს.

მასალების გადაბეჭდვის წესი