ახალი ამბები

საინიციატივო ჯგუფი კვირიკაშვილს ქორწინებაზე პლებისციტის ჩატარებას სთხოვს

18 აგვისტო, 2016 • 1860
საინიციატივო ჯგუფი კვირიკაშვილს ქორწინებაზე პლებისციტის ჩატარებას სთხოვს

ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ პრეზიდენტის უარის შემდეგ, საინიციატივო ჯგუფი პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს მიმართავს ქორწინების საკითხზე პლებისციტის ჩატარების თხოვნით.

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი, თბილისის საკრებულოს წევრ სოსო მანჯავიძეს პრემიერის აქამდე გამოთქმული მოსაზრებები აძლევს იმედს: „მარგველაშვილს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ 3 დღის განმავლობაში უნდა გადაეგზავნა გადაწყვეტილება პრემიერისთვის, მას კი 10 დღე აქვს კონტრასიგნაციისათვის. ჩვენ მისი პოზიცია ვიცით, – მოსალოდნელია პრემიერის უარი კონტრასიგნაციაზე. შესაბამისად,  ვთავაზობთ პრემიერს, გამოიყენოს თავისი უფლება და პლებისციტი დანიშნოს“, – თქვა სოსო მანჯავიძემ. პრემიერის კონტრასიგნაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა საჭირო, თუკი პრეზიდენტი რეფერენდუმს დანიშნავდა.

პრემიერმა კვირიკაშვილმა 4 აგვისტოს განაცხადა, რომ დარწმუნებულია, “ქართული ოცნება” პარლამენტში ისეთი უმრავლესობით მოვა, რომ ამ ცვლილებას კონსტიტუციაში დააფიქსირებენ.

საარჩევნო კოდექსის 173-ე მუხლით, პლებისციტს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. თუ რეფერენდუმს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს, სავალდებულო ხასიათი აქვს – რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნების დღიდან, აქვს იურიდიული, პირდაპირი მოქმედების ძალა და საბოლოოა- პლებისციტის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა.

საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, სოსო მანჯავიძემ დღეს, 18 აგვისტოს, განაცხადა, რომ პლებისციტის დანიშვნის შემთხვევაში თავიდან აიცილებდნენ „გაუგებრობას [კანონმდებლობასთან დაკავშირებით], რომლის მიხედვითაც რეფერენდუმი მთელ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს. ქართველი ხალხი [პლებისციტით] გამოიკითხება და კანონმდებლებს წინ ედებათ ქართველი ხალხის აზრი“, – თქვა სოსო მანჯავიძემ.

სოსო მანჯავიძის ცნობით, საინიციატივო ჯგუფი ასევე მუშაობს საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელზე, რომლითაც ისინი მარგველაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ: „როგორც კი ხელთ გვექნება პრეზიდენტის ოფიციალური პასუხი, ჩვენ იურისტებთან ერთად ვამზადებთ საკონსტიტუციო სარჩელს, რომელიც განიხილავს პრეზიდენტის მოქმედების შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციასთან“, – თქვა მანჯავიძემ.

200 000 მოქალაქის ხელმოწერით მხარდაჭერილი რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი უკვე თქვა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 9 აგვისტოს. თავისი გადაწყვეტილების დასასაბუთებლად კი ორი არგუმენტი მოიყვანა:

რეფერენდუმის შესახებ საქართველოს კანონით რეფერენდუმი ტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. საქართველოში რეფერენდუმი ბოლოს 2003 წელს ჩატარდა, რომლის საფუძველზეც შეიცვალა პარლამანეტის წევრთა რაოდენობა 150–მდე. მაშინ, მართალია, საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებზე საქართველო ვერ ავრცელებდა იურისდიქციას, თუმცა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა 2008 წლის აგვისტოში და ამის შემდეგ აღიარა ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახით. ხოლო იმ რეალობაში, სადაც რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული, მარგველაშვილის თქმით, რეფერენდუმის ჩატარება დამატებით არგუმენტებს აძლევს ოკუპანტს.

მეორე არგუმენტი, რის გამოც პრეზიდენტმა არ დანიშნა რეფერენდუმი, არის ის გარემოება, რომ კანონმდებლობა კრძალავს კანონის ან კონსტიტუციური ცვლილების რეფერენდუმით მიღებას.

სარეფერენდუმო წინადადება, რომელიც ცესკომ 12 ივნისს გაატარა რეგისტრაციაში, შემდეგნაირად იყო ჩამოყალიბებული: „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“ სოსო მანჯავიძის ცნობით, პლებისციტის წინადადებაც ზუსტად ამავე ფორმულირების იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი