ახალი ამბები

ზვიად ქორიძე „ტელეარხ 25“-ს თვითრეგულირების ორგანოში უჩივის

19 მარტი, 2012 • 1268
ზვიად ქორიძე „ტელეარხ 25“-ს თვითრეგულირების ორგანოში უჩივის

ჟურანლისტმა ზვიად ქორიძემ დღეს „ტელეარხ 25“-ის თვითრეგულირების ორგანოში საჩივარი შეიტანა. ზვიად ქორიძე საჩივრით ითხოვს, ტელეკომპანია „25-ე არხმა“ საკუთარ ეთერში მიუთითოს, რომ ინტერნეტ-ტელევიზია „ობიქტივის“ 9 მარტის გადაცემით დაირღვა „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-17 მუხლით დადგენილი სტანდარტი.

„ობიქტივის“ 9 მარტის გადაცემა, რომელიც „ტელეარხ 25“-ის ეთერში გადაიცა, ეძღვნებოდა ბათუმში ე.წ. „აზიზიეს მეჩეთის“ მშენებლობის საკითხს და ქ. ბათუმის „პრესკაფეში“ ამავე თემაზე გამართულ დისკუსიას. საჩივრის ავტორი „ტელეარხ 25“-ისგან ეთერში გასული მოსაზრებების უარყოფას ითხოვს.

საჩივრის ავტორის აზრით, ამ გადაცემაში კანონის შემდეგი მოთხოვნები დაირღვა: „საზოგადოებას არ მიეწოდა მოსაზრებათა ფართო სპექტრი; მოხდა მოსაზრებების არასწორი ინტერპრეტირება; საავტორო პროგრამის წამყვანი გამოხატავდა საკუთარ მოსაზრებას, რითიც ხელყო პროგრამის მიუკერძოებლობა“.

საჩივრის ავტორი წერს: „გადაცემაში მე, ზვიად ქორიძე, არაერთხელ მომიხსენიეს როგორც ამ დისკუსიის მონაწილე და ორგანიზატორი…“ საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ამ დისკუსიის ორგანიზატორი „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ იყო და არა თვითონ, როგორც ეს „ობიექტივში“ გადასცა.

ზვიად ქორიძე საჩივარში წერს, რომ ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა პირდაპირ ეთერში მას რამდენჯერმე მიმართა: „ის… აცხადებს, რომ ამ დისკუსიაში საუბარი იყო „მათზეც“ (სავარაუდოდ „ობიქტივზე“) და მხოლოდ ეს ჰქონდა მხედველობაში, როცა აღინიშნა, რომ ხელისუფლება გააქტიურდა. ანუ ამ შემთხვევაში ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მე ხელისუფლების ინტერესებს ვატარებდი.

წამყვანმა ისევ ამოჭრილად და კონტექსტის დარღვევით მოახდინა ჩემი მოსაზრებების ციტირება: „ცალკეული მეჩეთის აშენებით თურქეთი ვერ განახორციელებს ექსპანსიურ პოლიტიკას“, რასაც თან მოჰყვა წამყვანისა და გადაცემის სტუმრის (სოსო მანჯავიძე) განმარტება, რომ ეს არის ბრძოლა “ფასეულობებსა და ფასეულობის არქონას შორის“. აქვე განაცხადა ბატონმა მანჯავიძემ, რომ იგი ასეთ ლიბერალებს „ლიბერასტებს“ და „მანქურთებს“ ეძახის… ხოლო გადაცემის წამყვანი, იმის ნაცვლად, რომ შეინარჩუნოს მიუკერძობლოება და ობიექტურობა, აძლიერებს ამ სუბიექტურ შეფასებებს“.

საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ წამყვანის მიკერძოება ვლინდება სატელეფონო ზარების დროსაც. „ის (წამყვანი) არა თუ ემიჯნება მაყურებელთა სუბიექტურ პოზიციას, საკუთარი შეფასებებით ეთანხმება და ამძაფრებს უარყოფითი შეფასებების მუხტს“.

ზვიად ქორიძე თავის საჩივარში იმასაც ასაბუთებს, თუ რატომ უჩივის ტელეარხ 25-ს და არა „ობიექტივს“: „მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია „25-ე არხი“ არ აწარმოებს და მხოლოდ ეთერში უშვებს ინტერნეტ-ტელევიზია „ობიექტივის“ გადაცემას, აღნიშულ გადაცემაში ქცევის სტანდარტების დარღვევაზე პასუხისმგებელი არის ტელეკომპანია „25-ე არხი“, რადგან „ობიექტივის“ გადაცემა წარმოადგენს თქვენი ტელეკომპანიის მიერ გამოქვეყნებულ მასალას და, შესაბამისად, გამოქვეყნებულ მასალაზეც პასუხისმგებლობასაც სრულად იზიარებთ.

„ტელეარხ 25“-ის ხელმძღვანელმა გია სურმანიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ საჩივრის თაობაზე კონსულტაციებს იურისტებთან გაივლის. გარდა ამისა, უახლოეს დღეებში ზვიად ქორიძისა და ირმა ინაშვილის პირდაპირ ეთერში მიწვევას აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი