ახალი ამბები

წყლადიდობის შემდეგ პირველად თბილისის ზოოპარკში 3 თეთრი ბოკვერი დაიბადა

2 აგვისტო, 2016 • 2251
წყლადიდობის შემდეგ პირველად თბილისის ზოოპარკში  3 თეთრი ბოკვერი დაიბადა

თბილისის ზოოპარკში  თეთრი ლომის სამი ბოკვერი დაიბადა. ზოოპარკის ცნობით, ლომები 13 ივნისის სტიქიის შემდეგ პირველად დაიბადნენ.

” და აი, ის დიადი დღეც დადგა, როცა ჩვენი შუმბას და-ძმების დაბადება უნდა გახაროთ!    წყლადიდობის შემდეგ თბილისის ზოოპარკში პირველად გაგვიჩნდა ლომები!   თეთრი ლომები! 3 ცალი! 3 სიღუნღულე! 3 ბუთხუზა ბოკვერი!

კლეოპატრას მშობიარობა გაურთულდა, კარგა ხანს გვანერვიულა. თანაც, ლომის მშობიარობა ხუმრობა საქმე ხომ არაა – ვერც ბებიაქალს მიახმარებ, ვერც აუხსნი, როდის რა გააკეთოს, ვერც პატარების გამოსაყვანად შეხვალ… მშობიარობა მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელდა. ბოლოს ჩვენმა ვეტექიმებმა იყოჩაღეს და აგერ – შედეგიც სახეზეა. კლეოპატრაც და ბოკვერებიც კარგად გრძნობენ თავს. დედა მონდომებით იცავს შვილებს. ვოლიერს რომ უახლოვდები, ქუხს და გრგვინავს გალომებული (აფთარი რომ ყოფილიყო, გააფთრებულს დავწერდით). ისინი კიდევ, ციცქნები, დაღოღავენ დედის უკან და პატარა პირებს სასაცილოდ აფჩენენ დამთქნარებისას.

ამჟამად დახურულ ვოლიერში იმყოფებიან. ალბათ რამდენიმე დღეში დედა ბავშვებს გარეთაც გამოიყვანს სასეირნოდ და მერე ყველას გექნებათ მათი მონახულების შესაძლებლობა.  მანამდე კი ამ ფოტოებით დატკბით და გაიზიარეთ ჩვენი სამმაგი სიხარული,” – წერია თბილისის ზოოპარკის ფეისბუკ ქგვერზე.

თეთრი ლომის ბოვკერები

მასალების გადაბეჭდვის წესი