ახალი ამბები

რა სარგებელს მოუტანს შოთა მალაშხიას პარტიასთან ბლოკის შექმნა ენმ–ს

29 ივლისი, 2016 • 3139
რა სარგებელს მოუტანს შოთა მალაშხიას პარტიასთან ბლოკის შექმნა ენმ–ს

იმ შემთხვევაში, თუ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ისევ შექმნის საარჩევნო ბლოკს შოთა მალაშხიას “ქრისტიან–კონსერვატიულ პარტიასთან”, იგი შეიძლება ითქვას გაიორმაგებს იმ ბენეფიტებს, რაც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისთვისაა გათვალისწინებული.

შოთა მალაშხიამ დღეს, 29 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში პარტიის წარსულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

“ქრისტიან-კონსერვატიული” პარტია 2004 წლიდან კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია. პარტია არჩევნებში “ნაციონალურ მოძრაობასთან” ბლოკში მონაწილეობდა, შესაბამისდ კანონის თანახმად ფინანსდება სახელმწიფო ბიუეჯტიდან, ეკუთვნის უფასო სარეკლამო დრო, ასევე საარჩევნო უბანსა და ოლქში წარმომადგენლის ყოლის უფლება აქვს.

ცესკო მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, “ქრისტიან-კონსერვატორებს” საარჩევნო უბნებსა და ოლქებში წარმომადგენლის ხელფასის ანაზღაურებისთვის  380 950 ლარი აქვთ გამოყოფილი, ასევე წლიური დაფინანსების სახით გამოყოფილი აქვთ 598 697 ლარი, ხოლო ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან წლიურად  236 726 ლარს იღებენ.

გარდა ამისა, როგორც საარჩევნო ბლოკს  “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქრისტიან-კონსერვატორებს” საარჩევნო რეკლამისთვის გამოუყვეს საერთო თანხა 600 000 ლარის ოდენობით.

თუმცა, აუდიტის სამსახურის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს “ქრისტიან-კონსერვატორების” ფაქტობრივი შემოსავალი 720 291 ლარი იყო.

შოთა მალაშხია განმარტავს, რომ პარტიის იდეოლოგია და ძირითადი საპროგრამო პუნქტები მიესადაგება ევროპის მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების ფუძემდებლურ დებულებებს, თუმცა დღევანდელ ბრიფინგზე ეს პროგრამა არ წარმოუდგენია. პარტიის საკვანძო ღირებულებებია: თავისუფლება, ოჯახი, მცირე მთავრობა, დაბალი გადასახადები, საშუალო ფენაზე ორიენტირებული საფინანსო-ფისკალური პოლიტიკა, კანონი და წესრიგი, ხოლო საგარეო პოლიტიკის პრიორიტები ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაა. ასევე, პერსპექტივაში კავკასიის ევროკავშირის მსგავს გაერთიანებად ჩამოყალიბება.

“ქრისტიან-კონსერვატორების” საარჩევნო სლოგანი შემდეგნაირად ჟღერს: “მიიღე გადაწყვეტილება, ეს შენი ქვეყანაა”, ხოლო პარტიის დევიზია ” როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა.”

უცნობია, რა ფორმით მიიღებენ მონაწილეობას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში  “ქრისტიან კონსერვატორები”:

“ჩვენ საკითხს ვსვამთ ასე, არჩევნების წინ მნიშვნელოვანია ის საკითხები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, თუ სხვა საკითხები იქნება მნიშვნელოვანი? მაგალითად, ეს ხელისუფლება როგორ იქნეს ჩამოშორებული. თუ ეს საკითხები იქნება პრიორიტეტული, მაშინ ყველანაირ ბლოკში შეიძლება მოვიაზრებოდეთ და თუ ისედაც შეიძლება ამ პრობლემის დაძლევა[ხელისუფლების შეცვლა], მაშინ ჩვენს პროგრამასაც ვთავაზობთ. საარჩევნო ბლოკის შექმნისთვის დრო ჯერ კიდევ არის,” – ამბობს მალაშხია და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას აგვისტოს ბოლოს მიიღებენ.

შოთა მალაშხია განხორციელებული აქტივობებისა და პარტიის ინტერესში შემავალი საკითხების კონტექტში,  საუბრობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ მომზადებულ პროგრამაზე, ასევე ოკუპაციის თემაზე მომზადებულ დოკუმენტურ ფილმებზე:

“ამ პროგრამის განხილვა აქტიურად მიმდინარეობდა 2004 წლიდან. პროგრამის საფუძველზე მე გავხდი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე და ამ პროგრამის განხორციელებაზე მუშაობა გააქტიურდა. ამის შემდეგ იყო 2008 წლის ომი და ჩვენ შევქმენით 17 დოკუმენტური ფილმი, რომელიც ეხებოდა როგორც ფაშისტურ ოკუპაციას, ისე საბჭოთა ოკუპაციას. ამ ფილმების ყურებადობა ძალიან მაღალია უკრაინაში, ამ ფილმებს 8,6 მილიონმა ადამიანმა უყურა,” – ამბობს მალაშხია და განმარტავს, რომ კონფლიქტების ანატომიაზე ფილმების გადაღებას კიდევ აპირებს.

შოთა მალაშხიას მტკიცებით, ის “ნაციონალური მოძრაობის” წევრი არასოდეს ყოფილა. თუმცა,  2013 წელს ის ამ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის შესარჩევ შიდა პრაიმერში მონაწილეობდა:

“კანდიდატის დასახელების უფლება ჰქონდა ფრაქცია “ნაციონალების” დეპუტატებს. ეს აჩვენებს სხვა პარტიის წევრს რამხელა წონა ჰქონდა და მოვხვდი იმ  ადამიანებში, ვინც პარტიულმა ელიტამ და დეპუტატებმა დაასახელეს კანდიდატად. ფიზიკურად ვერ ვიქნებოდი ამ პარტიის წევრი, რადგან სხვა პარტიის თავმჯდომარე ვიყავი,” – ამტკიცებს მალაშხია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი