ნიკა გვარამიას განცხადებით, პარტია „ახალი“, რომელიც ნიკა მელიასთან ერთად დააფუძნა, იდეოლოგიურად ცენტრისტულია, თუმცა, მარჯვნივ გადახრილი.
ამის შესახებ მან 12 მარტს, „მთავარ არხზე“, ეკა კვესიტაძის „განსხვავებულ აქცენტებში“ ისაუბრა.
როგორც გვარამიამ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობისგან“ მათი პარტიის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულება არაა.
„ნაციონალური მოძრაობისგან“ იდეოლოგიური განსხვავების მთავარი განმაპირობებელი არ არის ის, თუ რა დამოკიდებულება მაქვს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთ წევრთან და ლიდერთან შედარებითაც ბევრად უფრო მკაფიო დამოკიდებულება მაქვს. ჩემი მეგობარია და მიმაჩნია, რომ ის არის ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პოლიტიკოსი, ბევრისგან განსხვავებით, ვინც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფლაგმანია, რომლებიც მის ჩამოხრჩობას ითხოვდნენ…
იდეოლოგიური განსხვავება სხვა რამეშია. ჩვენ ვართ ოდნავ მარჯვნივ, მაგრამ ცენტრისტული პარტია. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ წუთში არის ღრმად მემარცხენე პარტია,
ძალიან შორს, სიღრმეში შესული მარცხნივ — ფასებზე, პენსიებზე, კარაქის შეკვრაზე და ლიტრობით ბენზინის დაკარგვაზე… კი არ დავცინი, ვყვები. პირდაპირ მემარცხენე კურსია აღებული. ეს პარტია EPP-ის (ევროპის სახალხო პარტიის) წევრია, მემარჯვენე პარტიების ალიანსის, მაგრამ ვხედავთ შინაარსს, ლეიბორისტული პარტიის ნიშაზე ზის დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, — განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გვარამიას თქმით, არსებობს სფეროები, სადაც მემარცხენე პოლიტიკას ემხრობა.
„არსებობს სფეროები, სადაც იდეოლოგიურად ცენტრიდან ოდნავ მარცხნივ უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფო, რადგან ეს სფეროები იმსახურებს პროტექციონიზმს. ეს არის განათლება და სოციალური უზრუნველყოფა ყველა შემთხვევაში, მაგრამ ჯანდაცვის კუთხით მგონია, რომ მარჯვენა პოზიცია უფრო სწორია, ბიზნესის რეგულირების კუთხით… მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ რაზე დგას იდეოლოგიურად, არ ვიცი. ვიცოდი, როცა მე ხელისუფლებაში ვიყავი და ამ გუნდის წევრი ვიყავი“, — განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ამასთან, გვარამიას თქმით, არ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ იდენტობა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე გადიოდეს.
„მიშა სააკაშვილზე როგორ შეიძლება გადიოდეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იდეოლოგიური განსხვავება? თუ „ნაცების“ პარტიის იდენტობა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილია, ეს მათთვის ძალიან დიდი პრობლემაა. მიშა სააკაშვილს არ სჭირდება პარტია იმისთვის, რომ იდენტობა შექმნას. ეს იდენტობა არსებობს და მას აქვს ეს იდენტობა. პარტია ხომ იმისთვის არსებობს, რომ რაღაც დაამატოს ამ იდენტობას, თავის ნიშა ხომ უნდა ჰქონდეს? ყველა დანარჩენი ცვლადია და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის დანარჩენი?“, — განაცხადა ნიკა გვარამიამ.