ახალი ამბები

თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელ მდივნად თამარ კეკენაძე დაინიშნა

23 ივლისი, 2016 • 2576
თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელ მდივნად თამარ კეკენაძე დაინიშნა

დღეს, 23 ივლისს, თავისუფალი დემოკრატების ახალმა გამგეობამ აღმასრულებელი მდივანის თანამდებობაზე თამარ კეკენაძე აირჩია. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თამარ კეკენაძე ირაკლი ალასანიამ წარადგინა.

თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე, ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ თამარ კეკენაძე ყველგან საუკეთესო იყო. პარტიის ლიდერი დარწმუნებულია, რომ ახალი აღმასრულებელი მდივანი მათი მიზნების მიღწევაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

“თამარი კოორდინაციას გაუწევს პარტიის რეგიონალური, საქალაქო და რაიონული ორგანიზაციების საქმიანობას. თამარი თავისუფალ დემოკრატებს 2015 წელს შემოურთდა და რეგიონებში ჩვენი პარტიის გაძლიერება, განახლება ჩაბარდა. თამარი გავიცანი, როდესაც თავდაცვის სამინისტროში მივედი. ის 2012-2015 წლებში გახლდათ თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამოქალაქო წარმომადგენელი ნატოსა და ევროკავშირში. საჯარო სამსახურს მიღმა, თამარს ასევე აქვს ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება, გავლილი აქვს პრაქტიკა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, პოტტერინგის კაბინეტში და ევროპის მასშტაბით წლების განმავლობაში მუშაობდა ახალგაზრდების ინტერესების დამცველად. მინდა აღვნიშნო, რომ თამარი ერთადერთი ქართველია, რომელსაც 2008 წელს,ევროპული ღირებულებების გავრცელებისათვის მიენიჭა “წლის ახალგაზრდა ევროპელის” სტატუსი,” – განაცხადა ირაკლი ალასანიამ თამარ კეკენაძის წარდგენისას.

ირაკლი ალასანიამ პარტიის ახალი აღმასრულებელი მდივანი წარადგინა, ფოტო: თავისუფალი დემოკრატები

ირაკლი ალასანიამ პარტიის ახალი აღმასრულებელი მდივანი წარადგინა, ფოტო: თავისუფალი დემოკრატები

თამარ კეკენაძემ მადლობა გადაუხადა თავისუფალი დემოკრატების გამგეობას გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ მისი პირველი და მთავარი ამოცანა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება იქნება:

“მაშინ, როდესაც თავდაცვის სამინისტროს 5 უდანაშაულო ადამიანი დააკავეს და ირაკლი ალასანიამ დატოვა თანამდეობა, მე მივიღე ნატოდან და თავდაცვის სამინისტროდან წამოსვლის გადაწყვეტილება. თავდაცვის სამინისტროში 5 წელი ვიმუშავე. ყველა იმ მნიშვლეოვანი და მტკივნეული რეფორმის განხორციელბა, რამაც ჩვენი ქვეყანის ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ახალ საფეხურზე გადაიყვანა, სწორედ ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდში შევძელით. ამიტომ მივიღე თავისუფალ დემოკრატებში გაწევრიანების გადაწყვეტილება, ჩავთვალე რომ, ეს ის გუნდია, რომელთან ერთადაც საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნა რეალური და მართლაც განხორციელებადი იქნებოდა. რადგან პირველად მეძლევა ამ საკითხზე საუბრის შესაძლებლობა, მინდა ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ სწორედ იმ 5 უდანაშაულო ადამიანის, მაღალი რანგის პროფესიონალების დამსახურებით შეძლო თავდაცვის სამინისტრომ და საქართველომ თავდაცვის შესყიდვების სისტემის რეფორმირება, რაც ნატოში ინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემურ საკითხად ითვლებოდა წლების განმავლობაში. საქართველოში დაბრუნებისთანავე, ირაკლი ალასანიასთან ერთად მოვიარე მთელი საქართველო და თავიდან გავეცანი, თუ რა მძიმე რეალობაში ვცხოვრობთ დღეს. თითოეული ის ადამიანი, რომელსაც ამ პერიოდის განმავლობაში შევხვდი, იმსახურებს უკეთეს ცხოვრებას. ჩემი, როგორც თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელი მდივნის, პირველი ამოცანა იქნება 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს უკეთესს და თავისუფალი დემოკრატები ვართ ის გუნდი, ვისაც გვაქვს ძალა, პროფესიონალიზმი და ამბიცია, შევქმნათ უკეთესი ცხოვრება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის.”

მასალების გადაბეჭდვის წესი