ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი გერმანიას თანაგრძნობას უცხადებენ

23 ივლისი, 2016 • 1402
საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი გერმანიას თანაგრძნობას უცხადებენ

22 ივლისს მიუნხენში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურნენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. გიორგი მარგველაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი თანაგრძნობას უცხადებენ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და სოლიდარობას გამოხატავენ გერმანელი ერის მიმართ.

“ძლიერ შეძრწუნებული ვარ მიუნხენში მომხდარი საზარელი ტერორისტული აქტის გამო, რომელმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ეს ჩვენი საერთო ღირებულებების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სისასტიკეა, რომელსაც ჩვენი ერთობით უნდა ვუპასუხოთ. ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ გერმანელ ერს და ვუთანაგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს,” – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

“მწუხარებას გამოვთქვამ მიუნხენში მომხდარი ტერაქტის გამო. ტერორისტთა ტყვიებს კვლავ უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, გერმანელ ხალხსა და გერმანიის მთავრობას მომხდარი ტრაგედიის გამო. გამძლეობასა და სიმტკიცეს ვუსურვებ მათ ამ მძიმე წუთებში. მიუნხენის ტრაგედია მორიგი სიგნალია, რომ ყველას ერთად მეტი აქტიურობა და მოქმედება გვმართებს ამ სისასტიკის შესაჩერებლად,” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მიუნხენის პოლიციის ინფორმაციით, 22 ივლისს სავაჭრო ცენტრში განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, არიან დაშავებულები. ბიბისის ცნობით, გერმანიის პოლიციამ თავდასხმა უკვე შეაფასა, როგორც ტერორი. გერმანიის პოლიცია სულ ცოტა სამ თავდასხმელის დასაკავებლად ძებნის მასშტაბურ ოპერაციას ატარებს.

თვითმხილველების თქმით, სამმა თავდამსხმელმა სავაჭრო ცენტრში ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:00 საათზე დაიწყო სროლა . გერმანული მედიის ცნობით, სროლები იყო როგორც სავაჭრო ცენტრში, ასევე შენობის წინ. მიუნხენში სანაგებო ვითარებაა გამოცხადებული – შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. პოლიცია მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. ბიბისის ინფორმაციით, ჩეხეთმა გერმანიის საზღვართან უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი