ახალი ამბები

სლუცკი: გიგი წერეთელი ენმ-ში უფრო კონსტრუქციულია, ვიდრე ბევრი მისი კოლეგა

1 ივლისი, 2016 • 1593
სლუცკი: გიგი წერეთელი ენმ-ში უფრო კონსტრუქციულია, ვიდრე ბევრი მისი კოლეგა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი ლეონიდ სლუცკი იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც რუსეთის დელეგაცია გიგი წერეთლისთვის მხარდაჭერას გეგმავს. წერეთელი ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატია ევროპის სახალხო პარტიიდან. ასამბლეის 25-ე სესია, რომლის განმავლობაშიც ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიონ, 1-5 ივლისს თბილისში ტარდება.

“ჩვენ სტუმრად ვიმყოფებით, ამიტომ მზად ვართ დავუჭიროთ მხარი ბატონ წერეთლის კანდიდატურას. ბატონი წერეთელი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ბევრად უფრო კონსტრუქციული ადამიანია, ვიდრე მისი კოლეგები. ამიტომ ჩვენ ამას ვუდგებით კონსტრუქციულად და არა ისე მარგინალურად, როგორც ამას ბევრი ელოდება ჩვენგან საქართველოში”, – განუცხადა ჟურნალისტებს სლუცკიმ დღეს, 1 ივლისს, სესიის გახსნამდე.

მისი თქმით, გიგი წერეთელი, როგორც ქართველი პოლიტიკოსი, ყოველთვის დაიცავს საქართველოს ინტერესებს, მაგრამ ახლო მომავალში “რუსეთის და საქართველოს ინტერესები  აღარ იქნება ერთმანეთან ისე მკვეთრად დაპირისპირებული, როგორც ამას ბევრი ანტირუსული ძალა ელის, მათ შორის საქართველოში”.

“მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა უფრო მეტი კონსტრუქტივიზმი და თანხვედრა გვექნება”.

რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ჟურნალისტის რემარკას იმის შესახებ, რომ რუსეთის საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, დეპუტატმა არ უპასუხა და თქვა, რომ ეს ცალკე განხილვის თემაა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი