ახალი ამბები

OSCEPA-მ საქართველოში კონფლიქტის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

5 ივლისი, 2016 • 1243
OSCEPA-მ საქართველოში კონფლიქტის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია “კონფლიქტი საქართველოში”, რომელიც გმობს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

რეზოლუციაში, რომლის ავტორია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, დაგმობილია რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებები საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში და მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტონ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

რეზოლუცია მოუწოდებს ეუთოს, გააორმაგოს ძალისხმევა, რათა გაძლიერდეს ორგანიზაციის ჩართულობა საქართველოში, გაზარდოს მისი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის, ხელი შეუწყოს შერიგების პროცესს ადგილზე ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებით.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო თბილისის დეკლარაცია, რომელიც ეხება საკვანძო საკითხებს პოლიტიკისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, გარემოს დაცვის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ სფეროებში.

ამას გარდა, საპარლამენტო ასამბლეამ თბილისში რამდენიმე მიმართულებით გასცა რეკომენდაციები, მათ შორისაა ტერორიზმის საკითხი, კრიზისი უკრაინაში, მიგრაცია და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ 1 ივლისიდან თბილისში, საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” ტერიტორიაზე, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) საპარლამენტო ასამბლეის საიუბილეო, 25-ე ყოველწლიური სესია “25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით” გაიხსნა, რომელიც 5 ივლისს დაიხურება. OSCEPA აერთიანებს 323 პარლამენტარს 57 ქვეყნიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი