ახალი ამბები

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად კრისტინა მუტონენი აირჩიეს

5 ივლისი, 2016 • 1465
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად კრისტინა მუტონენი აირჩიეს

დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მეორე ტურის შედეგად აირჩიეს და ეს პოსტი ავსტრიელმა ვიცეპრეზიდენტმა კრისტინა მუტონენმა დაიკავა.

მეორე ტურის დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც აბსოლუტური უმრავლესობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა. პირველ ტურში სამი კანდიდატი მონაწილეობდა, ხოლო მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდა ქართველი და ავსტრიელი ვიცეპრეზიდენტები- გიგი წერეთელი და კრიტინა მუტონენი. შედეგად, მუტონენმა მიიღო 86 ხმა, ხოლო წერეთელმა- 73 ხმა.

საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები მხარს არ უჭერდნენ ქართველ კანდიდატს იმ მოტივით, რომ იგი არის ოპოზიციური და ყოფილი სახელისუფლებო პარტიის – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა მას მხარდაჭერა გამოუცხადა.

გიგი წერეთლის კანდიდატურა წარადგინა ევროპის სახალხო პარტიამ (EPP), რომლის წევრია ენმ, ხოლო კრისტინა მუტონენის კანდიდატურას მხარს უჭერდნენ “სოციალ-დემოკრატები” (S&D), რომელთანაც აფილირებულია “ქართული ოცნება”, ასევე – “ევროპის ლიბერალ-დემოკრატები” (ALDE), რომელთა წევრია რესპუბლიკელები.

შეგახსენებთ, რომ 1 ივლისიდან თბილისში, საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” ტერიტორიაზე, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) საპარლამენტო ასამბლეის საიუბილეო, 25-ე ყოველწლიური სესია “25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით” გაიხსნა, რომელიც 5 ივლისს დაიხურება. OSCEPA აერთიანებს 323 პარლამენტარს 57 ქვეყნიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი