პრემეირი: ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება აუცილებლად უნდა აღვადგინოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში უნდა აღდგეს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება, თუმცა იმ სახით, რომ გამორიცხული იყოს კორუფცია.

ეს განცხადება მან შვეიცარიაში ჟურნალისტებთან საუბრისას საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) კვლევასთან დაკავშირებით გააკეთა. ამ კვლევის თანახმად, 2012 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ყოველ 100 000 ადამიანზე ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეული დაავადებებით მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება.

საქართველოში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის ასეთ მაღალ მაჩვენებელს ჰაერის ხარისხის ექსპერტი ტიმ კოვაჩი სხვადასხვა ფაქტორს უკავშირებს, მათ შორის, ავტომობილების ტექდათვალიერების არარსებობას.

“ძალიან არასახარბიელო სიტუაციაა ამ კუთხით და ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული საქართველოში ტექნიკული დათვალიერების მთლიანად გაუქმების თაობაზე, ეს იყო წლების წინ მიღებული გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ იყო აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილება. იმის მაგიერ, რომ ჩვენ დაგვეხვეწა რეგულაციები, რომელიც არსებობდა ამ კუთხით და ტექნიკურად მოგვეწესრიგებინა, რომ არ ჰქონოდა ამას მახინჯი ფორმა და მართლაც ჰქონდა მახინჯი ფორმა წარსულში, ჩვენ საერთოდ გავაუქმეთ ტექნიკური დათვალიერება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა აღვადგინოთ, მაგრამ საუკეთესო ევროპული პრაქტიკით. ჩვენ გვაქვს გეგმები, რომ მოვიწვიოთ საერთაშორისო კომპანიები, რათა სწორი სისტემა ჩამოვაყალიბოთ, გამოვრიცხოთ კორუფცია ამ სისტემაში და იყოს ხელმისაწვდომი, რაც ყველაზე მთავარია, იმიტომ, რომ დღეს ჩვენი ბავშვები ავადდებიან და ბავშვთა ასაკში არის სიმსივნის მაჩვენებელი ძალიან მაღალი საქართველოში,”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

manifest.ge-ზე გროვდება ხელმოწერები საქართველოში ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღების მოთხოვნით. რამდენიმე საათში პეტიციას ხელი 700-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი