ახალი ამბები

რატომ დატოვა მანუჩარ მაჩაიძემ “პატრიოტთა ალიანსი”

15 ივნისი, 2016 • 2001
რატომ დატოვა მანუჩარ მაჩაიძემ “პატრიოტთა ალიანსი”

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა და პოლიტსაბჭოს წევრმა, მანუჩარ მაჩაიძემ „საქართველოს პატიოტთა ალიანსი“ დატოვა. მისი თქმით, პარტიის დატოვების მიზეზი ნიკოლოზ რამიშვილის პარტიულ (საარჩევნო) სიაში მოხვედრა გახდა. მაჩაიძე საკრებულოში საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს.

“ჩემთვის ძალიან საჩოთირო საკითხი იყო შემდეგი:  როგორც მოგეხსენებათ, ასეთ დროს უთანხმოებები ხდება საარჩევნო სიებთან დაკავშირებით. საქართველოს პატრიოტთა ალიანსის პოლიტსაბჭომ მხარი დაუჭირა “ალიანსის” სიაში “რუსთავი 2-ის” ტელეწამყვანის, ქალბატონი დიანა ჯოჯუას მეუღლის, ბატონი ნიკოლოზ რამიშვილის შესვლას და თანხმობა განაცხადა ამასთან დაკავშირებით, რასაც მე ვერ დავეთანხმე”, – განაცხადა მაჩაიძემ.

მაჩაიძის თქმით, მან აქედან გამომდინარე მიიღო გადაწვეტულება:  “მინდა პირდაპირ განვაცხადო, რომ საქართველოს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან და მათ მეგობრებთან ერთ პარტიაში ვერ ვიქნები. ეს ჩემთვის ძალიან მიუღებელია. ამ საკითხს პარტიაში სხვაგვარად შეხედეს. აქედან გამომდინარე, იძულებული ვიყავი, დამეტოვებინა პარტია”, – ამბობს “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ყოფილი პოლიტიკური მდივანი.

ნიკოლოზ რამიშვილი საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატში  სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო. მაჩაიძის თქმით, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო სიაში ნიკოლოზ რამიშვილის შესვლას მხარი პოლიტსაბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა, მის გარდა.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა მანუჩარ მაჩაიძემ „საქართველოს პატიოტთა ალიანსი“ დატოვა. 15.06.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა მანუჩარ მაჩაიძემ „საქართველოს პატიოტთა ალიანსი“ დატოვა. 15.06.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“მე, მართალია, ამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ, მაგრამ ის ფაქტი, რომ ბატონი ნიკოლოზი არის მერაბიშვილის მეგობარი, არის ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ახლო მეგობარი, – მე ასეთ ხალხთან (მიუხედავად იმისა, რომ პირად შეურაცხყოფას არ ვაყენებ) პარტიაში ვერ ვიქნები. არ შემიძლია”.

აუდიტის სამსახურის მონაცემების მიხედვით,  მანუჩარ მაჩაიძემ “საქართველოს პატრიოტთა” ალიანსს 60 000 ლარი გადაურიცხა. “მე არ ვაპირებდი პატიოტთა ალიანსის დატოვებას”, – განაცხადა მაჩაიძემ დღევანდელ ბრიფინგზე და თქვა, რომ “შეცდომები ცხოვრებაში ხდება ხოლმე”.

8 ივნისს პატრიოტთა ალიანსის ოფისში 6 პარტიისაგან შემდგარი საარჩევნო ბლოკის პრეზენტაცია გაიმართა. ბლოკში შემდეგი პარტიები ერთიანდებიან:

  • დავით თარხან-მოურავი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი;
  • კონსტანტინე გამსახურდია – პარტია „თავისუფლება“;
  • კახა კუკავა – პარტია“თავისუფალი საქართველო“;
  • აკაკი ასათიანი – საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი;
  • გოჩა ჯოჯუა – პარტია „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“;
  • გია ბერძენიძე – ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა.

“ჯერჯერობით გამოკვეთილი გეგმა არა მაქვს, მაგრამ ვნახოთ, რას მოიტანს მომავალი. შეიძლება დამოუკიდებელ დეპუტატად ვიყარო კენჭო თბილისის რომელიმე რაიონში ან საქართველოს რომელიმე რეგიონში”, – განაცხადა მანუჩარ მაჩაიძემ 15 ივნისს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, თბილისის აკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით გააგრძელებს.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ჩვენ შევეცადეთ პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთ ლიდერთან, ირმა ინაშვილთან დაკავშირებას, თუმცა, როგორც მან გვიპასუხა, შეხვედრაზეა და მოგვიანებით გაგვესაუბრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი