ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია ”იგრიკას” ყიდულობს

18 იანვარი, 2012 • • 1180
ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია ”იგრიკას” ყიდულობს

 

ილია კიკაბიძე
ილია კიკაბიძე

შპს ”იგრიკას” მფლობელი და ”სტუდია მაესტროს” გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ტელეკომპანია ”იგრიკას” შესყიდვასთან დაკავშირებით. კიკაბიძის თქმით, კომპანიის 100%-იანი წილის ღირებულება დაახლოებით 20-30 ათასი ლარია.

 

როგორც ილია კიკაბიძე ამბობს, შპს ”იგრიკას” ამჟამად მხოლოდ სატელიტური და საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზია გააჩნია და კომპანია არანაირ უძრავ-მოძრავ ქონებას არ ფლობს. შესაბამისად, მისი საბაზრო ღირებულება აუდიტის შეფასების შედეგად დადგინდება, რომელიც, სავარაუდოდ, არ გადააჭარბებს 30 ათას ლარს.

შპს ”იგრიკამ” საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზია 2011 წლის 9 სექტემბერს მიიღო, ხოლო სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია – 23 დეკემბერს. შესაბამისად, კანონი ავალდებულებს, რომ ტელეარხი ეთერში 2012 წლის ზაფხულისთვის გავიდეს. 100%-იანი წილის გაყიდვამდე ”იგრიკა” მართვის უფლებით 2013 წლის ბოლომდე გადაეცა შპს ”აქცეპტს,” რომლის 80%-ის მფლბელიც ბიძინა ივანიშვილის ცოლი ეკატერინე ხვედელიძეა.

”თავდაპირველად ”იგრიკა” მართვის უფლებით გადავეცი ივანიშვილის კომპანიას, მაგრამ ეს იყო ნასყიდობასთან დაკავშირებული წინარე ხელშეკრულება. ანუ, ამით იმის თქმა მინდა, რომ ცოტა ხანში მთლიანად საკუთრებაში გადავცემ მთელ აქტივებს ”აქცეპტს” და შპს ”აქცეპტი” გააკეთებს ამ ლიცენზიის მიხედვით თავის  ტელეკომპანიას, როგორც საჭიროდ ჩათვლის, ისე და ამასთან მე არანაირი კავშირი არ მექნება,” – განუცხადა ”რეზონანსს” ილია კიკაბიძემ.

როგორც ”რეზონანსი” წერს, კიკაბიძემ ”იგრიკას” გაყიდვა იმიტომ გადაწყვიტა, რომ დღეს ტელეკომპანია ”მაესტროს” სატელიტზე მაუწყებლობის ლიცენზია აქვს, ილია კიკაბიძე კი ”იგრიკას” სამაუწყებლო ლიცენზიის მიღებიდან 10 თვის ვადაში ეთერში გასვლას ვერ შეძლებდა.

გაზეთ ”რეზონანსის” ცნობით, ”იგრიკა” მაუწყებლობას 2-3 თვეში დაიწყებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი