ე.წ. პირადი ცხოვრების ვიდეოების გავრცელების შემდეგ Vimeo-ს მთლიანი პლატფორმა დაბლოკეს

პოპულარული სოციალური ქსელი Vimeo სილქნეტის და კავკასუს ონლაინის მომხმარებლებისთვის საქართველოდან მიუწვდომელია. უცნობია, უკავშრდება თუ არა ვებგვერდის დაბლოკვა წუხელ ამ საიტზე ე.წ. პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელებას.

Screen Shot 2016-06-13 at 11.05.58 AM

სილქნეტსა და კავკასუსში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ვითარებაში გაერკვევიან და მოგვიანებით გვიპასუხებენ.

ე.წ. პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები vimeo-ს ვებგვერდიდან ფეისბუკზე გუშინ გავრცელდა, თუმცა ვიმეოზე მასალები 4 კვირის წინ იყო ატვირთული. ჯამში, ე.წ. პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები რამდენიმე ათასმა ადამინმა ნახა.  ვიმეოზე ვიდეოები ისე იყო ატვირთლი, რომ მათი ჩამოტვირთვა ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლო.

“გავრცელდა იგივე ვიდეოები, რომლებიც ადრე უკვე აიტვირთა ინტერნეტსივრცეში, ამიტომ საქართველოს პროკურატურა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებაზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით აგრძელებს”, – გვითხრეს მთავარ პროკურტაურაში. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიების ფარგლებში უკვე დაიკითხნენ მოწმეები, რომელთან პირად გვერდებზეც მასალა გავრცელდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კონკრეტული ვიდეომასალის ატვირთვის შემდეგ საქართველოში პროვაიდერების გავლით არა უშუალოდ ამ მასალის ლინკი, არამედ მთლიანი ონლაინ-პლატფორმა იბლოკება. ასე მოხდა Youtube-ს და ერთ-ერთი პორნოსაიტის შემთხვევაში. კიდევ უფრო ადრე რამდენიმე საათით დაბლოკილი იყო ვორდპრესი. ამას ვორდპრესის ერთ-ერთ საიტზე ISIS-თან აფილირებული ქართულენოვანი ვებგვერდის გაშვება უძღოდა წინ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com