ახალი ამბები

“ინფორმაციული უსაფრთხოების” კანონონპროექტი მასობრივი კონტროლის საშუალებას იძლევა – საია

13 იანვარი, 2020 • 1664
“ინფორმაციული უსაფრთხოების” კანონონპროექტი მასობრივი კონტროლის საშუალებას იძლევა – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განმარტებით, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მასობრივი კონტროლის საშუალებას იძლევა სახელმწიფოს მხრიდან. ამის შესახებ განცხადებას საია ავრცელებს.

საიას ინფორმაციით, პარლამენტს დასკვნა წარუდგინეს ირაკლი სესიაშვილის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე “ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

კანონპროექტის მიხევით, უნდა მოხდეს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების სამ კატეგორიად დაყოფა:

პირველ კატეგორიაში შევლენ საჯარო დაწესებულებები, მეორე კატეგორიაში – ინტერნეტ პროვაიდერები (მაგალითად: მაგთი, სილქნეტი), ხოლო მესამე კატეგორიაში – კერძო სამართლის იურიდიული პირები. ინიციატივის მიხედვით განსაზღვრულია, რომ პირველ და მეორე გატეგორიაზე ზედამხედველობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო განახორციელებს. რაც შეეხება მესამე კატეგორიას, მასზე ზედამხედველობას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტო ითავებს.

“ინიციატივის მიხედვით, ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს უჩნდება უფლებამოსილება, პირდაპირი წვდომა ჰქონდეს პირველი კატეგორიის სუბიექტების ინფორმაციასა და ინფორმაციულ აქტივზე, ასევე, ქსელურ სენსორებზე. რაც შეეხება მეორე კატეგორიას, სააგენტოს ენიჭება უფლებამოსილება, მოსთხოვოს ქსელური სენსორის დაყენება, ხოლო მასზე წვდომის უფლება პროვაიდერის თანხმობით ექნება.

მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი ქსელურ სენსორზე წვდომისათვის სუბიექტის (პროვაიდერის) თანხმობას ითხოვს, აღნიშნული შეიცავს რისკს, რომ სააგენტოს ექნება წვდომა, სენსორის მეშვეობით განახორციელოს მონიტორინგი, თუნდაც სახეზე არ იყოს პროვაიდერის თანხმობა. ქსელური სენსორის კონფიგურაციის წესს და იმას, თუ რა მოცულობის ინფორმაციაზე ექნება სააგენტოს წვდომა, განისაზღვრება მისი და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ერთობლივი ბრძანებით. გარდა ამისა, სააგენტოს შეუძლია მოსთხოვოს მეორე კატეგორიის სუბიექტს ინფორმაციასა და ინფორმაციულ აქტივზე წვდომა, ხოლო სუბიექტის თანხმობა აღნიშნულზე სავალდებულო არაა”, – წერია განცხადებაში.

საიას განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტი ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს საშუალებას მისცემს, ჰქონდეს პირდაპირი წვდომა საჯარო დაწესებულებების ინფორმაციაზე, მათ შორის, პირადი სახის ინფორმაციასა და ქსელურ სენსორებზე.

გარდა ამისა, “ინტერნეტ პროვაიდერების მეშვეობით გაცვლილ ინფორმაციაზე მას არაპირდაპირ ექნება წვდომა, რაც საშუალებას მისცემს სააგენტოს, გააკონტროლოს ინტერნეტში გასული ნებისმიერი ინფორმაცია.

საყურადღებოა ისიც, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვის პროცესი მიმდინარეობს არსებითი დარღვევებით, რადგან ითვალისწინებს ძირითად უფლებათა შეზღუდვის მნიშვნელოვან საფუძვლებს, ხოლო განხილვაში სავალდებულო კომიტეტის სახით არ მონაწილეობს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი”, – აცხადებს საია.

საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, საკანონმდებლო პროცესი წარმართოს ყველა შესაბამისი კომიტეტის ჩართულობით და არ დაუშვას კანონპროექტის მიღება შეთავაზებული ფორმით. ასევე, საიას განცხადებით, ისინი მოუწოდებენ პარლანეტს, რომ კანონპროექტის განხილვა მოხდეს მხოლოდ ფართო საზოგადოებრივი ჩართულობისა და დისკუსიის შედეგად.

მასალების გადაბეჭდვის წესი