ახალი ამბები

გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველო” [ვიდეო]

5 ივნისი, 2016 • 4140
გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველო” [ვიდეო]

5 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ პოლიტიკური პლატფორმის, “ახალი საქართველოს” დაფუძნების ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე დასასწრებად პარტიის მხარდამჭერები საქართვლოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდნენ და ყოფილი პარლამენტის შენობამდე მსვლელობით მივიდნენ.

მსვლელობა ცოტა ხნით შეფერხდა თბილისში მოსული ძლიერი სეტყვისა და წვიმის გამო, თუმცა პარტიის დამფუძნებელი ღონისძიება მაინც გაიმართა.

პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, მხარდამჭერებს პარტიის ხედვები გააცნო და თანაგუნდელები წარუდგინა.

თბილისში, პარლამენტის შენობასთან ახალი პარტიის, "ახალი საქართელოს" დაფუძნებისთვის ღონისძიება გაიმართა. პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მხარდამჭერებს საკუთარი გუნდის წევრები წარუდგინა 05.06.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თბილისში, პარლამენტის შენობასთან ახალი პარტიის, “ახალი საქართელოს” დაფუძნებისთვის ღონისძიება გაიმართა. პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მხარდამჭერებს საკუთარი გუნდის წევრები წარუდგინა 05.06.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

გურამ ჩალაგაშვილი – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე;

პაატა მანჯგალაძე – გურიის ყოფილი ვიცეგუბერნატორი;

ლევან ხაბეიშვილი – მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” დამფუძნებელი;

თეონა ჭალიძე – ისნის რაიონის ყოფილი გამგებელი;

გიგა გლუნჩაძე – მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” წარმომადგენელი;

სერგო ჩიხლაძე – ჯანდაცვის პოლიტიკის და მართვის სპეციალისტი.

“ჩვენ უკვე ათასობით ვართ. კახეთიდან და აჭარიდან, შიდა ქართლიდან და სამაჩაბლოდან, სამეგრელოდან და მესხეთ-ჯავახეთიდან, იმერეთიდან, აფხაზეთიდან და ქვემო ქართლიდან, გურიიდან და მცხეთა-მთიანეთიდან, სვანეთიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან და თბილისიდან, მოგესალმებით ყველას ერთად”, – ასე მიმართა ვაშაძემ თავის მხარდაჭერებს, რომლებსაც მადლობა გადაუხადა.

გიორგი ვაშაძემ ძირითადი აქცენტი სამუშაო ადგილების შექმნაზე, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და პროდასავლურ კურსზე გააკეთა:

“ახალი საქართველო – ეს არის ჩვენი წარსულის გამოცდილებაზე, ტრადიციებსა და კულტურაზე დაყრდნობილი სრულიად ახალი პერსპექტივა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ახალი საქართველო – ეს არის წარმატებული და ღირსეული ადამიანების ქვეყანა”, – განაცხადა ვაშაძემ.

პარტია "ახალი საქართველოს" წევრი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე - გურამ ჩალაგაშვილი 05.06.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ მარიამ ბოგვერაძე

პარტია “ახალი საქართველოს” წევრი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე – გურამ ჩალაგაშვილი 05.06.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ მარიამ ბოგვერაძე

მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, გურამ ჩალაგაშვილმაც:

“დღეს, მე, გიორგი და ჩვენი გუნდი ვზრუნავთ იმაზე, რომ თითოეულმა ახალგაზრდამ შეძლოს სრულფასოვანი განათლების მიღება, რომ ყველა პენსიონერმა მიიღოს დამსახურებული პენსია, რომელიც დამყარებული იქნება სტაჟზე და დამსახურებაზე. ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ იმას, რომ სიტყვა ეთნიკური უმცირესობა აღარ არსებობდეს საქართველოში. ვინაიდან ჩვენ, ყველანი ერთად, ჩვენს ქართველ აზერბაიჯანელ, ქართველ ებრაელ, ქართველ სომეხ, ქართველ ქურთ, ქართველ იეზიდ და, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვგეგმავთ, რომ ავაშენოთ ძალიან მაგარი ახალი საქართველო. ჩვენი მთავარი ამოცანა არის გაკეთდეს ძალიან ბევრი სიკეთე, შევიდეთ თითოეული ადამიანის სახლში, რომ გავიგოთ, რა არის მათი გასაჭირი” – განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა. 

პარტია”ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რამდენიმე კვირის წინ დატოვა. მისი თქმით, ამ პარტიას მართავს კულუარულად და კაბინეტურად რამდენიმე ადამიანი და მათ შორის დაასახელა გიგა ბოკერია, მიხეილ მაჭავარიანი, გოკა გაბაშვილი, დავით ბაქრაძე. ვაშაძემ დღეს ახალი სამოქალაქო პლატფორმა “ახალი საქართველო” დააფუძნა.

გიორგი ვაშაძე თავის ახალ გუნდთან ერთად აპირებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას. “ახალი საქართველო” მონაწილეობას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი