ახალი ამბები

რუსთავის 2-ის საქმის დაძაბული სხდომა სააპელაციო სასამართლოში [ვიდეო]

3 ივნისი, 2016 • 1630
რუსთავის 2-ის საქმის დაძაბული სხდომა სააპელაციო სასამართლოში [ვიდეო]

რუსთავი 2-ის საქმეზე დღეს, 3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართა მორიგი სხდომა, რომელიც საკმაოდ დაძაბულ ფონზე წარიმართა. პროცესზე მოსამართლეთა კოლეგიამ ჯერ ფინანსურად დააჯარიმა, ხოლო შემდეგ სხდომათა დარბაზიდან გააძევა რუსთავი 2-ის ორი ადვოკატი: დიტო საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილი.

პროცესი მოსამართლე ნათია გუჯაბიძის განცხადებით დაიწყო. იგი გამოეხმაურა მის შესახებ ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

ნათია გუჯაბიძემ თქვა, რომ არც პროკურატურაში და არც იუსტიციის საბჭოში მის მიმართ არანაირ დევნას ადგილი არ ჰქონია არც სამართლებრივი და არც დისციპლინარული წესით. მოსამართლის თქმით, ეს ბრალდებები მიმართულია როგორც მისი, ასევე სასამართლოს წინააღმდეგ, გავლენის მოხდენის თვალსაზრისით. მან თქვა, რომ მიუხედავად ემოციებისა, ეს ბრალდებები მასზე გავლენას ვერ მოახდენს და საბოლოო გადაწყვეტილებას კანონისა და სამართლის კარნახით მიიღებს.  თვითაცილება, რისი მოლოდინიც რუსთავი 2-ის მფლობელების ადვოკატებს ჰქონდათ, მან არ განახორციელა.
მოსამართლეებმა სხდომის დარბაზი დაატოვებინეს თამარ კინწურაშვილს, არასამთავრობო ორგანიზაცია მედიის განვითარების ფონდის წარმომადგენელს. ამას სხდომათა დარბაზში აუდიტორიის პროტესტი მოყვა. დარბაზი სხვა ადამიანებმაც დატოვეს. მოსამართლე ნათია გუჯაბიძის თქმით, მან გაიგო, როგორ თქვა კინწურაშვილმა სიტყვა სამარცხვინო და მისი ახსნა მოითხოვა. კინწურაშვილმა თქვა, რომ აპელანტ მხარეს არ ეძლეოდა პოზიციის დაფიქსირების უფლება.
რუსთავი 2-ის მხარემ  მოითხოვა სხდომაზე ტელეკომპანიის დირექტორის ნიკა გვარამიას დაშვება. მოსამართლე ნატა ნაზღაიძემ განაცხადა, რომ თუ გვარამიას პროცესზე დასწრება სურდა, მას თვითონ სხდომის დაწყებამდე წერილობით უნდა მიემართა სასამართლოსთვის. გვარამია მოსამართლეთა კოლეგიამ წინა სხდომაზე გააძევა.
რუსთავი 2-ის ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ მათ ხელთ ჰქონდათ წერილობითი მიმართვა. მოსამართლეებმა ეს არ გაითვალისწინეს. საძაგლიშვილმა მოითხოვა საპროცესო კოდექსის კონკრეტული მუხლის დასახელება, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ გვარამიას უშუალოდ თვითონ უნდა განეხორციელებინა წერილობითი მიმართვა სასამართლოს სხდომამდე. მოსამართლეებმა გვარამიას დაშვების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს. ადვოკატების თქმით, გვარამიას სხდომაზე დასწრება მნიშნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მას პასუხი უნდა გაეცა ნათია გუჯაბიძისთვის. ამის შემდეგ, საუბარი დაიწყო ძმები ყარამანიშვილების ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა. მისი თქმით, ის, რაზეც მოსამართლე გუჯაბიძე თავს იმართლებდა, რეალურად გვარამიას არ უთქვამს. მოსამართლე ნაზღაიძემ ბიბილაშვილს საუბარი გააწყვეტინა. რუსთავი 2-ის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა რამდენჯერმე სადა მოსამართლე გუჯაბიძის აცილების შუამდგომლობის დაყენება, თუმცა მოსამართლეებმა ამის საშუალება არ მისცეს და თქვეს, რომ ისინი ყველა შუამდგომლობას ხსნიდნენ, რადგან მხარე პროცესის გაჭიანურებას ცდილობდა. საბოლოო ჯამში, კამათის პროცესში მურადაშვილი დაჯარიმდა 300 ლარით, საძაგლიშვილი- 500 ლარით, ხოლო ტვ საქართველოს ადვოკატი დიმიტრი ძაგნიძე- 100 ლარით. საძაგლიშვილი და მურადაშვილი პროცესიდან გააძევეს, რის შემდეგდაც უშუალოდ ტელეკომპანია რუსთავი 2 სხდომაზე ადვოკატის გარეშე დარჩა. ზაზა ბიბილაშვილმა მოითხოვა სხდომის გადადება. მან მიუთითა საპროცესო კოდექსის 214-ე მუხლზე და თქვა, რომ როდესაც მხარეს სხდომაზე არც ერთი წარმომადგენელი არ ჰყავს, სხდომა უნდა გადაიდოს. მოსამართლე ნაზღაიძის თავდაპირველი რეპლიკა იყო: “ეს თქვენი პრობლემაა”, თუმცა ამის შემდეგ მოსამართლეებმა რამდენიმეწუთიანი თათბირი გამართეს და სხდომა არ გადადეს. მათი თქმით, დღეს იგეგმებოდა ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას შესაგებელი სიტყვა მოწინააღმდეგე მხარის აპელაციაზე, რომელიც ტელეკომპანიის წილებს ეხება და ამ ნაწილში რუსთავი 2 მხარეს არ წარმოადგენდა [მოსამართლეების განმარტებით, მხარეები იყვნენ მეწილეები], შესაბამისად, ტელეკომპანიის ადვოკატის სხდომაზე ყოფნა აუცილებელი არ იყო.

დღეს პაატა სალიამ თავისი შესაგებლის მხოლოდ ნაწილის წარმოთქმა მოასწრო. სხდომა სალიას სიტყვით 7 ივნისს გაგრძელდება.
აპელანტებისა და სალიას სამართლებრივი არგუმენტების შესახებ ვრცელი მასალა ნეტგაზეთზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი