ახალი ამბები

იან კელი: მთავრობას მოვუწოდებთ, კორცხელის ინციდენტი ბოლომდე გამოიძიოს

30 მაისი, 2016 • 1411
იან კელი: მთავრობას მოვუწოდებთ, კორცხელის ინციდენტი ბოლომდე გამოიძიოს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, იან კელი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ კორცხელში არჩევნების დღეს მომხდარი ინციდენტი ბოლომდე გამოიძიოს.

ეს განცხადება იან კელიმ სასტუმრო “რედისონში” ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

“ის, რაც კვირას მოხდა, არის სრულიად მიუღებელი დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ეს იყო პოლიტიკური ძალადობა, რაც მიუღებელია როგორც საერთოდ დემოკრატიული ქვეყისთვის, ასევე დემოკრატიული განვითარებისთვის ნებისმიერ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი, საარჩევნო წელს. სამართლიან საარჩევნო გარემოს ზიანს აყენებს ასეთი ინციდენტები. გვაქვს ურთიერთობა და საუბარი საქართველოს მთავრობასთან და მათ მოვუწოდებთ, რომ ეს ინციდენტი ბოლომდე იყოს გამოძიებული სწორედ იმისათვის, რომ პოლიტიკური ზეწოლას, პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონდეს. აქ იმასაც აღვნიშნავდი, აუცილებელია დიალოგი მხარეებს შორის, დიალოგი პარტიებს შორის, სწორედ ახლა, წინასაარჩევნო პერიოდში, იმისათვის, რათა ჩამოყალიბდეს პოლიტიკური ქცევის კოდექსი,”- განაცხადა იან კელიმ.

სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე 22 მაისს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს: ნიკა მელიას, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. არსებობს სხვადასხვა ტელევიზიის ვიდეომასალა, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების ფიზიკური შეურაცხყოფა არის ასახული.

ენმ-ს განცხადებით, თავდამსხმელები იყვნენ “ქართული ოცნების” ე.წ. ზონდერჯგუფის წევრი სპორტსმენები. მათ რამდენიმე პირი ამოიცნეს.

შსს-მ გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო (სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლი).

24 მაისს, ღამით ინციდენტის სავარაუდო მონაწილეები შსს-ში გამოცხადდნენ. მათ განაცხადეს, რომ დაკითხვაზე არ დაუბარებიათ და გადაწყვიტეს, ვითარების გასარკვევად თავად მისულიყვნენ. ეს პირები გამოძიებას არ დაუკავებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი