ახალი ამბები

რობი უილიამსის კონცერტის გამო თბილისის რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

27 მაისი, 2016 • 1619
რობი უილიამსის კონცერტის გამო თბილისის რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, 27 მაისს, 15:00 საათიდან, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და ავტოტრანსპორტის უსაფრთხოდ მოძრაობის მიზნით, ავტომანქანით გადაადგილება იკრძალება შემდეგ ქუჩებზე:

მტკვრის მარცხენა სანაპიროს და ცაბაძის ქუჩის კვეთიდან ცაბაძისა და თევდორე მღვდლის ქუჩების კვეთამდე (ცაბაძის ქუჩა სრულად დაიკეტება);

წერეთლის გამზირის დასაწყისიდან (N1-დან) ვახუშტის ქუჩის კვეთამდე;

გადაიკეტება დავით აღმაშენებლის გამზირი. კერძოდ, თამარ მეფის გამზირისა და დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთიდან – დავით აღმაშენებლის გამზირისა და ცაბაძის ქუჩის კვეთამდე;

ავტომანქანები ვერ იმოძრავებენ დავით ყიფიანისა და მეტრეველის ქუჩებზე;

სატრანსპორტო მოძრაობა იკრძალება თამარ მეფის გამზირისა და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთიდან – მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩისა და წერეთლის გამზირის კვეთამდე;

მძღოლები ასევე ვერ იმოძრავებენ აბასთუმნის ქუჩაზე.

სრულად დაიკეტება ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის – „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩები.

ავტომანქანებით გადაადგილება ნებადართული იქნება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თამარ მეფის გამზირსა და თევდორე მღვდლის ქუჩაზე.

გადაკეტილ ქუჩებზე მოძრაობა აღდგება კონცერტის დასრულების შემდეგ.

რობი უილიამსის კონცერტი დღეს დინამო არენაზე 17:00 საათზე დაიწყება. მუსიკოსი თბილისში 25 მაისს ჩამოვიდა. მომღერალი საქართველოს პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ეწვია. Check in Georgia მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში იმართება. ორგანიზატორთა განცხადებით, პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი