ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხადიჯა ისმაილოვა: ხელისუფლებამ მიზანს ვერ მიაღწია, ჩემი გაჩუმება ვერ შეძლო

26 მაისი, 2016 • 1612
ხადიჯა ისმაილოვა: ხელისუფლებამ მიზანს ვერ მიაღწია, ჩემი გაჩუმება ვერ შეძლო

“წელიდაწადნახევარი გავატარე ციხეში. სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ აზერბაიჯანის მთავრობას, რომ ჩემი ცხოვრების წელიწადნახევარი წამართვა. მას პასუხისმგებლობას ეკისრება იმ რეპრესიებზე, რომლებსაც ის ჩემზე და ჩემს კოლეგებზე ახორციელებდა”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში ხადიჯა ისმაილოვა. ის 25 მაისს სასამართლოს გადაწყვეტილებით პატირობიდან გაათავისუფლეს.

ხადიჯა ისმაილოვას სასამართლომ პატიმრობა 3.5-წლიანი პირობითი სასჯელით შეუცვალა. თავად მსჯავრდებული გადაწყვეტილების გამოცხადების დროს სასამართლოს შენობაში არ იმყოფებოდა. ისმაილოვა კოლონიიდან, სადაც სასჯელს იხდიდა, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან დაახლოებით ერთ საათში გაათავისუფლეს.

“არ მოველოდი ამ გადაწყვეტილებას, იმის მიუხედავად, რომ არც ერთი დანაშაული არ ჩამიდენია”,- ამბობს ხადიჯა ისმაილოვა.

ხადიჯა ისმაილოვას, რომელიც 2014 წელს დააკავეს, ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, მათ შორის მისი კოლეგის, თურალ მუსტაფაევის თვითმკვლელობამდე მიყვანა [ჟურნალისტი უდანაშაულოდ ცნეს ამ მუხლში], ასევე ეკონომიკური დანაშაულები. ისმაილოვა დამნაშავედ ცნეს უკანონო მეწარმეობის, გადასახადებისგან თავის არიდების, მსხვილი თანხების მითვისება და გაფლანგვისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლებით. 2015 წლის სექტემბერში კი, აზერბაიჯანის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 7.5 წლით პატიმრობა მიესაჯა. მან ეს გადაწყვეტილება სტრასბურგში გაასაჩივრა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას ადვოკატირების ინიციატივით 2016 წლის იანვარში ადვოკატი ამალ კლუნიც გამოვიდა და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჟურნალისტის უფლებები დაიცვას.

გამომძიებელი ჟურნალისტის დაპატიმრების საკითხი რეზონანსული გახდა საერთაშორისო მასშტაბით. ხადიჯა ისმაილოვას მხარდამჭერი აქციები თბილისშიც იმართებოდა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ისმაილოვას განმარტებით, ის უკვე მზად არის იმ საქმეს დაუბრუნდეს, რომელსაც დაპატიმრებამდე აკეთებდა.

“მზად ვარ, კვლავ დავუბრუნდე ჩემს სამსახურს, მზად ვარ, ვნახო “პანამის დოკუმენტები” და დავიწყო გამოძიება იმ ბიზნესების, რომლებიც ამ დოკუმენტებში მოხვდა და ჯერ არ გამომჟღავნებულა. რამდენადაც შესაძლებელი იქნება, დავუბრუნდები საგამოძიებო ჟურნალისტიკას, წავიყვან რადიოგადაცემას. სხვათა შორის, ციხეში ესპანური ენის შესწავლა დავიწყე. ვეცადე, ეს წელიდანახევარი არ გამეფლაგა და ჩემი შესაძლებლობების განვითარებისთვის მომეხმარა.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საკუთარ მიზანს ვერ მიაღწია იმიტომ, რომ ვერ შეძლო ჩემი გაჩუმება, ვერ ჩაახშო კრიტიკა საერთაშორისო ორგანიზაციების და ჩემი თანამოაზრე კოლეგა ჟურნალისტების მხრიდან. ჩემმა დაკავებამ კიდევ უფრო მეტი ზიანი მიეყენა ხელისუფლებას, ძალიან სულელური ქმედება იყო ჩემი დაპატიმრებაც და მისი სხვა ქმედებებიც”,-ამბობს ისმაილოვა.

ისმაილოვას გათავისუფლებას ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტიც გამოეხმაურა და მოუწოდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას ხადიჯა ისმაილოვას ყველა პირობითი შეზღუდვა მოუხსნას და ქვეყანაში ყველა ის ჟურნალისტი გაათავისუფლოს ციხიდან, რომელიც საკუთარი საქმიანობის გამო სასჯელს იხდის.

ხადიჯა ისმაილოვა; 25 მაისი, 2016; ფოტო: გუნელ საფარი/ნეტგაზეთი

ხადიჯა ისმაილოვა; 25 მაისი, 2016; ფოტო: გუნელ საფარი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი