ახალი ამბები

“ქართული პარტიის” რიგები იცლება [Video]

2 დეკემბერი, 2011 • • 1337
“ქართული პარტიის” რიგები იცლება [Video]

“ქართული პარტია” დატოვეს თბილისის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებმა, თუმცა პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ შესაბამისი განცხადებით პარტიისთვის მათ ამ დრომდე არ მიუმართავთ.
“ჩვენ ვაკეთებთ განცხადებას “ქართული პარტიიდან” წამოსვლის თაობაზე. ამის მიზეზია გუშინწინ მომხდარი ფაქტი – ეროსი კიწმარიშვილის შეჭრა თავისუფალ მედიაში, “მაესტრო”–ში. ასევე, მინდა ავღნიშნო, რომ პარტიაში ჩვენ ვიყავით სოზარ სუბარის გამო. შესაბამისად, ჩვენი წამოსვლა “ქართული პარტიიდან” უკავშირდება სოზარ სუბარის წამოსვლასაც. მან სამი კვირის წინ დატოვა პარტია და ჩვენც მასთან ერთად ვართ წამოსულები. უბრალოდ საჯაროდ განცხადება აქამდე არ გაგვიკეთებია. ყველა ჩვენმა თანამშრომელმა დატოვა პარტია. პარტია ჩვენთან ერთად ბევრმა წევრმა დატოვა და უახლოეს დღეებში მსგავს განცხადებას რეგიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებიც გააკეთებენ,” – განაცხადა ისანი–სამგორის რაიონის პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დათო ჩართოლანმა.
“ქართული პარტია” დატოვეს ვაკე–საბურთალოს რაიონის პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარე – თამარ ფიოლიამ, მთაწმინდა–კრწანისის რაიონის პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარე – ზურაბ ღონღაძემ, გლდანი–ნაძალადევის რაიონის პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარემ იაგო შაიშმელაშვილმა, ისანი–სამგორის რაიონის პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დათო ჩართოლანმა და დიდუბე–ჩუღურეთის რაიონის პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლელა დანგაძემ.
“ქართული პარტიის” პრესსამსახურის განცხადებით, პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაცია მათ მედიის საშუალებით შეიტყვეს.
“ოფიციალურად ჩვენთვის პარტიიდან წასვლის შესახებ არავის უცნობებია. ეს ახლა შევიტყვე მედიის საშუალებით. თუმცა  ვადასტურებ, რომ დასახელებული გვარები ჩვენი პარტიის წევრები არიან,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” “ქართული პარტიის” პრესსამსახურის უფროსმა ლია კამლაძემ.
შეგახსენებთ, 1 დეკემბერს ქართული პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ პარტია დატოვა. მისი თქმით, მან პარტია საკმაო ხანია, რაც დატოვა, თუმცა განმარტებებს მოგვიანებით გააკეთებს.
“ქართული პარტიის” დამფუძნებელი ყრილობა 2010 წლის 24 ნოემბერს გაიმართა. იმავე დღეს პარტიას სათავეში საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი – სოზარ სუბარი ჩაუდგა. სუბართან ერთად, პარტიის ლიდერები იყვნენ – ლევან გაჩეჩილაძე, კოკა გუნცაძე, ეროსი კიწმარიშვილი. პარტია აღნიშნულ პირებთან ერთად საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჩამოაყალიბა. მოგვიანებით მათ შეუერთდა ბიზნესმენი კოტე გოგელია.
2011 წლის მაისის საპროტესტო აქციების დროს “ქართული პარტია” დატოვეს გაჩეჩილაძემ და გუნცაძემ, ხოლო პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ, პარტიას სოზარ სუბარი და კოტე გოგელიაც გაემიჯნენ. ამ დროისთვის “ქართული პარტიას” ლიდერებიდან მხოლოდ კიწმარიშვილი და ოქრუაშვილი შემორჩნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი