ახალი ამბები

ივანიშვილის პასუხები ფეიბუქის მომხმარებლების შეკითხვებზე

2 დეკემბერი, 2011 • 1104
ივანიშვილის პასუხები ფეიბუქის მომხმარებლების შეკითხვებზე

“სახელმწიფოს დაფინანსებით განათლების მიღება, ჩემი აზრით, არა მარტო ბავშვებს უნდა შეეძლოთ საჯარო სკოლებში, არამედ ახალგაზრდებსაც უმაღლეს სასწავლებლებში. უსწავლელი, გაუნათლებელი ადამიანი საზოგადოების პრობლემაა. ამიტომ, განათლების შესაძლებლობა, მათ შორის მაღალი დონის ეგრეთ წოდებული „უფასო“ განათლების მიღების უფლება ბავშვებს უნდა ჰქონდეთ”, – ასე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილი “ფეისბუქის” ერთ–ერთი მომხმარებლის შეკითხვას, როგორი იქნება მისი მიდგომა (კონცეფცია) განათლების სისტემისადმი და შენარჩუნდება თუ არა სახელმწიფო დაფინანსება საშუალო სკოლებისათვის.

ბიძინა ივანიშვილმა გუშინ საღამოს პასუხები გასცა “ფეისბუქის” მომხმარებლებს, რომლებსაც კითხვების დასმის საშუალება გასული 10 დღის განმვალობაში ჰქონდათ. კითხვები სხვადასხვა სფეროს შეეხებოდა. ამ დროისთვის ივანიშვილმა მხოლოდ შეკითხვების ნაწილს უპასუხა.

უნდა ფლობდეს თუ არა უცხოელი მოქალაქე ან კომპანია საკონტროლო პაკეტს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სტრატეგიულ ან არასტრატეგიულ კომპანიებში? – “ფეისბუქის” ერთ–ერთი მომხმარებლის შეკითხვაზე ბიძინა ივანიშვილი პასუხობს:

“რაც შეეხება „სტრატეგიულ ობიექტებს“, ასეთ ცნებას დღევანდელი ქართული კანონმდებლობა არ იცნობს. ჩვენ ჯერ უნდა გავარკვიოთ, აღვადგინოთ და შემოვიღოთ თუ არა „სტრატეგიული ობიექტის“ ცნება და ამის შემდეგ გადავწყვიტოთ შეიძლება თუ არა სტრატეგიული ობიექტების საკონტროლო პაკეტებს, ანუ ფაქტობრივად სტრატეგიულ ობიექტებს ფლობდნენ უცხოელი მოქალაქეები, ან გნებავთ, ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიები.”

მისივე თქმით, დღეს ქართულ კანონმდებლობაში არსებობს ჩამონათვალი იმ ობიექტებისა, რომელთა გაყიდვაც არ შეიძლება: წიაღი; წყლის რესურსები; ტყის ფონდი; სახელმწიფო ნაკრძალები; განსაკუთრებული მნიშვნელობის სამუზეუმო კოლექციები და ფონდები; განსაკუთრებული მნიშვნელობის ასაფრენ-დასაფრენი ზოლები; განსაკუთრებული მნიშვნელობის ნავსადგურების ნავმისადგომები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, შუქურები, შუქნიშნები და აკვატორია; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა; საძოვრები; პირუტყვის გადასაკეტი ტრასები; ისტორიული ძეგლები და სხვა.

“თუმცა, რეალურად მათი გასხვისება ხდება გრძელვადიანი იჯარის ან სხვა შემოვლითი გზით. ეს საკითხიც უნდა დარეგულირდეს ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის, ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად”, – ამბობს ივანიშვილი.

“სახელმწიფო ენის ცოდნა საქართველოში საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ კომპეტენტურმა ადამიანებმა და კარგმა პროფესიონალებმა შესაფერისი სამსახური იშოვნონ და დასაქმდნენ. ვფიქრობ, სამუშაო ადგილების დასაკავებლად ასაკს არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, მთავარი ყურადღება ექცეოდეს პიროვნების კვალიფიკაციას და პროფესიულ უნარ-ჩვევებს. ჩემთვის ხელისუფლების დღევანდელი მიდგომა ამ საკითხისადმი ფაქტობრივად დისკრიმინაციაა, რომელსაც ჩვენი მთავრობა არ დაუშვებს”, – ასეთია ბიძინა ივანიშვილის პასუხი შეკითხვაზე, თუ როგორ შეიძლება დასაქმდნენ უფროსი ასაკისა და მხოლოდ ქართული ენის მცოდნე პროფესიონალები.

ახალგაზრდების დასაქმების პრობლემას შეეხებოდა ერთ–ერთი მომხმარებლის შეკითხვა, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა, რომ სამუშაო ადგილების შექმნა მისი მთავარი გეგმაა: “ეს სამუშაო ადგილები შეიქმნება ყველასთვის, საზოგადოების ყველა ფენისთვის.”

შეკითხვების დიდი ნაწილი შეეხებოდა სოციალურ პრობლემებს: მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების, პენსიების ზრდის, ონკოდაავადებულების მკურნალობის, უმუშევართა კომპენსაციების, მაღალი კომუნალური გადასახადების საკითხებს.

ივანიშვილის თქმით, იმ ადამიანებისთვის (როგორებცაა– პენსიონერი, შრომისუუნარო, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი), რომლებსაც სხვა საარსებო წყარო არ გააჩნიათ, საარსებო მინიმუმზე დაბალი ფინანსური შემწეობა არ უნდა ჰქონდეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი