ახალი ამბები

ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდერ ვან დერ ბელენმა გაიმარჯვა

23 მაისი, 2016 • 1734
ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდერ ვან დერ ბელენმა გაიმარჯვა

ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნებში, დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალექსანდერ ვან დერ ბელენმა გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

ულტრამემარჯვენე ნორბერტ ჰოფერი, რომელიც წინასწარი მონაცემებით არჩევნებში ლიდერობდა და გამარჯვების შემთხვევაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნის პირველი ულტრამემარჯვენე პრეზიდენტი იქნებოდა, დამარცხდა.

ჰოფერი არჩევნებში ხმების 51.9%-ით ლიდერობდა, თუმცა საფოსტო ბიულეტენების დათვლის შემდეგ, ავსტრიული მედიის ცნობით, ბელენმა – 50.2%, ულტრამემარჯვენე კანდიდატმა კი ხმების 49.8% პროცენტი დააგროვა.

ვან დერ ბელენი არჩევნებში მონაწილეობას იღებდა, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი.  72 წლის ეკონომიკის პროფესორი წარსულში ავსტრიის მწვანეთა პატრიის ლიდერი იყო.

საარჩევნო კამპანიაში მთავარი სადავო საკითხი, “ბიბისის” ცნობით, ევროპაში მიგრანტთა კრიზისი იყო. გასულ წელს ავსტრიაში დაახლოებით 90 ათასმა ადამიანმა ითხოვა თავშესაფარი. ეს რიცხვი ავსტრიის მოსახლეობის 1%-ს უდრის.  “თავისუფლების პარტიის” საარჩევნო კამპანია კი ანტიმიგრაციული განწყობის იყო.

“მივმართავ ავსტრიაში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც “ისლამურ სახელმწიფოში” საბრძოლველად მიდიან და ქალებს აუპატიურებენ: ეს თქვენი სახლი არ არის” –ამ სიტყვებით აღწერს “ბიბისი” პრეზიდენტობის კანდიდატის,  ნორბერტ ჰოფერის მიერ წარმოთქმულ წინასაარჩევნო რიტორიკას.

“ბიბისის” ცნობით, ვან დერ ბელენის წინასაარჩევნო რიტორიკა ჰოფერისაგან განსხვავებული იყო: “მე ვნახე, თუ როგორ აღდგა ავსტრია მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებიდან – ომიდან, რომელიც ნაციონალიზმის სიგიჟემ გამოიწვია” – თქვა ვან დერ ბელენმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი