ახალი ამბები

რა აკავშირებთ საქართველოსთან რუს ბიზნესმენებს, რომლებიც სასამართლოში ავსტრიის ყოფილ პრემიერს „ეხმარებიან“

1 თებერვალი, 2024 • 2429
რა აკავშირებთ საქართველოსთან რუს ბიზნესმენებს, რომლებიც სასამართლოში ავსტრიის ყოფილ პრემიერს „ეხმარებიან“

ავტრიის ყოფილი კანცლერის, სებასტიან კურცის ადვოკატებმა სასამართლოში ბრალდების მხარის მთავარი მოწმის, ტომას შმიდტის ჩვენების გასაქარწყლებლად ორ რუს ბიზნესმენს უხმეს, რომლებსაც საქართველოში ნავთობის სექტორში აქვთ ბიზნესინტერესები, იუწყება ავსტრიული გამოცემა „ფალტერი“.

კურცს — ავსტრიის ყოფილი კანცლერს და, „დოიჩე ველეს“ ცნობით, რუსეთთან კავშირების მქონე „სახალხო პარტიის“ ლიდერს – სასამართლოში მტკიცებულებების გაყალბებას ედავებიან.

კურცის ადვოკატებმა ამ სასამართლო პროცესზე ორი მოწმე იხმეს, რუსეთის მოქალაქეები, ვალერი აფინოგენოვი და ალეკო არენსი. ისინი ჩვენებას დისტანციურად იძლევიან და ამბობენ, რომ ბრალდების მხარის მთავარმა მოწმემ, ტომას შმიდტმა ამსტერდამში მათ უთხრა, რომ პროკურატურამ მასზე ზეწოლა მოახდინა და კურცზე ტყუილების თქმა აიძულა.

  • ვალერი აფინოგენოვი, ღია წყაროების თანახმად, რუსეთში რეგისტრირებული შპს „ალმაზის“ და სამშენებლო კომპანია „პატერო დეველოპმენტის“ დირექტორია. საქართველოს საჯარო რეესტრში ამ სახელითა და გვარით ცნობები არ იძებნება. შედეგს არ იძლევა არც ალეკო არენსის ძებნა ღია წყაროებში.

მოსკოვში მცხოვრები 64 წლის ვალერი აფინოგენოვის განცხადებით, მან საქართველოში ნავთობის სექტორში საქმის წამოწყება გადაწყვიტა და კომპანიისთვის გენერალურ დირექტორს ეძებდა. სწორედ მაშინ ერთმა მეგობარმა ტომას შმიდტის კანდიდატურა შესთავაზა. თუმცა, როგორც ავსტრიული გამოცემა „ფალტერი“ აღნიშნავს, შმიდტმა არც ქართული იცოდა, არც რუსული და არც სანავთობო სექტორში ჰქონია რაიმე გამოცდილება.

აფინოგენოვის განცხადებითვე, შმიდტი „ბრწყინვალე კანდიდატად მიიჩნიეს“ და 2023 წლის აგვისტოში ამსტერდამში შეხვდნენ. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა კომპანიის მარკეტინგული დირექტორი, ალეკო არენსი, რომელიც ადასტურებს აფინოგენოვის ნათქვამს.

როგორც რუსი ბიზნესმენები ირწმუნებიან, ამსტერდამში შეხვედრების დროს  შმიდტს ჰკითხეს ავსტრიის ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებზე. მათივე ვერსიით, ბრალდების „ოქროს მოწმემ“ მათთან საუბარში თქვა, რომ მისი ჩვენებები სიმართლეს არ შეესაბამებოდა და პროკურატურის ზეწოლის გამო მისცა.

კურცის მიმართ ამ ბრალდებაზე სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია.

ავსტრიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კანცლერმა [პოსტის დაკავებისას იგი 31 წლის იყო] პოსტი 2021 წელს დატოვა. მაშინ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს – პროკურატურა მიიჩნევდა, რომ კურცმა და მასთან დაახლოებულმა პირებმა ერთ-ერთ ტაბლოიდს მათთვის სასარგებლო პუბლიკაციებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაუხადეს ფული. კურცი ბრალდებებს უარყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი