ახალი ამბები

მთავრობა პრეზიდენტს დაუბრუნებს არჩევნების დანიშვნაზე კონტრასიგნაციისთვის გადაცემულ დოკუმენტებს

14 აპრილი, 2016 • 1308
მთავრობა პრეზიდენტს  დაუბრუნებს  არჩევნების დანიშვნაზე კონტრასიგნაციისთვის გადაცემულ დოკუმენტებს

მთავრობა  ადმინისტრაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებაზე მოტივირებულ შენიშვნებს დღეს გაუგზავნის – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა 14 აპრილს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

კვირიკაშვილის განცხადებიდან ასევე ირკვევა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღად, სავარაუდოდ, გამოცხადდება 8 ივლისი და არა 8 აგვისტო, რაზეც იყო საუბარი პრეზიდენტის მიერ 6 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში. პრემიერი გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, რომ სამართლებრივ აქტში კამპანიის დაწყების თარღად სწორედ  8 ივლისი იყოს მითითებული.

საუბარია პრეზიდენტის მიერ არჩევნების 2016 წლის 8 ოქტომბერს დანიშვნასთან დაკავშირებით გამოცემულ სამართლებრივ აქტებზე, რომელიც პრეზიდენტმა მთავრობას  გადაუგზავნა კონტრასიგნაციისთვის.

„მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტთან კონსულტაციის შედეგად, ჩამოვყალიბდით არჩევნების თარიღზე – 8 ოქტომბერზე. ეს თარიღი გადაწყდა კონკრეტული მიზეზების გამო, რომელზეც აღარ შევჩერდები. იყო გარკვეული იურიდიული ხარვეზი, არ მოხდა ადმინისტრაციის მხრიდან დროული და კორექტული ინფორმაციის მიწოდება, ამიტომ დღეს ვაგზავნით მოტივირებულ შენიშვნებს, რათა წარმოდგენა პრეზიდენტის მხრიდან არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ მოხდეს ისეთ დროს, რათა გამოქვეყნება დაემთხვეს ჩვენი მხრიდან კონტრასიგნაციას,“ – განმარტა პრემიერ-მინისტრმა. 

საქმე ეხება საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს. კერძოდ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 5 აპრილს განაცხადა, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს დანიშნა. მან 6 აპრილს გაუგზავნა ორი სამართლებრივი აქტი მთავრობას კონტრასიგნაციისთვის. თუმცა 6 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ასევე განაცხადა, რომ განკარგულება არჩევნების დანიშვნის თაობაზე ძალაში 8 აგვისტოდან შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო კამპანია ამ დროიდან დაიწყება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ მთავრობამ პრეზიდენტს უკან უნდა დაუბრუნოს განკარგულება საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ, სადაც ძალაში შესვლის თარიღად 8 აგვისტო არის განსაზღვრული. საია აცხადებდა, რომ პრეზიდენტის ეს განკარგულება წინააღმდეგობაშია საარჩევნო კანონმდებლობასთან. სამართლიანი არჩევნები კი აცხადებს, რომ სამართლებრივი გაუგებრობები წარმოშვა არჩევნების შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტის 8 აგვისტოს ამოქმედებამ, რადგანაც საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე.

„რაც შეეხება თარიღს, ვინაიდან ამან გამოიწვია ფართო განსჯა, სხვადასხვა პარტიების მხრიდან და სამოქალაქო სექტორის მხრიდანაც გამოითქვა საყვედური, გვინდა ვთხოვოთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან დოკუმენტი წარმოდგენილი იყოს ისეთ დროს, რომლის გამოქვეყნებაც დაემთხვევა 8 ივლისს და 3 თვე იყოს აღებული წინასაარჩევნო ვადად. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ყოველგვარ გაუგებრობას და სხვადასხვა ინტერპრეტაციას თავიდან ავიცილებთ,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 14 აპრილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი