ახალი ამბები

უსუფაშვილის თქმით, არც ერთი რესპუბლიკელი თანამდებობის პირი გადადგომას არ გეგმავს

28 მარტი, 2016 • 1245
უსუფაშვილის თქმით, არც ერთი რესპუბლიკელი თანამდებობის პირი გადადგომას არ გეგმავს

რესპუბლიკელები არ მსჯელობენ კოალიციიდან გასვლაზე და არც ერთი სამთავრობო თუ საპარლამენტო თანამდებობის პირი არ გეგმავს გადადგომას”, – ამ განცხადებას ფეისბუკზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აკეთებს.

მისი თქმით, საკითხი ეხება მხოლოდ მომავალ არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმატს და ამ საკითხზე პარტიის გადაწყვეტილება რამოდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

მიიღებს თუ არა რესპუბლიკური პარტია არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად? – ამ საკითხზე მსჯელობის დაწყებას წინ უსწრებდა დაპირისპირება გოგი თოფაძესა და მრეწველთა პარტიასთან. გოგი თოფაძემ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერ თინა ხიდაშელს საგარეჯოს მაჟორიტარული არჩევნების გაყალბებაში დასდო ბრალი, რის შემდეგაც გამოძიება პროკურატურამაც დაიწყო. პროკურატურამ დანაშაულის ნიშნების არარსებობის მოტივით გამოძიება შეწყვიტა. კოალიციის წევრებს შორის დაპირისპირების პროცესში პრემიერ-მინისტრმა და კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა ორი განცხადება გააკეთა: 19 თებერვალს მან თქვა, რომ თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები მიუღებელია და მთელ მთავრობას სცხებს ჩირქს, ხოლო 3 მარტს განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის მხრიდან მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა მიუღებელია. ამის შემდეგ რესპუბლიკურმა პარტიამ პრემიერთან შეხვედრა და“ქართული ოცნების” პარტიასთან ორპარტიული ხელშეკრულების გაფორმების სურვილი გამოთქვა, თუმცა ამ მოლაპარაკებების შედეგი ჯერჯერობით უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი