საზოგადოება

სურსათის სააგენტოსა და იმპორტიორის ცნობით, საქართველოში “მარსის” უსაფრთხო შოკოლადი იყიდება

24 თებერვალი, 2016 • 4451
სურსათის სააგენტოსა და იმპორტიორის ცნობით, საქართველოში “მარსის” უსაფრთხო შოკოლადი იყიდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, “ევროკავშირის სწრაფი განგაშის სისტემას” საქართველოსთვის არ უცნობებია, რომ ქვეყანაში საფრთხის შემცველი “მარსის” იმპორტირებული შოკოლადია შემოსული.

შოკოლადის მწარმოებელმა საერთაშორისო ბრენდმა “მარსმა” ჰოლანდიის ქარხანაში წარმოებული “მარსის”, სნიკერსისა და მილქი ვეის შოკოლადების ბაზრიდან ამოღება დაიწყო. ამის მიზეზია ის ფაქტი, რომ გერმანიაში ნაყიდი სნიკერსის შეფუთვაში მცირე ზომის პლასტმასის ნაწილი აღმოაჩინეს. “მარსი” ფიქრობს, რომ ეს იზოლირებული ინციდენტია, თუმცა პრევენციის მიზნით, რადგანაც შესაძლოა საქმე ქარხნილ წუნთან გვქონდეს, ჰოლანდიის ქარხანაში გამოშვებული შოკოლადების ბაზრიდან ამოღების პროცესი დაიწყო. მარსის ჰოლანდიის ქარხნიდან შოკოლადი გასაყიდად 55 ქვეყანაში გადის, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში.

საქართველოში “მარსის” მიერ წარმოებული პროდუქციის ერთადერთი იმპორტიორი შპს მასტერ თრეიდია, სადაც ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მათ “მარსის” ჰოლანდიის ქარხანასთან შეხება არ აქვთ და შოკოლადი მარსის რუსეთის ქარხნიდან [მოსკოვის ოლქი, სტუპინოს რაიონი] შემოაქვთ. იგივე მინიშნებაა “მარსის” იმ პროდუქციაზე, რომელიც საქართველოში იყიდება.

მარსის ემ ენდ ემსის შეფუთვა

მარსის ემ ენდ ემსის შეფუთვა

“საქართველო დამოკიდებულია ევროკავშირის სწრაფი განგაშის სისტემაზე. ევროკავიშირის წევრი და არაწევრი ქვეყნები, რომლებიც ამ სისტემას არიან მიერთებულნი, საფრთხის შემცველი სურსათის ქვეყანაში არსებობის შესახებ ამ ორგანიზაციიდან იღებენ შეტყობინებას. ამ ეტაპისთვის სააგენტოს მსგავსი შეტყობინება არ მიუღია, რაც იმას ნიშნავს რომ ის პარტია, რომელზეც საუბარია, [დასვალურ მედიაში] შესაძლოა, საქართველოში არ მოხვედრილა. როდესაც მსგავსი საშიშროება, არსებობს, ჩვენ ხშირად ვიღებთ ხოლმე შეტყობინებას და შემდეგ ვრეაგირებთ. თუკი ქვეყანაში საფრთხის შემცველი სურსათია შემოსული, შეტყობინებას გვიგვზავნიან და გვაძლევენ რეკომენდაციას, რომ ბაზრიდან გამოვითხოვოთ”.

“მარსმა” თავის ოფიციალურ პრესრელიზში დაასახელა კონკრეტული თარიღები, ჰოლანდიის ქარხანაში რა ვადებში გამოსულ შოკოლადზეა პრობლემა: საუბარია 2015 წლის დეკემბრიდან – 2016 წლის 18 იანვრამდე ნაწარმოებ “მარსზე”, სნიკერსსა და მილქი ვეიზე. ნეტგაზეთის კითხვას, მიუხედავად ზემოხსენებული შეტყობინების არარსებობისა, სააგენტო სკაუთარი ინიციატივით ხომ არ გეგმავს გადაამოწმოს, რამდენად უსაფრთხოა “მარსის” ის შოკოლადი, რომელიც საქართველოში ამჟამად იყიდება, უწყებაში პასუხობენ:

“სპეციალისტები  ამით აუცილებლად დაინტერედებიან, მაგრამ ყველაზე მეტად ხელჩასაჭიდი და კომპეტენტური რაც არის, ის შეტყობინება  არ მიგვიღია, რაც ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში ეს პარტია შეიძლება არ იყოს”.

რაც შეეხება იმას, ზოგადად ბაზრიდან საფრთხის შემცველი სურსათის გამოთხოვის რა მექანიზმები არსებობს საქართველოში, როგორც სააგენტოში განმარტავენ, ეს რეგულირდება კანონმდბელობით და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში სააგენტო შემომტან ოპერატორებს, დისტრიბუტორებსა და რეალიზატორებს ავალებს ბაზრიდან პროდუქციის გამოთხოვასა და მათ განადგურებას. ამ პროცესში სააგენტოს წარმომადგენლებიც უნდა მონაწილეობდნენ. ხოლო იმისათვის, რომ პროდუქცია ბაზარზე მიკვლევადი იყოს, სააგენტოს განმარტებით, ოპერატორები და დისტრიბუტორები ვალდებულნი არიან ჰქონდეთ რეესტრი, რომელ რეალიზატორთან რა რაოდენობის პროდუქტი აქვთ მიტანილი.  დაზიანებული სურსათის გამოთხოვისა და განადგურების ვალდებულების შეუსრულებლობა 1000 ლარით დაჯარიმებას იწვევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი