საზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

საახალწლო სამზადისი ყარაბაღში

10 დეკემბერი, 2015 • 3238
საახალწლო სამზადისი ყარაბაღში

სტეპანაკერტში უკვე რამდენიმე კვირაა ქუჩებს საახალწლოდ რთავენ, ამაგრებენ ნათურებს, ილუმინაციებს, აკრავენ პლაკატებს. მალე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხეც დაიდგმება. საახალწლო სამზადისშია მოსახლეობაც, რომლებიც წლის მანძილზე დაგროვილი დანაზოგით ყიდულობენ საჭირო სურსათსა და საჩუქრებს დღესასწაულის აღსანიშნავად.

საახალწლოდ ირთვება არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ ყარაბაღის ყველა რაიონის ქუჩები. ტროტუარები გასაყიდად გამოტანილი ხელოვნური ნაძვის ხეებითაა გავსებული. საახალწლო ნობათითა და ატრიბუტებითაა დატვირთული მაღაზიები. როგორც გამყიდველები ამბობენ, ბევრი ჩივის ძვირი ფასების გამო, თუმცა მყიდველები მაინც არიან.

სტეპანაკერტში მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი მიმდინარეობს. დეკემბერი, 2015. ფოტო: ანაიტ დანიელინი/ნეტგაზეთი

სტეპანაკერტში მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი მიმდინარეობს. დეკემბერი, 2015. ფოტო: ანაიტ დანიელინი/ნეტგაზეთი

საახალწლოდ ყველა ოჯახში ყარაბაღში აუცილებელი ატრიბუტია ნაძვის ხე და მის მოსართავად საჭირო სათამაშოები. თუმცა ეს არ არის მხოლოდ ყარაბაღელებისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ტრადიცია. ასეთი ტრადიცია მაინც საახალწლო სუფრის აუცილებელ შემადგენელ კერძებს უკავშირდება.

თუკი სომხეთში საახალწლო სუფრას აუცილებლად ამშვენებს გამომცხვარი ლორი, ყარაბაღში აუცილებელ კერძად ითვლება ღორის მწვადი. ამის გამო, 31 დეკემბრის ღამეს მთელი ყარაბაღი მწვადის არომატსა და კვამლშია გახვეული. ამასთან, აუცილებელი რიტუალია, რომ მწვადი ოჯახის მამაკაცმა მოამზადოს – საკუთარი ხელით დაანთოს ცეცხლი და შეწვას ხორცი.

ამ რიტუალის შესრულებას წელსაც ტრადიციულად აპირებს 76 წლის მიშა სარგსიანი. ის და მისი ცოლი პენსიით ცხოვრობენ და შესაბამისად, ხორცს იშვიათად ყიდულობენ, თუმცა ახალი წლისთვის ღორის მწვადს აუცილებლად მოამზადებენ:

“არც ეს წელი იქნება გამონაკლისი, რამდენიმე კილოგრამ ხორცს ვიყიდით და მწვადს შევწვავთ. ეს ოქროს ტრადიციაა, რომელსაც ვერ დავარღვევთ,” – ამბობს მიშა. როგორც თავად გვიყვება, გარკვეულ თანხას ყოველთვიური პენსიიდან ინახავდნენ და საბოლოოდ 30 ათასი დრამი (დაახლოებით 80 აშშ დოლარი) შეაგროვეს, რომლითაც ახალ წელს აღნიშნავენ.

საახალწლო მორთულობები სტეპანაკერტში. დეკემბერი, 2015. ფოტო: ანაიტ დანიელიანი/ნეტგაზეთი

საახალწლო მორთულობები სტეპანაკერტში. დეკემბერი, 2015. ფოტო: ანაიტ დანიელიანი/ნეტგაზეთი

ბევრ სტუმარს არ ელოდებიან, ძირითადად, მეზობლები ეწვევიან, რადგან შვილები რუსეთში ცხოვრობენ და იქ, თავიანთ ოჯახებთან ერთად აღნიშნავენ დღესასწაულს.

42 წლის კრისტინე მანუკიანი სტეპანაკერტში ცხოვრობს, თავის სამ შვილთან ერთად. საახალწლო სამზადისი მან საჩუქრების ყიდვით დაიწყო, რომლებიც საახალწლოდ ნაძვის ხის ქვეშ უნდა დაულაგოს შვილებსა და ოჯახის სხვა წევრებს. ამბობს, რომ საჩუქრებისთვის 50 ათასი დრამი (დაახლოებით 100 დოლარი) დახარჯა. დამატებითი ხარჯების გაწევა დაჭირდება საახალწლო სუფრისთვის.

“რამდენადაც ჩვენთან მიღებულია, რომ თითოეული ადამიანი ამ დღესასწაულს აღნიშნავს ოჯახურ წრეში, ჩვენც ასე ვართ, ვამზადებთ და ვშლით ლამაზ სუფრას საახალწლოდ, ხოლო შუაღამეს, 12 საათის შემდეგ, მოდიან სტუმრები, ან ჩვენ მივდივართ სტუმრად. სხვათაშორის, სტუმრად წასვლისთვისაც საჭიროა ფული, რომ საჩუქრები მიიტანო,” – ამბობს კრისტინე. მისი თქმით, ამ ყველაფრისთვის 120 ათასი დრამი (დაახლოებით 240 დოლარი) დაჭირდება.

შედარებით მცირე თანხის დახარჯვას აპირებს საახალწლოდ არმენ მარტიროსიანი, რომლის ოჯახიც ხუთი წევრისგან შედგება და მათგან ორი დასაქმებულია სახელმწიფო დაწესებულებაში. არმენის თქმით, საახალწლოდ 100 ათას დრამს (დაახლოებით 200 აშშ დოლარი) იკმარებენ და სტუმრების გამასპინძლებასაც შეძლებენ:

“ვიყიდით რამდენიმე კილოგრამ ხორცს, თევზს… დედა და და მოამზადებენ სხვადასხვანაირ სალათს. ვიყიდით სასმელს, ხილს… აბა, რა არის 100 ათასი?! რაში უნდა გეყოს? უცებ დაიხარჯება, თანაც, როგორც წესი, საახალწლოდ ფასები იზრდება,” – ამბობს არმენი.

მოკრძალებულად აღნიშნავენ ახალ წელს აირაპეტიანების ოჯახში, რადგან შემცირებების შედეგად უმუშევარი დარჩა ოჯახის ერთადერთი დასაქმებული წევრი. მშობლების პენსიით კი თავს ფუფუნების უფლებას ვერ მისცემენ. ამბობენ, რომ შეეცდებიან დიდი დანახარჯების გარეშე გაიტანონ თავი, რადგან სამსახურის შოვნა ადვილი არ იქნება, პენსიის ზრდა კი მომავალ წელს დაგეგმილი არ არის.

სომხეთისგან განსხვავებით, სადაც სადღესასწაულო დღეებში ერთმანეთს ძველით ახალ წლამდე სტუმრობენ, ყარაბაღში ეს რამდენიმე დღეს, მაქსიმუმ 6 იანვრამდე (შობამდე) გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი