საზოგადოება

აქციის შემდეგ 173–ე სკოლაში გენინსპექცია შევა

2 დეკემბერი, 2010 • • 1451
აქციის შემდეგ 173–ე სკოლაში გენინსპექცია შევა

173–ე სკოლის ფინანსურ დოკუმენტაციას გენინსპექცია შეამოწმებს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ამის შესახებ დღეს სკოლაში სტუმრობისას განაცხადა. შაშკინი 173–ე სკოლაში მოსწავლეთა საპროტესტო აქციის დროს მივიდა.

173–ე სკოლის მასწავლებლები ამბობენ, რომ მინისტრის სტუმრობის შესახებ მათ წინასწარ არაფერი იცოდნენ. შაშკინის მოსვლა მათ სკოლაში სპონტანურად გამართულ მოსწავლეთა საპროტესტო აქციას დაუკავშირეს.

მოსწავლეებმა საგაკვეთილო პერიოდში სკოლის დირექტორისა და რამდენიმე მასწავლებლის გათავისუფლება  გააპროტესტეს. მასწავლებლების თქმით, ამის გამო დღეს სკოლაში გაკვეთილები მაღალ კლასებში არ ჩატარებულა.

შაშკინმა სკოლაში შეხვედრა მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან გამართა. შეხვედრაზე აქციაზე მყოფი ჟურნალისტები არ დაუშვეს.

მასწავლებლები ყვებიან, რომ შაშკინმა მზია გიორგობიანის განთავისუფლების მიზეზად სკოლის ფინანსური მენეჯმენტის უწესრიგობა დაასახელა და თქვა, რომ სკოლის დოკუმენტაციას სამინისტროს გენინსპექცია შეამოეწმებს. მინისტრი მასწავლებლებს დაპირდა, რომ, თუ სკოლაში ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდება, სკოლის არც ერთი თანამშრომელი თანამდებობას არ დატოვებს.

როგორც 173–ე სკოლის პედაგოგები ამბობენ, უკვე დაახლოებით ერთი კვირაა, რაც სკოლაში გაკვეთილები არასტაბილურად ტარდება. მათი თქმით, არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სკოლაში დირექტორად მანდატური დანიშნეს.

ყოფილი მანდატური თინათინ ნასიძე 173–ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად  ორი კვირაა რაც დაინიშნა.  სკოლის ყოფილი დირექტორი მზია გიორგობიანი ერთ–ერთი იმ რვა დირექტორთაგანია, რომლებმაც განცხადებას თანამდებობის დატოვების შესახებ მოსწავლეთა საპროტესტო აქციების შემდეგ მოაწერეს ხელი.

მასწავლებლები ამბობენ, რომ ახალმა დირექტორმა თანამდებობის დაკავების შემდეგ, სკოლაში გაურკვეველი მიზეზების გამო, ოთხი სასწავლო ნაწილი და რამდენიმე მასწავლებელი გაანთავისუფლა.

თანამდებობის დატოვება დირექტორმა სკოლის ბიბლიოთეკარს ჟუჟუნა მეტრევლსაც მოსთხოვა. ბიბილიოთეკარი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ დირექტორმა განცხადების დაწერა თანამდებობიდან წასვლის შესახებ მას გუშინ შესთავაზა და მიზეზიც განუმარტა:

,,დამიბარა გუშინ და მითხრა, განცხადება დაწერეთ და წაბრძანდითო. ვკითხე, რატომ–მეთქი? მითხრა, იმიტომ რომ ბიბლიოთეკაში ბეჭედი გაქვს დარტყმული წიგნზე და უნდა დატოვო ბიბლიოთეკაო’’, – ამბობს მეტრეველი.

ბიბლიოთეკარი ამბობს, რომ წესს იმ შემთხვევაში დაარღვევდა, თუ წიგნებზე ბეჭედს არ დაარტყამდა. სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის განკუთვნილ წიგნებს ბეჭედი მეტრეველმა მათი მიღებისთანავე დაარტყა. ბიბლიოთეკარი ამბობს, რომ ბიბლიოთეკაში შემოსულ ყველა წიგნისთვის, იქნება მხატვრული ლიტერატურა თუ სახელმძღვანელო, ეს აუცილებელი პროცედურაა.

,,წიგნებს ბეჭედი იმიტომ დავარტყი, რომ ეს  უკვე სკოლის საკუთრებაა და რომ არ დაიკარგოს, მშობლებმა უკან უნდა დამიბრუნონ ეს სახელმძღვანელოები და მე ჩემი ბეჭდით უნდა დავიბრუნო უკან’’, – განმარტა ბიბლიოთეკარმა.

თუ რამდენმა მასწავლებელმა დატოვა ამ დროისთვის სკოლაში თანამდებობა,  მასწავლებლები სხვადსხვა რაოდენობას ასახელებენ. მათი ინფრომაციით, დაახლოებით 10–მა მასწავლებელმა დაწერა განცხადება სკოლიდან წასვლის შესახებ.

სკოლის ყოფილი დირექტორი მზია გიორგობიანი დირექტორის თანამდებობის დატოვების შემდეგ საქმიანობას ქართული ენისა და ლიტერაურის მასწავლებლად აგრძელებდა, თუმცა დღეს მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც აღნიშნავდნენ, რომ ახალმა დირექტორმა გიორგობიანს მასწავლებლის თანამდებობაც დაატოვებინა.

173–ე საჯარო სკოლის ახალმა დირექტორმა თინათინ ნასიძემ ჟურნალისტებთან საუბარი დღეს არ ისურვა და თავის კაბინეტში ჩაიკეტა.

სკოლის მასწავლებლები ყვებიან, რომ ნასიძე მასწავლებლებს თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ შეხვდა, სადაც მან თავისი გამოცდილების შესახებ უამბო. მასწავლებლების თქმით, ნასიძეს აქვს იურიდიული განათლება, იყო პატრულის თანამშრომელი და შემდეგ ერთ–ერთ საჯარო სკოლაში მუშაობდა მანდატურად.

დირექტორთა ასოციაციის იურისტი, რევაზ რიჟამაძე განმარტავს, რომ სასამართლო პრაქტიკით დღეს დირექტორს ყოველგვარი მიზეზის გარეშე მასწავლებლის თანამდებობიდან გათავისუფლება არ შეუძლია. შრომის კოდექსის 37–ე მუხლის დ ქვეპუნქტით ყოველგვარი მიზეზის გარეშე მასწავლებლის დათხოვნა სამსახურიდან  უკანონოა. მასწავლებლის განთავსუფლება, რიჟამაძის თქმით, დირექტორს მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუ ის შინაგანაწესის ან კანონმდებლობის მოთხოვნებს დაარღვევეს. რიჟამაძე ამბობს, რომ დირექტორის თანამდებობის დატოვების შემთხვევაში, განათლების შესახებ კანონით ავტომატურად უწყდება უფლებამოსილება სკოლის სასწავლო ნაწილს.

,,ეს ცვლილება კანონში ამ წლის ზაფხულში შეიტანეს. დირექტორის გადადგომასთან ერთად, ავტომატურად უწყდება უფლებამოსილება მის მოადგილესაც, სასწავლო ნაწილი კი იგივე მოადგილეა და ეს მათაც ეხებათ’’, – განმარტავს იურისტი.

სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ორ საჯარო სკოლაში, –  148–ე და 149–ე, – მუშაობა 19 ნოემბერს დაასრულა. ამ სკოლებში გენინსპექცია მას შემდეგ შევიდა, რაც 149–ე საჯარო სკოლის დირექტორმა მაია გირგაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას ხელი არ მოაწერა. 148–ე სკოლის დირექტორი ვალერი გიორგაძე მაია გიორგაძის მეუღლეა, სწორედ მას განუმარტა გენინსპექციის სამსახურის უფროსმა ირაკლი ანდრიაშვილმა, რომ თუ მისი მეუღლე არ დატოვებდა თანამდებობას, მაშინ ამ სკოლებში გენინსპექცია შევიდოდა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი