საზოგადოება

სტუდენტების ნაწილს მგზავრობის ხარჯები გაუორმაგდა

15 ნოემბერი, 2010 • • 2090
სტუდენტების ნაწილს მგზავრობის ხარჯები გაუორმაგდა

სტუდენტების ნაწილი, გაუქმებული ან შეცვლილი მარშრუტების შედეგად, სამგზავრო შეღავათებით ვეღარ სარგებლობს. მათი თვიური დანახარჯი გზაზე გაორმაგდა.

სტუდენტური ტარიფი, ნაცვლად მგზავრობის სტანდარტული ფასის – 40  თეთრისა, სტუდენტს ავტობუსით და მეტროთი 20 თეთრით მგზავრობის უფლებას აძლევს.

1 ნოემბრიდან #35 და #33–ის ავტობუსების ხაზებმა  მარშრუტი შეიცვალეს.

სტუდენტების ნაწილი  ვეღარ სარგებლობს სპეციალური ბარათით, რომელიც მერიის საშეღავათო ტარიფით სარგებლობის უფლებას აძლევდა.

შეცვლილი და გაუქმებული მარშრუტების შედეგად, სტუდენტთა ნაწილი, 20 თეთრის ნაცვლად, 40 ან  50 თეთრს იხდის. რადგან მათი საცხოვრებელი სახლიდან უნივერსიტეტებამდე მისასვლელი ავტობუსის ხაზები გაუქმებული ან მარშრუტშეცვლილია.

ამ მიზეზით, მათ უხდებათ სამარშრუტო ტაქსით სარგებლობა, რომლის ღირებულება 50 თეთრია, ან ორი სხვადასხვა ავტობუსით მგზავრობა, რაც მათ გზის დანახარჯებს აორმაგებს.

ნაცვლად 40 თეთრისა(ორი გზა), რასაც გზაში ყოველდღიურად ხარჯავდა სტუდენტი, ახლა 80 თეთრის ან ერთი ლარის გადახდა უწევს.

შესაბამისად, 31– დღიანი თვის სამუშაო დღეების მიხედვით, 1 თვის მანძილზე მათი დანახარჯი გზაზე, 8 ლარის და 80 თეთრის ნაცვლად, 17 ლარი და 60 თეთრი (ორი სხვადასხვა მარშრუტის ავტობუსით სარგებლობის შემთხვევაში) ან  22 ლარია (სამარშუტო ტაქსით სარგებლობის შემთხვევაში).

მაგალითად, დიდ დიღომში გაუქმდა 13 ნომერი ავტობუსი, რომელიც ამ უბნიდან უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მიდიოდა, ვაჟა ფშაველას გამზირის გავლით. ის რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტებს ემსახურებოდა. კერძოდ, ვაჟა ფშაველას გამზირზეა სამედინო უნივერსიტეტის კორპუსები, ასევე ყაზბეგის გამზირზე მდებარეობს რამდენიმე ინსტიტუტი.

13 ნომრის გაუქმების შედეგად კი, ხუთი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც დიდ დიღომში ცხოვრობენ, ვეღარ ისარგებლებენ საშეღავათო ტარიფით და მგზავრობა სამარშუტო ტაქსით მოუწევთ. რადგან ამ უბანში ალტერნატული ავტობუსი, რომელიც საბურთალოზე აღნიშნულ გზას გაივლის, უბრალოდ, არ არსებობს.

ანალოგიურია მდგომარეობა კახეთის გზატკეცილზე. სადაც ვაკეში მიმსვლელი ავტობუსი გაუქმდა.

ერთადერთი ავტობუსი, რომელიც თემქიდან კოსტავას გამზირით კოლმეურნეობის მოედანზე მიდიოდა, ნომერი 75, პირველი ნოემბრიდან სხვა მარშრუტით მოძრაობს.

თემქაზე მცხოვრები ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები კი ამ ავტობუსით ვეღარ სარგებლობენ, რადგან 1 ნოემბრიდან მისი ბოლო გაჩერება დიდუბის მეტროსადგურია.

კოსტავას გამზრირზე ტექნიკური უნივერსიტეტის რამდენიმე კორპუსი მდებარეობს. მართალია, იქ მეტროსადგური ფუნქციონირებს, მაგრამ თემქის დასახლებაში არ არის მეტრო.

ამავე უბანში გაივლიდა მუხიანიდან გადმოსული ნომერი 86 ავტობუსი, რომელიც ვაჟა ფშაველას გავლით, ჯიქიას ქუჩამდე მიდიოდა.

მუხიანში და თემქაზე მცხოვრები სტუდენტები ამ მარშრუტით ვეღარ ისარგებლებენ, იმიტომ რომ მისი ბოლო გაჩერებაა რკიმიგზის სადგური. ასევე ნომერი 17, რომელიც მუხიანიდან ჭავჭავაძეზე მიდიოდა, ახლა მხოლოდ დიდუბემდე მიდის.

„ვიცოდი, რომ პირველი ნოემბრიდან მარშრუტები იცვლებოდა, მაგრამ გუშინ დამავიწყდა და  75–ში ჩავჯექი. მშვიდად ვიჯექი, ვფიქრობდი, საბურთალოზე წავიდოდი, ამ დროს კი დიდუბეში ჩამოვედი“,–ამბობს მეგი, 22 წლის ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტი.

დიდ დიღომში მცხოვრები 20 წლის თორნიკე, რომელიც ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე ეკონომიკის და სამართლის ინსტიტურში სწავლობს ამბობს, რომ სტუდენტური საშეღავათო ბარათით თითქმის აღარ სარგებლობს.

„ძირითადად, „მარშუტკით“ მივდივარ ინსტიტუში, ძალიან იშვიათად ვსარგებლობ უკვე ბარათით“,–ამბობს ის.

დღეს,~ თბილისის მერიამ გამოაქვეყნა იმ ავტობუსების ნომრების ჩამონათვალი, რომლებმაც პირველი ნოემბრიდან მარშრუტი შეიცვალეს. ასეთი სულ 33–ია, თბილისის სხვადასხვა უბნებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი