საზოგადოება

ანგარიში დევნილებზე

15 სექტემბერი, 2010 • • 2267
ანგარიში დევნილებზე

სახალხო დამცველის ანგარიშში, ”იძულებით გადაადგილებული პირების და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ”, რომელიც 2010 წლის პირველ ნახევარს მოიცავს, ნათქვამია, რომ დევნილების გამოსახლებებთან დაკავშირებით, ზუსტი სამართლებრივი შეფასების გაკეთება რთულია. 

ანგარიში მოიცავს დევნილების გამოსახლების რამდენიმე გახმაურებულ ფაქტს. მათ შორის, ივლისის 26-28-ში გამომცემლობა ” სამშობლოდან” დევნილების გამოსახლებას, 10-11 აგვისტოს- თამარაშვილის 9 ნომრიდან , 13 აგვისტოს – მაჩაბლის 5 ნომრიდან, 18 აგვისტოს მოსაშვილის 24 ნომრიდან, ხოლო 19 აგვისტოს სანდრო ეულის 3 ნომრიდან.

სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ შენობების  უმეტესობა, საიდანაც დევნილების გამოსახლება მოხდა, არ წარმოადგენდა დევნილთა კოლექტიური განსახლების ობიექტს. შენობებში ცხოვრობდნენ როგორც 1990 წლებში დევნილი, ასევე 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ იძულებით გადაადგილებული პირები.

ანგარიშში ვკითხულობთ: “მათ შორის იყვნენ კერძო სექტორში მცხოვრები დევნილებიც, რომლებიც თვითნებურად იყვნენ შენობებში შესული. 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილი მოსახლეობის ის კატეგორია იყო შესული, რომელთაცგანცხადებები, კოტეჯის ნაცვლად,  საკომპენსაციო თანხის მიღებაზე ჰქონდათ დაწერილი და აღნიშნულ თანხას დღემდე ელოდებიან. ამას გარდა, დევნილთა ძალიან მცირე ნაწილი აღნიშნულ შენობებშიც სამინისტროს ნებართვის საფუძველზე იმყოფებოდა, რაც შეეხება ნებართვას, ის მხოლოდ ზეპირსიტყვიერ ფორმას ატარებდა.“

დევნილთა ყველა ამ ჯგუფის მიმართ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სხვადასხვა ვალდებულებები აქვს, ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველმა სამინისტროს სპეციალურად მიმართა, რათა, ზემოთჩამოთვლილ საქმეებთან დაკავშირებით, ამომწურავი ინფორმაცია მიეღო. თუმცა ამომწურავი ინფორმაცია სამინისტროსგან სახალხო დამცველმა ვერ მიიღო. ერთ-ერთ მიზეზად, თუ რატომ ვერ მოხდა დევნილების გამოსახლების ზუსტი, სამართლებრივი შეფასება, სწორედ ეს მიზეზი სახელდება. ინფორმაცია სამინისტროსგან ვერც ნეტგაზეთმა მიიღო, რომელიც 24 აგვისტოს გამოითხოვა.

სამი შენიშვნა

სამი ძირითადი პუნქტია გამოყოფილი, დევნილების გამოსახლებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის ანგარიშში, კერძოდ:

1.გამოსახლების მცირე ვადები, დევნილებს  არ ჰქონდათ საშუალება,  შენობები თავიანთი ნივთებისაგან დაეცალათ.

2.ინფორმირებულობის პრობლემა,   როგორც წესი, ის დევნილები, რომლებიც ალტერნატულ განსახლებას ექვემდებარებოდნენ, არ ფლობდნენ ინფორმაციას ალტერნატული საცხოვრებლის შესახებ.

3. მცირე შემთხვევებში, დევნილებისთვის წინასწარ იყო ცნობილი შეთავაზებული ალტერნატივის შესახებ, ხშირად დღის წესრიგში  სხვა პრობლემა დგებოდა, კერძოდ, ალტერნატული ფართი არ აკმაყოფილებდა საცხოვრებლად აუცილებელ მინიმალურ სტანდარტებს.

ამას გარდა, ანგარიშში დევნილების პოზიციაც ფიქსირდება, რომლებიც გამოსახლების პროცესს შეურაცხმყოფელს უწოდებენ. არასათანადო მოპყრობის, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, ცალკეულ შემთხვევებში დევნილები ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც მიუთითებდნენ.

მთავარი რეკომენდაცია

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ უზრუნველყოს დევნილებისათვის გამოსახლებამდე ზუსტი ინფორმაციის მიწოდება, მათ მიმართ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

 დევნილ მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა, წინასწარ მოინახულოს შეთავაზებული ალტერნატული ფართი და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. დევნილთა ალტერნატულ საცხოვრებელში გადაყვანამდე, მოხდეს მათი სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილ მინიმალურ საცხოვრებელ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

გამოკითხვა

სახალხო დამცველის მონიტორებმა დევნილები გამოკითხეს. მათ მიერ დასმულ კითხვაზე, „ფლობთ თუ არა ინფორმაციას პრივატიზაციის ნებაყოფლობითობისა და მასზე უარის თქმის შემთხვევაში არსებული ალტერნატივების შესახებ“ პასუხები ასე განაწილდა:

დიახ 16, 70 %

არა 40, 30  %

პასუხის გარეშე 43,1%

კომუნიკაციის ნაკლებობა

სახალხო დამცველის ანგარიშში  პრობლემად დევნილებსა და სამინისტროს შორის კომუნიკაციის ნაკლებობაა დასახელებული.

”დევნილთა უმრავლესობისათვის ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, რა ელით. ხშირ შემთხვევაში დევნილები ვერ იღებენ ამომწურავ პასუხს  კითხვაზე, მოხდება თუ არა  კოლექტიური ცენტრის პრივატიზება  და რა დროს”.

სახალხო დამცველის აპარატი პოზიტიურად აფასებს დევნილების ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საერთაშორისო დონორების დახმარებით, სამინისტროში ცხელი ხაზისა და მისაღების შექმნას, სადაც დევნილებს 24 საათის განმავლობაში შეეძლებათ მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღება.

თუმცა, მიუხედავად ცხელი ხაზის არსებობისა, ომბუდსმენის ანგარიშში ნათქვამია: ”აშკარაა, რომ დევნილთა შორის ინფორმაციის ნაკლებობა პრობლემად რჩება”.

დევნილები ხშირად მიმართავენ სახალხო დამცველის აპარატს. მიმართვის ერთ-ერთი ხშირი თემა მათ მიერ სამინისტროში კონკრეტული კითხვებით გაგზავნილი უპასუხო წერილებია, რომლებსაც თვეობით ელოდებიან.

ჩამორჩენილები

სამოქმედო გეგმის ვადები ომბუდსმენის ანგარიშში ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. აღნიშნულია,რომ მთავრობის განკარგულებით რეგულირებული სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში ჩამორჩენაა.

კერძოდ, სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმა დევნილების საკუთრებაში გადასაცემი კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის დასრულებას და მათ საკუთრებაში გადაცემას 2009 – 2010 წლების პერიოდში ითვალისწინებდა. აღნიშნულ დოკუმენტში ასევე მითითებული იყო, რომ ამავე პერიოდში 20 ათას დევნილს ბინა პირად საკუთრებაში უნდა გადასცემოდა.

სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2009 წლის ბოლოსთვის პრივატიზაციის ხელშეკრულებაზე  მხოლოდ 6 945 დევნილ ოჯახს აქვს ხელი მოწერილი.

”აღნიშნული ტემპით პროცესის გაგრძელების შემთხვევაში,  სამოქმედო გეგმით დადგენილ ვადაში დასახული მიზნის განხორციელება არარეალური ხდება. განახლებულ სამოქმედო გეგმაში თარიღებმა გადაიწია. იმ პერიოდში, სადაც ვადები იყო განსაზღვრული 2009–2010 წლებით, გვხვდება ჩასწორება 2011–2012 წლებით”.

კერძო სექტორის ახალი პრობლემები

ომბუდსმენის ანგარიშში ნათქვამია, რომ კერძო სექტორში მცხოვრები დევნილების მიმართვების რიცხვმა სახალხო დამცველის აპარატში უკნასკნელ პერიოდში გაიზარდა.

”კერძო სექტორში განსახლებულ დევნილთა უმრავლესობა უმძიმეს სოციალურ პირობებში ცხოვრობს ქირით, პერიოდულად მატერიალური მდგომარეობის გაუარესების გამო, დევნილთა ნაწილი  საცხოვრებლის გარეშე დარჩენის საფრთხის ქვეშდგება.”

მსგავს შემთხვევებში სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შუამდგომლობით, აღნიშნულ პირთა შესაძლებლობის ფარგლებში დაკმაყოფილების თხოვნით, “თუმცა უმრავლეს შემთხვევაში უშედეგოდ”.

კერძო სექტორში მცხოვრები 47 ათასი ოჯახიდან  7494  არ საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან  საცხოვრებლით დაკმაყოფილებას, თუმცა დაახლოებით 39 506  ოჯახი მის მოლოდინშია, ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

სამოქმედო გეგმაში შესული ცვლილებები

სამოქმედო გეგმის  თანახმად, 2010 წელს უნდა დაწყებულიყო ე.წ. კერძო სექტორში მცხოვრები დევნილების დაკმაყოფილება. საქართველოს მთავრობის 575-ე განკარგულებით, კერძო სექტორში მცხოვრები დევნილები რამდენიმე კატეგორიად დაყო:

ა. კერძო სექტორში განსხლებული დევნილები, რომელთაც გააჩნიათ უძრავი ქონება.

ბ. დევნილები, რომლებიც ცხოვრობენ ნათესავებთან ან ქირით და ამავდროულად გააჩნიათ მიწის ნაკვეთი.

გ. დევნილები, რომლებიც არიან ნათესავებთან ან ქირით და არ გააჩნიათ უძრავი ქონება.

დ.  დევნილები, რომელთაც მიიღეს ფულადი კომპენსაცია სტრატეგიის დამტკიცებმადე და ეს თანხა არ გამოიყენეს უძრავი ქონების შესაძენად.

ამგვარ დაყოფას სახალხო დამცველიც ეხმაურება და ამბობს,რომ :

”ამგვარი დიფერენციაცია, დევნილების საჭიროებიდან გამომდინარე, დაკმაყოფილების საშუალებას იძლევა, რაც დადებითი მოვლენაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ სირთულეებს, რაც ამ ტიპის აღწერის ჩასატარებლად არის საჭირო, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ განხორციელებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება”.

სახალხო დამცველის მოხსენებაში ყურადღება გამახვილებულია სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში შესულ ცვლილებაზე, რომელიც მესამე ეტაპზე 2011–2012 წლებში უნდა განხორციელდეს. თუ ძველ ვერსიაში ეწერა, რომ დევნილთა ოჯახებს, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას, გაეწევათ ერთჯერადი ფულადი დახმარება, განახლებულ ტექსტში განსაზღვრულია, რომ „ დევნილთა ოჯახებს, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას, ფინანსური რესურსების არსებობის შესაბამისად, შესაძლოა გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება.“  ომბუდსმენის ანგარიშში ნათქვამია, რომ ამგვარი ჩანაწერი არ გამორიცხავს, ფინანსური რესურსების არარსებობის შემთხვევაში, დახმარების გაწევაზე უარის თქმას.

ისტორია და რეალობა

ომბუდსმენის ანგარიში დევნილების პრობლემების მიმოხილვას 1990-ანი წლებიდან იწყებს.

1990 –იანი წლების დევნილთა რაოდენობა  233 453 ადამიანს შეადგენდა, ხოლო 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ მათ რაოდენობას 15 912 დევნილი შეემატა. (მართალია, რაოდენობა 22 ათასს შეადგენს, მაგრამ აქედან მხოლოდ 15 912–ს აქვს მინიჭებული დევნილის სტატუსი)

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2010 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოში სულ 249 365 დევნილი ცხოვრობს( 87 962 ოჯახი).

საქართველოს მასშტაბით, 1990 –იანი წლების დევნილები 1540 კოლექტიურ ცენტრში არიან გადანაწილებული. აქედან 805 კოლექტიური ცენტრი  რეგიონებშია, ხოლო 735 – თბილისში.

467 კოლექტიური ცენტრი სახელმწიფოს საკუთრებაშია,   229 -კერძო საკუთრებაში, ხოლო 109 –  შერეულ საკუთრებაში.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კოლექტიური ცენტრებიდან 243-ს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, 45 ცენტრი გამოყენებული იქნა დევნილებისათვის გრძელვადიან საცხოვრებლად და 179 დაიბრუნებს თავის პირვანდელ ფუნქციებს.

რეგიონებში დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები 18 051 ოჯახიდან  7219–თვის საცხოვრებლად რეაბილიტირებული ცენტრები იქნება შეთავაზებული, ხოლო 10 832 კვლავაც საჭიროებს გრძელვადიანი საცხოვრებლით  დაკმაყოფილებას.

თბილისში არსებული 735 კოლექტიური ცენტრიდან 330 არის სახელმწიფო საკუთრებაში, 220- კერძო საკუთრებაში, ხოლო 185 – შერეული საკუთრებაა, სახელმწიფო საკუთრებაში გატარებული 330 ცენტრიდან მხოლოდ 195 იქნება შეთავაზებული დევნილებისათვის საკუთრებაში გადასაცემად.

თბილისში კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები 16 807 ოჯახიდან 7 777 ოჯახისთვის საცხოვრებლად რეაბილიტირებული ცენტრი იქნება შეთავაზებული, თუმცა, ამის მიუხედავდ, 9 030 ოჯახი კვლავაც საჭიროებს გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებას.

2010 წლის იანვრის მონაცემებით, სამინისტრომ 23 000 დევნილი ოჯახის საცხოვრებელი პრობლემა უკვე გადაჭრა  (2008 წლის აგვისტოს შემდეგ) აქ იგულისხმება 8 000 ე.წ. ახალი და 15 000 ე.წ. ძველი დევნილი.  სამინისტროს გაანგარიშებით, თუ დამატებითი  დაფინანსების მოძიება ვერ მოხერხდა,  დაახლოებით 28 000  დევნილი ოჯახი კვლავ დარჩება უმძიმეს პირობებში.

სახალხო დამცველის ანგარიშში მოცემულია საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგები რეგიონების მიხედვით:

აჭარის მასშტაბით ჩატარებულმა მონიტორინგმა ცხადყო, რომ საცხოვრებელი პირობების მხრივ  მდგომარეობა  რეგიონში დამაკმაყოფილებელია,  მონიტორის მიერ მონახულებულ 15  კოლექტიურ ცენტრში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა,  შენობები მოწესრიგებული, დასუფთავებული და განათებულია. საცხოვრებელი პირობები მძიმეა იმ შენობებში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა.

სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები დევნილების უმეტესობა საცხოვრებელი პირობებით უკმაყოფილოა, ზოგადად, სამეგრელოს რეგიონში არსებული კოლექტიური ჩასახლების  ობიექტის მდგომარეობა განსაკუთრებული სიმძიმით გამოირჩევა. მონიტორინგი 132 კოლექტიურ ცენტრში განხორციელდა.

იმერეთის რეგიონში ხშირია ისეთი ობიექტები, სადაც მწვავედ დგას ჰიგიენისა და ანტისანიტარიის პრობლემები. იმერეთის რეგიონში მონიტორინგი 53 კოლექტიურ ცენტრში განხორციელდა.

”რაც შეეხება იმერეთის რეგიონში რეაბილიტირებულ შენობებს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დევნილების უმრავლესობა  უკმაყოფილოა სარეაბილიტაციო სამუშაოებით. ძირითადი პრობლემები ყველგან ერთია, სახურავიდან ჩამოდის წყალი და, შესაბამისად, ოთახში ნესტია, რაც მოქმედებს ჯანმრთელობაზე”.

შიდა ქართლში 2008 წლის კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები ჩასახლებულები არიან  კორპუსის ტიპის სახლებში და ახლად აშენებულ კოტეჯებში.  კორპუსის ტიპის სახლებში, მიუხედავად განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისა,  წყლის სისტემა მალევე გაფუჭდა.  სამზარეულოში შექმნილი ანტისანიტარული მდგომარეობის გამო , მოსახლეობა მათ ვერ მოიხმარს.

თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილების საცხოვრებელი პირობები განსხვავდება ცალკეული ცენტრების მიხედვით. არის კოლექტიური ცენტრები, სადაც საცხოვრებელი პირობები საკმაოდ კარგია, თუმცა რიგ ცენტრებში მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც  გაუსაძლისი ან უკიდურესად მძიმე, ნათქმია ომბუდსმენის ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი