საზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

სამი დევნილი ქალის ბრძოლა საცხოვრებლისთვის [ვიდეო]

6 დეკემბერი, 2023 • 1131
სამი დევნილი ქალის ბრძოლა საცხოვრებლისთვის [ვიდეო]

სამმა აფხაზეთიდან დევნილმა ქალმა 5 დეკემბერს, ქუთაისში, ასათიანის ქუჩის გადაკეტვა სცადა პროტესტის ნიშნად. პოლიციამ ქალები სავალი ნაწილიდან მალევე გაიყვანა.

ორ კვირაზე მეტია, ქუთაისში, ყოფილ სასტუმრო „თბილისში“ მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი სამი ოჯახი საცხოვრებლის მიღების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს. სახელმწიფო ამბობს, რომ ყოფილი სასტუმროს მკვიდრი ყველა დევნილი ოჯახი ბინით უკვე დააკმაყოფილა და დარჩენილ ოჯახებს სხვადასხვა მიზეზით, ამ მხრივ დახმარება აღარ ეკუთვნით.

სასტუმროს შენობა, რომელშიც დევნილები ცხოვრობდნენ, სახელმწიფომ გაყიდა. ინვესტორმა კი შენობის ნგრევა დაიწყო. უბინაოდ დარჩენილი დევნილები დახმარებას და ბინებით დაკმაყოფილებას სახელმწიფოსგან ითხოვენ. თუმცა პასუხისმგებელი უწყება, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო აცხადებს, რომ დევნილებს ბინები არ ეკუთვნით.

5 დეკემბრის მონაცემებით, ყოფილ სასტუმრო „თბილისის“ შენობაში 7 ოჯახი ცხოვრობს. აქედან 3 ოჯახი ამბობს, რომ სახელმწიფო მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ვალდებულია აფხაზეთიდან დევნილები საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოს.

საცხოვრებლის გარეშე დარჩენის წინაშეა 72 წლის ნაზიკო მოდებაძეც.

„მე და ჩემი მეუღლე 30 წლის წინ წამოვედით აფხაზეთიდან. 4 შვილი წამოვიყვანე სოხუმიდან. აგვისტოს თვე იყო. 1992 წელი იყო. ფოთში ჩამოგვიყვანეს გემით, მერე ჩაგვიყვანეს თბილისში, იქიდან გაგვანაწილეს ქუთაისში, მოვხვდით ქუთაისის სასტუმრო „თბილისში“ და მაგის შემდეგ ვცხოვრობ აქ,“ – უყვება „ნეტგაზეთს“ აფხაზეთიდან დევნილი ნაზიკო მოდებაძე თავის ისტორიას.

ოფიციალური მონაცემებით, სასტუმრო „თბილისი“ აფხაზეთიდან დევნილი 34 ოჯახისთვის გახდა თავშესაფარი. სახელმწიფომ სწორედ 34 ოჯახი დააკმაყოფილა ბინით. სახელმწიფოს მიერ შედგენილ სიაში ვერ მოხვდა ნაზიკო მოდებაძის, მაიკო შუბითიძის და თამარ თითბერიძის ოჯახები.

ნახევრად დანგრეული ყოფილი სასტუმროს მეოთხე სართულზე ახლა მხოლოდ ნაზიკო და ჰასკის ჯიშის ძაღლი, ლედი ცხოვრობს. სხვა მოსახლეები სახელმწიფომ გაიყვანა.

ნაზიკო გვიყვება, რომ ის და მისი მეუღლე 28 წელი ერთად ელოდნენ ბინის მიღებას. ზურაბ მოდებაძე 4 წლის წინ სიმსივნით გარდაიცვალა. მეოთხე წელია ქვრივი ცდილობს სახელმწიფოსგან მიიღოს კუთვნილი საცხოვრებელი ფართი, მაგრამ უშედეგოდ.

„საბუთები მაქვს, ყველანაირი დოკუმენტაცია, რომ ბინა მეკუთვნის. ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დავრჩი მარტოდმარტო და საერთოდ არ მაქცევს ყურადღებას არავინ. მეც უნდა მოვმკვდარიყავი?“ – სვამს კითხვას ნაზიკო მოდებაძე.

ასე გამოიყურება სასტუმრო თბილისის შიდა ინტერიერი სადაც დევნილები ცხოვრობენ

სასტუმრო „თბილისის“ შენობა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გასაყიდად აუქციონზე  2023 წლის 14 აგვისტოს გაიტანა. შენობა, სადაც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები ცხოვრობდნენ, 4 სექტემბერს გაიყიდა 2 155 000 ლარად. შენობის მფლობელი შპს „პრემიუმ ქონსტრაქშენი“ გახდა.

ინვესტორმა შენობაში, სადაც დევნილები ამ დრომდე ცხოვრობენ, სამუშაოების დაწყება 22 ნოემბერს სცადა. სწორედ ამ დღის შემდეგ დევნილები საპროტესტო აქციებს მართავენ და სახელმწიფოს მოუწოდებენ, დააკმაყოფილონ კუთვნილი ფართებით.

28 წლის თამარ თითბერიძე  სასტუმრო „თბილისში“ დაიბადა. მისი მშობლები აფხაზეთში, სოფელ კოჩარში ცხოვრობდნენ. ომის დაწყების შემდეგ ქუთაისში ჩამოვიდნენ და მათი საცხოვრებელი სახლი ყოფილი სასტუმრო „თბილისი“ გახდა.

თამარს ორი და ჰყავს. ბინა მხოლოდ თამარის დედ-მამამ მიიღო. თამარი ქმართან და ორ შვილთან ერთად ახლა ნახევრად დანგრეულ სასტუმროში ცხოვრობს და სახელმწიფოს სთხოვს კუთვნილი ბინა მისცეს.

„ჩვენი საცხოვრებელი პირობები არის კრიტიკულ მდგომარეობაში. აქ ცხოვრება არ შეიძლება. თან ეს ობიექტი ინგრევა. ბინა გვეკუთვნის და სახელმწიფომ უნდა მოგვცეს. სად წავიდე, წასასვლელი არ გვაქვს არსად. ქირით ვერსად ვერ წავალ.

დღემდე არ ვიცი პასუხი, რატომ ვერ მივიღე ბინა. როცა მოვიკითხე, მითხრეს აუდიტი როცა მოვიდა, რატომ არ დახვდით ადგილზეო. ერთ სართულზე ვცხოვრობდით მე და ჩემი მშობლები, სხვადასხვა ოთახებში ოღონდ. აუდიტი როცა იყო მოსული, სიებით დადიოდნენ და ჩვენ გამოგვტოვეს. აქ, ამ ოთახში ვიყავი, მაგრამ არ შემოსულან შესამოწმებლად.

მერე განცხადებაც დავწერე, რატომ არ მოვიდა აუდიტი ჩვენთან-მეთქი, მაგრამ დღემდე პასუხი არ ვიცით.

“ქირის საშუალება არ მაქვს. მარტოხელა ვარ, სოციალურად დაუცველი. ქირას ვერ გადავიხდი,“ – ამბობს თამარ თითბერიძე.

თამარ თითბერიძე

მაია შუბითიძეც სასტუმრო „თბილისში“ დაიბადა. მისი მშობლები აფხაზეთიდან დევნილები არიან. მაია მარტოხელა დედაა და შვილთან ერთად ნახევრად დანგრეულ სასტუმროში ცხოვრობს. მისმა ოჯახმა, მშობლებმა და ძმამ სახელმწიფოსგან ბინა მიიღო, თუმცა მაიკო ბინის მიმღებთა შორის ვერ მოხვდა.

მაია ამბობს, რომ დევნილთა სააგენტომ გადაამოწმა, იმედი ჰქონდა, რომ ბინას მიიღებდა, თუმცა როცა სიები მოვიდა, მაია მასში არ აღმოჩნდა.

„6 წლის შვილი მყავს. სადმე წასასვლელი რომ მქონდეს, ამ პირობებში არ ვიცხოვრებდი,“- ამბობს მაია შუბითიძე.

რას ამბობს სახელმწიფო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 5 დეკემბერს, მას შემდეგ რაც კიდევ ერთხელ გამართეს სასტუმრო თბილისში შესახლებულებმა საპროტესტო აქცია, ფეისბუქ პოსტით უპასუხა დევნილებს.

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობა ისე გაიყიდა, რომ იქ მცხოვრები დევნილი ოჯახები სახელმწიფომ საცხოვრებლით არ უზრუნველყო სიმართლეს არ შეესაბამება.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ 2020 წელს, ყოფილ სასტუმრო „თბილისში“ ფაქტობრივად მცხოვრებ ყველა ოჯახს დევნილთა სააგენტომ ბინები გადასცა.  სრულად გარემონტებული საცხოვრებელი ფართები  იძულებით გადაადგილებულმა 34-მა ოჯახმა მიიღო და შენობა, როგორც დევნილთა საცხოვრებელი ობიექტი ოფიციალურად დაიხურა.

აღსანიშნავია, რომ  ყოფილ სასტუმრო „თბილისში“  რამდენიმე დევნილი ოჯახი რჩება, საიდანაც ერთ-ერთი ოჯახი შენობაში მისი ოფიციალურად დახურვის შემდეგ შესახლდა. ასევე, შენობაში ცხოვრობს დევნილი ოჯახი, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან, საცხოვრებლით უზრუნველყოფის სანაცვლოდ, მიღებული აქვს ფულადი კომპენსაცია. შენობაში მყოფ კიდევ ერთ ოჯახს კი, საკუთრებაში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი გააჩნია.

შესაბამისად სახელმწიფოს აღნიშნული ოჯახების უპირობო განსახლების  ვალდებულება არ გააჩნია.

ქუთაისში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით 720 ბინის მშენებლობა მიმდინარეობს. დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა აქვთ ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადი შეავსონ და მათი საკითხი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილება. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად დახურული ობიექტიდან შევსებული განაცხადი არ განიხილება,“- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სასტუმრო თბილისი

ვინაიდან ამ ეტაპისთვის სასტუმრო „თბილისში“ 7 ოჯახი ცხოვრობს, მათგან კი სამი ოჯახი ამბობს, რომ სახელმწიფოსგან არც კომპენსაცია მიუღიათ და არც ალტერნატიული საცხოვრებელი აქვთ, „ნეტგაზეთმა“ სცადა დაზუსტება, სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეხებოდა თუ არა ნაზიკო მოდებაძის, მაია შუბითიძის და თამარ თითბერიძის ოჯახებს. თუმცა სააგენტოს წარმომადგენელმა გვითხრა, რომ პერსონალური ინფორმაციის გაცემა ამ ადამიანების შესახებ არ შეეძლო.

თავად ჩვენი რესპონდენტები კი აცხადებენ, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, აფხაზეთიდან დევნილები საცხოვრებელი ბინებით დააკმაყოფილოს, მაგრამ ამ ვალდებულებას არ ასრულებს.


მასალების გადაბეჭდვის წესი