საზოგადოება

ყოფილი მსოფლიო ჩემპიონის „აღსარება“

17 აგვისტო, 2010 • 2733
ყოფილი მსოფლიო ჩემპიონის „აღსარება“

დათო ბედინაძე
დათო ბედინაძე

2005-2008 წლების საქართველოს ერთ-ერთი უძლიერესი ფალავანი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დათო ბედინაძე, 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის შემდეგ საჭიდაო ხალიჩაზე აღარ გამოჩენილა. მას სპორტიდან წასვლის შესახებ განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ორწლიანი გაუჩინარების მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე ჩემპიონი „ბათუმელებს“ ესაუბრა.

 

დათო ბედინაძემ 2005 წელს საქართველოს ევროპული ბრინჯაო, 2006 წელს კი მსოფლიოსა და ევროპის ვერცხლის მედლები მოუტანა. 2007 წელს დათო მსოფლიო ჩემპიონატზე უმაღლეს საფეხურზე ავიდა. მისგან ოლიმპიურ მედალსაც ბევრი ელოდა. თუმცა პეკინში ოლიმპიური ჩემპიონობისთვის წასული დათო საქართველოში უმედლოდ და, მისი თქმით, ფსიქოლოგიურად განადგურებული დაბრუნდა.

 – დათო, ნაკრებშიც ვეღარ გხედავთ, რატომ?

 – პეკინის შემდეგ აქტიური სპორტიდან წავედი. ჭიდაობა ძალიან მიყვარს, ჩემი ცხოვრების ნაწილია, აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, მწვრთნელის ამპლუა მოვირგო. სექტემბრიდან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეორე მწვრთნელობას ვცდი. 

ვფიქრობ, აქტიურ სპორტში ჩემი დაბრუნება გამორიცხულია. მართალია, სპორტსმენები, ვინც ჩემსავით დაანებეს ვარჯიშს თავი, სულ მეუბნებიან, რომ ორი წლით მათაც შეუწყვეტიათ ვარჯიში, მაგრამ მერე ჭიდაობის გარეშე ვერ გაუძლიათ… მწვრთნელები დღემდე მირეკავენ, ვარჯიშებზე რომ მივიდე. ჯერ ახალგაზრდა ვარ, სპორტული ასაკი მაქვს და სამწვრთნელოდ ბევრს ვენანები.

 რა უნდა მოხდეს, რომ ეს გადაწყვეტილება შეცვალოთ?

 – პირველ რიგში ჯანმრთელობამ უნდა შემიწყოს ხელი და ფსიქოლოგიური ბარიერი უნდა გადავლახო. მაშინ აქტიურ სპორტს აუცილებლად დავუბრუნდები. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ორი ფაქტორია. ვარჯიში და შრომა არასოდეს მეზარება! ჭიდაობით მოწამლული ვარ – დარბაზში მივდივარ ხოლმე, გადავკოტრიალდები, ბავშვებს შევხედავ, რაღაცას ვასწავლი და ამითაც სიამოვნებას ვიღებ. თუმცა, როდესაც თავად ჭიდაობ, ამ შეგრძნებას არაფერი შეედრება. უბრალოდ, ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს და ფსიქოლოგიურად ვარ განადგურებული. სპორტში ფსიქოლოგია უმნიშვნელოვანესია. ხალიჩაზე ისევ თუ გავედი, აუცილებლად შედეგისთვის ვიბრძოლებ. არ მინდა, მოყვარული დამერქვას…

 –ახლა 2008 წელი რომ იყოს, რას შეცვლიდი?

– პეკინში საქართველოსთან დაკავშირებულ მომხდარ ამბებს უფრო სხვანაირად შევხედავდი, სხვანაირად ვიჭიდავებდი და ფსიქოლოგიურად უფრო მომზადებული ვიქნებოდი.

15 დღე წონას ვიკლებდით, ვშიმშილობდით, წყალსაც არ ვსვამდით. მერე გვითხრეს, რომ საქართველოში ვბრუნდებოდით, ოლიმპიადაზე აღარ ვიჭიდავებდით. წავედით და ვჭამეთ. შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, თქვენი ბრძოლით მაქედან უფრო დაეხმარებით სამშობლოსო და დელეგაციამ პეკინში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გაუგებრობაში ჩემს თავსაც დამნაშავედ მივიჩნევ. ის ერთი დღეც უნდა მომეთმინა. წონის კლების დროს სულ საჭმელზე ვფიქრობდი, ჭამას თუ ვეღირსებოდი, არ მეგონა. მაგრამ ჩვენს ქვეყანას სჭირდებოდა და ყველაფერს ვუძლებდი, პასუხისმგებლობას ვგრძნობდი ქვეყნის წინაშე. სხვანაირად მოქცევის უფლება არ გვქონდა, მაგრამ შეცდომაში შევედით. საქართველოში ომს მაშინ არავინ ელოდა…

მერე მე და ზაზა კედელაშვილი მთელი ღამის განმავლობაში წონას ვიკლებდით. შეჯიბრი დაბალწონიანებით იწყებოდა და დილით აწონვები გვქონდა. სხვებთან შედარებით ძალების აღდგენა ვეღარ მოვასწარით. მიუხედავად დიდი შემართებისა, ისეთ სპორტულ ფორმაში ვეღარ ვიყავით, შედეგზე რომ გვეფიქრა.

მაშინ შეიძლებოდა გამარჯვება, უმაღლეს მწვერვალზე ასვლა, ყველაფერი წყალში ჩამეყარა. ამის შემდეგ ფსიქოლოგიურად ძალიან წავიშალე…

  როგორც ვიცი, ამ ყველაფერთან ერთად მსაჯებმაც „იყოჩაღეს…“ 

 – ორგზის ოლიმპიურ და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონს, ბულგარეთის სახელით მოასპარეზე არმენ ნაზარიანს ვხვდებოდი. ოლიმპიადაზე მეოთხედ მონაწილეობდა, საკმაოდ ასაკოვანი იყო. ოლიმპიური ბრინჯაოც ჰქონდა მოპოვებული და პეკინში რომ გაემარჯვა, მისი სახელი ისტორიაში სხვანაირად ჩაიწერებოდა… ამიტომ მსაჯებმა მაქსიმალურად არაობიექტურად იმსაჯეს…

 ოლიმპიადის შემდეგ ტელევიზიით განაცხადეთ, რომ ივიწყებდით მოპოვებულ ტიტულებს და თავიდან იწყებდისპორტულ კარიერას…

 – მართლა მინდოდა ყველაფრის თავიდან დაწყება, მაგრამ სხეულმა არ მომცა ამის საშუალება. ბევრი ტრავმა მქონდა და ვარჯიშებზე დიდ დატვირთვებს ვეღარ ვუძლებდი. 

  ჭიდაობა საკმაოდ ძვირადღირებული სპორტია, ფინანსური ხელშეწყობა თუ გქონდათ?

 -სპორტსმენს ხელშეწყობა მანამ სჭირდება, სანამ დიდ შედეგს მიაღწევს, თორემ ჩემპიონის დახმარებას მერე ყველა ცდილობს. იყო პერიოდი, როცა თბილისელ ფალავნებს თბილისის მერია აფინანსებდა და ჩვენ გვეუბნებოდნენ ბათუმმა დაგაფინანსოთო. აქ გვერდში არასოდეს არავინ დამდგომია. ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს, სახლში რაც გვქონდა, ევროპის კადეტთა ჩემპიონატზე რომ წავსულიყავი. იმ დროს ხელფასიც არ იყო. ვიტამინების შესაძენ ფულსაც არ მაძლევდნენ, რის გარეშეც ჭიდაობა შეუძლებელია. იმ დროს აჭარაში სამი თუ ოთხი წარმატებული სპორტსმენი ვიყავით და შეეძლოთ ხელი შეეწყოთ. ამ შედეგებს უფრო ადრე მივაღწევდი, რასაც შემდეგ წლები დასჭირდა. საბედნიეროდ, დღეს ფალავნებს აფინანსებენ და კარგი ხელფასებიც აქვთ.

 როგორი იყო მსოფლიო ჩემპიონის პირველი ნაბიჯები და შეჯიბრი, რომელმაც შენზე გავლენა მოახდინა?

 

-1997 წელს ბათუმის სპორტსკოლის დირექტორმა, ნოდარ ჭანუკვაძემ სკოლებში ჩამოიარა და გვითხრა თუ ჭიდაობაზე ივლით, 3-4 კაცის ერთად გალახვას შესძლებთო. მაშინ მე-5 კლასში ვიყავი და სადღაც 35 კილოს ვიწონიდი. ამ სიტყვებმა ძალიან დამაინტერესა. ბუნებით აზარტული ვარ და გამარჯვების სურვილით შევრჩი ჭიდაობას. იყო შემთხვევები, როცა ბატონი ნოდარი სკოლაში მაკითხავდა და დარბაზში მივყავდი, ჩემი სპორტული ფორმა მანქანაში ჰქონდა. ძალიან მწყდება გული, ბატონი ნოდარი რომ ვერ მოესწრო ჩემს წარმატებას… ძალიან ბევრი ენერგია აქვს ჩემზე დახარჯული.

ბატონი ნოდარის გარდაცვალების შემდეგ თბილისში ვაჟა კრავეიშვილთან ვვარჯიშობდი. ჩემი წარმატება სწორედ მაგ პერიოდიდან დაიწყო. ჩემში ასევე დიდი შრომა აქვს ჩადებული გელა ჯანელიძეს. უძლიერესი მწვრთნელია! სულ გელასთან ვიყავი, თავისუფალ დროს არ მაძლევდა. ძალიან მადლობელი ვარ ამ კაცის. 2005 წლიდან კი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩია მეხმარებოდა. ამ ადამიანების წყალობით გავხდი 2007 წელს მსოფლიო ჩემპიონი…

ბავშვობაში მწვრთნელთან მქონდა პრეტენზია, აჭარის ჩემპიონატზე რამდენჯერ უნდა ვიჭიდავო, სულ დავანებებ ჭიდაობას თავს-მეთქი. ერთხელაც თბილისში, საერთაშორისო ტურნირზე წამიყვანა. მაშინ 35კგ.-ში ვჭიდაობდი. სპორტის სასახლე, უზარმაზარი დარბაზი, უამრავი ხალხი, განათებები რომ დავინახე, ისე დავიბენი, როდის გავედი ხალიჩაზე და როდის ვიჭიდავე, არ მახსოვდა. მაშინ იმ ერთი შეხვედრით დავამთავრე ტურნირი, მაგრამ ვთქვი, რომ მომავალ წელს აუცილებლად მოვიგებდი! აზარტული ვარ და ჭიდაობის დროს ეს ძალიან მეხმარებოდა… ცოტა ემოციურიც ვარ, სულ ჭიდაობაზე ვფიქრობ, ღამეც მესიზმრება. ტელევიზორში რომ ვუყურებ ჭიდაობას, გული მწყდება, მეც მინდა ბიჭებთან ერთად ვიყო.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი