სამართალიხელოვნება

ვან დეიკის სურათის ქვეყნიდან გატანაზე გამოძიება დაიწყო

13 იანვარი, 2016 • 2696
ვან დეიკის სურათის ქვეყნიდან გატანაზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სავარაუდოდ, ვან დაიკის ტილოს ქვეყნიდან გატანაზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214–ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს საქართველოს საბაჟო საზღვარზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხული სხვა კულტურული მემკვიდრეობის, ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობის ან ნაკეთობის ჯართის წესის დარღვევით გადატანას ან გადმოტანას.

საგამოძიებო სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე დაკითხულები არიან ზაჰირ ჰუსეინოვი, მალხაზ მახარაძე, ამჟამად დაკითხვაზე იმყოფება ეკა არეშიძე. თუმცა გრძელდება საგამოძებო მოქმედებები და სავარაუდოდ დაიკითხებიან ის ადამიანები, ვისაც შეიძლება კავშირი ჰქონდეს ამ საქმესთან.

ამ ეტაპზე საქმეზე ბრალდებული არავინ არის.

 

  • 8 იანვარს თურქულმა მედიამ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ცნობილი ფლამანდიელი მხატვრის, ანტონი ვან დეიკის ტილო, რომელიც ევროპიდან თურქეთში საქართველოდან შევიდა,  $14 მილიონად იყიდებოდა. ამ საქმეზე ორი ბიზნესმენია დაკავებული.
  • 9 იანვარს თბილისში მცხოვრები ეკა აბაშიძე ჟურნალისტებს დაუკავშირდა და განაცხადა, რომ დაახლოებით 15 წლის წინ შეძენილი ვან დეიკის ტილო მათ ოჯახში წლების განმავლობაში ინახებოდა.
  • ეკა აბაშიძე ამბობს, რომ ტილოს ავტორის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და 2010 წელს ფინანსური პრობლემების გამო ზაჰირ ჰუსეინოვს და მალხაზ მახარაძეს მიჰყიდეს, რომელთაც ეს ნამუშევარი თურქეთში უნდა გაეყიდათ.
  • ეკა აბაშიძის თქმით, მისმა ოჯახმა ჰუსეინოვისგან დაპირებული $37 ათასი დოლარიდან მხოლოდ $7 ათასი მიიღო.
  • კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2010 წელს მართლაც გასცეს ნებართვა ამ ნამუშევრის ქვეყნიდან გატანაზე, თუმცა კომისიის მიერ შედგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნახატის ავტორი უცნობია.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ თურქეთში ნაპოვნი ტილოს ავტორის დასადგენად ექსპერტიზა ტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი