სამართალი

ინიციატივა: ცვლილებები მედიის გამჭვირვალობისთვის

27 ოქტომბერი, 2010 • • 1387
ინიციატივა: ცვლილებები მედიის გამჭვირვალობისთვის

საინიციატივო ჯგუფმა, გაზეთ ,,რეზონანსის’’ რედაქტორის ლაშა ტუღუშის ხელმძღვანელობით, საქართველოს სახალხო დამცველს 8 კანონში შესატანი ცვლილებები და დამატებები წარუდგინა. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად ინფორმაციის საჯაროობის შესახებ არსებული პრობლემები დაასახელეს. ეს რვა კანონპროექტი მაუწყებელთა საკუთრებასთან და საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ პრობლემების გადაჭრის გზებსაც ეხება.

ცვლილებებისა და დამატებების პროექტი საინიციატივო ჯგუფმა 8 კანონში წარმოადგინა, ესენია: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, სახელმწიფო რეესტრის შესახებ კანონი, მაუწყებლობის შესახებ კანონი, კორუფციის შესახებ, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ და დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ კანონები.

ცვლილებები, ძირითადად, მედიასაკუთრებისა და ფინანსურ გამჭვირვალობას, საკუთრების კონცენტრაციას, ლიცენზიების თემას, ინტერესთა კონქლიქტებსა და ინფორმაციის საჯაროობას ეხება.

პრეზენტაცია საქართველოს სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გაზეთ რეზონანსის მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა წარუდგინა.

ლაშა ტუღუში პირველად მედიამფლობელების თემას შეეხო. მისი თქმით, საკუთრების თემა ოფშორულ ზონებს უკავშირდება. ოფშორული ზონები კი, თავის მხრივ, კავშირშია  ფინანსურ გაუმჭვირვალობასთან.

პრეზენტაციაზე ტუღუშმა ტელეკომპანია რუსთავი2-ის მაგალითი მოიყვანა.

მისი განცხადებით, მოძიებული მასალით, ტელეკომპანიის პარტნიორები არიან ჰოლდინგი ,,საქართველოს ინდუსტრული ჯგუფი 30%-ანი წილით და დექსოლიმიტედი 70 % -ანი წილით. ეს კომპანია რეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში, კერძოდ, ვირჯინიის კუნძულებზე.

საინიციატივო ჯგუფის აზრით, თუ ქვეყანაში მედიასაშუალებების მესაკუთრეებს  ექნებათ შესაძლებლობა, ოფშორული ზონებით ისარგებლონ, ვერასოდეს ვერ იქნება მედიასაკუთრების გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი, ამიტომ, მათი აზრით, ეს თემა ქვეყანაში, კანონმდებლობის მოწესრიგებით, საბოლოოდ უნდა დაიხუროს. ოფშორული ზონების გამოუყენებლობა საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნაცაა, ტუღუშმა მაგალითად კვიპროსი მოიყვანა და თქვა, რომ კვიპროსისთვის ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი მოთხოვნა ოფშორული სისტემების გაუქმება იყო.    

,,როდესაც მედია ოფშორული კომპანიის ხელშია, გაურკვეველი ხდება მესაკუთრის ვინაობა, შესაბამისად, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ამ ოფშორების უკან ერთი ჯგუფი ან ერთი პიროვნებაა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ჯგუფს ან პიროვნებას ექნება მონოპოლური შესაძლებლობები მედიაბაზარზე, საბოლოოდ ეს საზოგადოებრივი აზრის მონოპოლიამდე მიგვიყვანს’’.

ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საინიციატივო ჯგუფის აზრით, საერთაშორისო ბუღალტრული აღრიცხვის შემოღებით შეიძლება მოხდეს.

საერთაშორისო ბუღალტრული აღრიცხვის სისტემა (ბასს) გულისხმობს, რომ მედიასაშუალებებმა,  პირველ რიგში, ნაციონალურმა არხებმა, კვარტალურად დეტალური ბუღალტრული ანგარიშები თავიან ვებგვერდზე განათავსონ.

ასევე ჯგუფის საკანონმდებლო ინიციატივაა, რომ სოცილური რეკლამების გაყიდვა განხორციელდეს ტენდერებით და არ მოხდეს ერთპიროვნული მოლაპარაკებები, როგორც ეს დღეს ხდება, რადგან ტენდერი, მათი აზრით,  კონკურენტული გარემოს შექმნის საშუალება.

მაუწყებლობის შესახებ კანონით, ადმინისტრაციულ ორგანოს მაუწყებლის სპონსორობა ეკრძალება, თუმცა, ჯგუფის აზრით, აქ ერთი საკითხია გამორჩენილი. კანონი არ კრძალავს გადაცემების სპონსორობას (გარდა ახალი ამბების გამოშვებისა). ჯგუფის წევრები კი ფიქრობენ, რომ ეს არის სპონსორობის არაპირადაპირი და ღია გზა. ამიტომ საკანონმდებლო ცვლილებებში გადაცემების სპონსორობაზე აკრძალვას აწესებენ.

კანონით, მაუწყებლის ლიცენზიის ფლობის უფლება არ აქვთ: სამინისტროს, ადმინისტრაციულ ორგანოებს, მერიას, პარტიებს. ტუღუში ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ უტოვებს ეს კანონი მინისტრს ან მერს, ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეს ლიცენზიის წილის ფლობის უფლებას. ტუღუშის თქმით, ამაზე მოქმედ კანონმდებლობაში არაფერია ნათქვამი. ცვლილებების პროექტით კი მათ ეს უფლება ეზღუდებათ.

პრეზენტაციაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ტუღუშის თქმით, აქ ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს: ინფორმაციას ან საერთოდ ვერ იღებ, ან დროულად ვერ იღებ, არ იბარებენ განცხადებებს, გასაჩივრების შემთხვევაში, ბაჟია დაწესებული, 100 ლარის ოდენობით.

საჯარო რეესტრიდან ინფორმაციის გამოთხოვისათვის თანხის დაწესებას თუღუში პარადოქსს უწოდებს. ვახტანგ ხმალაძის თქმით, რომელიც ასევე საინიციატივო ჯგუფის წევრია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ამბობს, რომ უფასოა ინფორმაციის გამოთხოვა, საჯარო რეესტრის შესახებ კანონი კი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე 15 –ლარიან გადასახადს აწესებს. მისი განცხადებით, ცვილილებების კანონპროექტში ესეც გაითვალისწინეს და უპირატესობა ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს მიანიჭეს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცვლილებების პროექტში ჩაწერეს, რომ  თუ სხვა კანონი განსხვავებულ ნორმას ადგენს ამ საკითხთან დაკავშირებით, უპირატესობა ზოგად ადმინისტაციულ კანონს მიენიჭოს. 

ტუღუშის თქმით, რეესტრის მეორე შემოთავაზება, რომელიც საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ვერსიის მიღებას გულისხმობს, პროგრამა ,,დეჟავუ’’-შია ჩაწერილი, რომელიც, ტუღუშის თქმით, ურთულესი პროგრამაა გასახსნელად და არავინ არ იყენებს. ,,რატომ არ შეიძლება ეს ინფორმაცია, უბრალოდ, ვორდის დოკუმენტით იყოს მოწოდებული?’’, – ამბობს ლაშა ტუღუში.

საინიციატივო ჯგუფი ცვლილებების კანონპროექტში ტერმინის ,,დაუყოვბლივ’’ განმარტებასაც აკეთებს. ,,გაუგებარია, რას ნიშნავს ტერმინი დაუყოვნებლივ, ეს გულისხმობს, 2 საათს, ერთ დღეს, ერთ წელს’’, – ამბობს ტუღუში. ცვლილებების კანონპროექტით, ტერმინი ,,დაუყოვნებლივ’’ განისაზღვრა ინფორმაციის მოთხოვნიდან არა უგვიანეს 7 საათი.

ასევე საინიციატივო ჯგუფის წევრებს მიაჩნიათ, რომ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის და შემდეგ არმიღების შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს საშუალება, ეს ფაქტი სასამართლოში უფასოდ გაასაჩივროს. მოქმედი კანონმდებლობით, სასამართოში გასაჩივრების ბაჟად 100 ლარია დაწესებული.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კანონპროექტს და ამბობს, რომ ეს არის თემები, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატსაც ეხება, ,,მაგალითად, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას, ხშირად პრობლემები მეც მექმნება, მიუხედავად იმისა, რომ კანონით განსაზღვრულია, რომ სახალხო დამცველს დაუყოვნებლივ უნდა მიეწოდოს ინფორმაცია. შემოთავაზებული კანონპროექტები ემსახურება ნდობის გაზრდას, როგორც მედიის ისე საჯარო დაწესებულების მიმართ, და ეს მნიშვნელოვანია’’, – ამბობს გიორგი ტუღუში.

ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონპროექტების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი გაზეთ ,,რეზონანსის’’ რედაქტორი ლაშა ტუღუშია, ჯგუფის წევრები კი კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე, მედიაექსპერტი ნინო დანელია, იურისტი გიორგი ჩხეიძე,  ჯურნალისტი ელისო ჩაფიძე.

ლაშა ტუღუშის თქმით, საინიციატივო ჯგუფი ორშაბათს ,,ქრისტიან-დემოკრატებმა’’ მიიწვიეს კანონპროექტების განსახილვეალდ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი