სამართალი

შსს არასამთავრობოებს პასუხობს

15 ივლისი, 2010 • • 1499
შსს არასამთავრობოებს პასუხობს

საქართველოში მოქმედი არასამთვარობო ორგანიზაციები: ”საია,” ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო,” ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” და “ადამიანის უფლებათა ცენტრი” კორუფციის აღმოსაფხვრელ მუშობას ზედაპირულად ეკიდებიან, აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

სამინისტროს 14 ივლისის განცხადება აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების 2010 წლის 10 ივლისის ერთობლივი მიმართვის პასუხია.

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფოს სვანეთში არსებული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებას სთხოვდა: სვანებს მემკვიდრეობით მიღებული მიწები საჯარო რეესტრში არ ჰქონდათ რეგისტრირებული.

ორგანიზაციები იმასაც განმარტავდნენ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ნელი ნავერიანი მიწების დაკანონებას უშედეგოდ ცდილობდა. რაც, საბოლოოდ, მისი დაპატიმრებით დასრულდა.

”ნელი ნავერიანის დაკავება შესაძლოა მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ნელი ნავერიანმა საკრებულოში საქმიანობა წინა წლის მოწვევის საკრებულოს საქმიანობის შესწავლით დაიწყო და მისი ყურადღების ცენტრში უნებართვოდ გასხვისებული მიწების სამართლებრივი საფუძვლების მოკვლევაც მოხდა,”-ნაწყვეტი არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვიდან.

შსს მიიჩნევს, რომ კანადელი ინვესტორი უილიამ სიმპსონი, რომელსაც მესტიაში სასტუმროს აშენების სურვილი აქვს, კანონიერად მოქმედებს, რადგან ”მიწის ყიდვის ხელშეკრულება კანონიერი იყო და გატარებულ იქნა საჯარო რეესტრში.”

მესტიის საკრებულოს წევრი ნელი ნავერიანი და მისი მაზლისშვილები (დავით ჯაფარიძე-მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტის, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის განვითარებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი, ტარიელ ჯაფარიძე – “ენერგო პრო ჯორჯიას” მესტიის სამსახურის მთავარი ინჟინერი და შოთა ჯაფარიძე) კანადელი ინვესტორის, უილიამ სიმპსონისთვის 220 ათასი დოლარის გამოძალვის ბრალდებით  2010 წლის 7 ივლისს დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორის შოთა უტიაშვილი განცხადებით, ის რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები უჭერენ მხარს, კორუფციაა:

”ეს საქმე, სამწუხაროდ, ადასტურებს, რომ საქართველოში კვლავაც არსებობს კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემები და მათ გადასაჭრელად საჭიროა ყველას, მათ შორის, სახელმწიფოს, მასმედიის, არასამთავრობო სექტორის საერთო ძალისხმევა. 10 ივლისის განცხადება, რომელსაც ხელს ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს, ნამდვილად ვერ ჩაითვლება ამ ძალისხმევის ნაწილად”, – შოთა უტიაშვილი.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მესტიის მცხოვრებლების წინააღმდეგ, რომელთაც ნელი ნავერიანის (მესტიის საკრებულოს წევრის) დაკავებისას სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს , საქმე არის აღძრული.

”სამწუხაროა, რომ ამ განცხადების ხელმომწერთა შორის არის “ტრანსპარენსი ინტერნეშენალიც”… სხვა ქვეყნებში ამ ორგანიზაციის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ჩინოვნიკების მხრიდან პატიოსანი მეწარმეების ძალადობისაგან დაცვა წარმოადგენს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ მიზნებს ამ ორგანიზაციის საქართველოს ფილიალიც იზიარებს”, – შოთა უტიაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ა (ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა) და გ (გამოძალვა დიდი ოდენობის ქონების მიღების მიზნით) ქვეპუნქტების მიხედვით არის აღძრული.

ბრალდებულები ორთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი