სამართალი

“იმედის” ყოფილი ჟურნალისტების საქმე

5 მარტი, 2010 • 3688
“იმედის” ყოფილი ჟურნალისტების საქმე

ტელეკომპანია “იმედის“ ყოფილი ჟურნალისტების სახელით ევროსასამართლოში შესატანად სარჩელი მზადდება. სარჩელი, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ მუშაობს, ჯერჯერობით თორმეტი ჟურნალისტის სახელზე მუშავდება. ჟურნალისტები საქართველოს პროკურატურის არაეფექტურ გამოძიებას გაასაჩივრებენ 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია “იმედში” სპეცრაზმის შესვლასთან და ჟურნალისტების უფლებებთან დაკავშირებით. გამოძიების დაწყების მოთხოვნით 2007 წლის ნოემბერში პროკურატურას “იმედის” 130–მდე თანამშრომელმა მიმართა.

თუკი ევროპის სასამართლო საქმეს წარმოებაში მიიღებს, თითოეული ჟურნალისტის საქმე ცალკ–ცალკე განიხილება.  
ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“–ის ხელმძღვანელმა ლია მუხაშავრიამ განაცხადა, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს ”ტელეიმედის” ჟურნალისტების ფუნდამენტური უფლებები დაირღვა. საუბარია სიცოცხლის უფლებაზე, რაც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლის ხელყოფაა.

მისი აზრით, ასევე დაირღვა ევროპული კონვენციის მესამე მუხლი, რომელიც კრძალავს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას. დაირღვა თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება (მეხუთე მუხლი):

„ძალიან ხანმოკლე იყო დაკავება, მაგრამ მათ შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ვიღაც ბანდიტური ჯგუფი კი არ შევარდა, არამედ  შეიარაღებული სახელმწიფო სტრუქტურა…  ყველა დარწმუნებული იყო, რომ იქიდან კი არ გაუშვებდნენ, ციხეში გადაიყვანდნენ. რაღაც უფრო რთულს მოელოდნენ.“     

7 ნოემბერს ტელეკომპანია იმედის დარბევით დაირღვა არამხოლოდ ჟურნალისტების პირადი ცხოვრებისა და საქმიანობის უფლება (მერვე მუხლი), არამედ ყველას უფლება ინფორმაციის თავისუფლებისა, „რაც გამოხატვის უფლების მთავარი კომპონენტია“, – მიაჩნია ლია მუხაშავრიას.

ადვოკატის განცხადებით ზეწოლა “იმედის” ჟურნალისტებზე განხორციელდა მიზანმიმართულად, სწორედ ჟურნალისტური პროფესიული ნიშნით.  

ჯერჯერობით ეს არის სავარაუდო ჩამონათვალი მუხლებისა, რომელთა დარღვევას გაასაჩივრებენ „იმედის“ ყოფილი ჟურნალისტები: თეა სიჭინავა, თენგიზ მეზურიშვილი, დიანა ტრაპაიძე, ჯონი კალანდაძე, ირაკლი მოსეშვილი, გიორგი ახვლედიანი, ნინო საყვარელიძე, გიორგი რუხაძე, ანა გოჩაშვილი, ნათია მიქიაშვილი, ლევან ვეფხვაძე, მაგდა ანიკაშვილი.
ლია მუხაშავრია საუბრობს იმაზეც, რომ ბევრ ჟურნალისტს ტელეკომპანიაში სპეცდაშინულების რაზმის შეჭრის შემდეგ სტრესულ ნიადაგზე განუვითარდა შფოთვა, ნერვოზი, ძილის დარღვევა. მას არ სურს, რომ მათმა მუშაობამ ვინმეს გაურთულოს მდგომარეობა:

„ჩვენ კი არ გვინდა, რომ ამ კლიენტების საქმე უბრალოდ მოვიგოთ, გვსურს მათი ნამდვილად დარღვეული უფლებები აღდგეს, რამდენადაც შესაძლებელია. დარღვეულ უფლებებში არის მათი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა, მათი კეთილდღეობა.”

სარჩელზე ლია მუხაშავრია უკვე წელიწადზე მეტია რაც მუშაობს. ამ დროის განმავლობაში ”იმედში” სპეცნაზის შესვლის საქმეზე გამოძიება დაწყებულია და დღემდე არ დასრულებულა.

ადვოკატი შალვა შავგულიძე, რომელიც ”ტელეიმედსა” და მის ჟურნალისტებს იცავდა, იხნებს, რომ 2007 წლის ნოემბერში  “ტელეიმედის” ჟურნალისტებმა ერთობლივი საჩივარი შეიტანეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში. ”იმედის” 130-მდე თანამშრომელი ითხოვდა გამოძიების დაწყებას იმავე წლის 7 ნოემბერს ”ტელეიმედში” სპეცნაზის შეჭრის თაობაზე. თუმცა გამოძიებას არც ერთი ჟურნალისტი არ დაუკითხავს. მომჩივანმა მხარემ ორი შეხსენებითი განაცხადით მიმართა პროკურატურას.

შალვა შავგულიძის თქმით, პროკურატურამ არ მოახდინა რეაგირება. ჟურნალისტებს ევროკონვენციის მეცამეტე მუხლით ჰქონდათ უფლება ზემდგომ ინსტანციებსა და ევროსასამართლოში გაესაჩივრებინათ დაცვის ეფექტური ზომების (ეფექტური გამოძიება) უზრუნველყოფის დარღვევა:

„(ტელეიმედის ჟურნალისტებმა) აღარ ისურვეს საკუთარი შელახული უფლებების დაცვა და აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე ვეღარ გავაგრძელეთ ჟურნალისტების უფლებების დაცვა“ – აცხადებს შალვა შავგულიძე.

მეორე მხრივ კი, ტელეკომპანია “იმედის” ადვოკატებმა, შეადგინეს ევროპის სასამართლოში ექვსი თვის ვადაში წარსადგენი საჩივარი. მათ 2007 წლის 7 ნოემბრიდან ექვსთვიან ვადაში წარუდგინეს ”იმედის” ხელმძღვანელობას და განუმარტეს, რომ საჩივარს ერთ თვეში გასდიოდა ვადა. თუმცა შალვა შავგულიძის ინფორმაციით საჩივარს ევროსასამართლომდე არ ჩაუღწევია. საჩივარი ადგილობრივი სასამართლო ინსტანციებიდანაც გამოიტანეს:

”მოდავე არც ”იმედის” სახელით და არც პიროვნულად (იმედის ჟურნალისტები) არავინ აღარ დარჩა, რომ იმ შელახული უფლებისათვის რაც მოხდა 7 ნოემბერს მათ მიმართ პასუხი მოეთხოვათ ხელიუფლებისთვის,”- აცხადებს შალვა შავგულიძე.
”იმედის” ყოფილი გენერალური დირექტორი, ბიძინა ბარათაშვილი ადასტურებს, რომ მედიაჰოლდინგის ახალ მეპატრონეს – ჯოზეფ ქეის, მან გადასცა იმედის ადვოკატების მიერ მომზადებული სარჩელი, თუმცა სარჩელი სტრასბურგში აღარ გადაგზავნილა.

ამ პერიოდში სახელმწიფომ მედიაჰოლდინგს სასამართლოს ჩაურევლად გადაუხადა სამი მილიონ ხუთასი ათასი ლარი (სახალხო დამცველის 2008 წლის პირველი ნახევრის ანგარიში) 2007 წლის 7 ნოემბერს დაზიანებული ტექნიკური ზარალის ასანაზღაურებლად. მედიაჰოლდინგმა აღარ გააგზავნა სარჩელი სახელმწიფოს წინააღმდეგ სტრასბურგში.  
საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესცენტრმა “ნეტგაზეთთან” დაადასტურა, რომ დღემდე მიმდინარეობს გამოძიება ჟურნალისტების სარჩელზე. მათი განცხადებით პროკურატურამ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გამოძიება. თუმცა საიდუმლოდ დატოვეს ის, თუ რა ეტაპზეა ახლა გამოძიება და რატომ არ დაიკითხნენ აქამდე მოსარჩელე ჟურნალისტები და “ტელეიმედის” სხვა თანამშრომლები.

“იმედის” ჟურნალისტების ნაწილი უკმაყოფილოა საქართველოს პროკურატურის გამოძიებით. ამიტომ პროკურატურაში პროკურატურაში საჩივრის შეტანიდან ორი წლის თავზე მაინც გადაწყვიტეს სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.
დიანა ტრაპაიძე ერთ–ერთია ტელეკომპანია „იმედის’ ყოფილ 12 მოსარჩელე ჟურნალისტთაგან. საკუთარი უფლებების დაცვას ”იმედის” მთელ კოლექტივთან ერთად 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ ცდილობდა. მან განაცხადა, რომ ის უკეთესი საქართველოსთვის იბრძვის, „საქართველოსთვის, სადაც არ დაიღვევა თავისი უფლებები.“   

შესაძლებელია მომჩივანი ჟურნალისტების რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

ეკა ხოფერიამ ჩვენგან გაიგო, რომ “იმედის” ჟურნალისტები სარჩელს ამზადებენ ევროსასამართლოსთვის. მას, ისევე როგორც “იმედის” სხვა ჟურნალისტებს, არ უფიქრია დამოუკიდებლად მიემართა ევროსასამართლოსთვის. მართალია იგი 2009 წლის 7 ნოემბერს ვერ მივიდა “იმედის” ყოფილი ჟურნალისტების შეკრებაზე პირადი მიზეზების გამო, მაგრამ აპირებს რომ ისიც შეუერთდეს მომჩივან ჟურნალისტებს:

”თუ კი პირველად გავასაჩივრე, ახლაც ჩემი მეგობრების გვერდით ვიქნები…  უბრალოდ არ მიფიქრია დამოუკიდებლად გამესაჩივრებინა, რადგან თავდაპირველად ერთად შევიტანეთ სარჩელი”.
ეკა ხოფერიაც ამბობს, რომ გამოძიებას იგი არ დაუკითხავს.

ლია მუხაშავრიას ”იმედის” ყოფილი ჟურნალისტების შეკრებაში „ქრისტიან–დემოკრატიული ფრაქციის“ იმედი აქვს. სწორედ ამ პოლიტიკურ სუბიექტში არიან გაწევრიანებული ”ტელეიმედიდან“ პოლიტიკაში გადასული ჟურნალისტები.
გასული წლის ზაფხულში ამ პოლიტიკურ სუბიექტს მიმართა ლია მუხაშავრიამ სათანამშრომლოდ. 2009 წლის 7 ნოემბერს “ქრისტიან-დემოკრატებმა” 17 ჟურნალისტს მოუყარეს თავი. როგორც ლია მუხაშავრია ამბობს:

”7 ნოემბერს (2009 წელი), როდესაც ჩვენ ორი წლის თავზე აქცია მოვაწყეთ, მაშინ ”ქრისტიან–დემოკრატიულმა ფრაქციამ” მიუყარა თავი (იმედის ჟურნალისტებს). მაშინ 17 ჟურნალისტი იყო მათი ჩათვლით. რაღაცნაირად არ იქნებოდა ასე გამართლებული თუ ყველას ამათ მაინც არ მოვუყრიდით თავს. გვინდა, რომ ისინიც მოვიდნენ… ჩვენ ბევრი კომუნიკაცია  გვქონდა მათთან (ქრისტიან-დემოკრატებთან), მაგრამ მოუცლელობას  ბრალდება ეს ამბავი. გვინდა, რომ ეს ადამიანები იყვნენ ამ ჯგუფთან ერთად წარდგენილი.”

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა მხარდაჭერას აღუთქვამს ლია მუხაშავრიას ორგანიზაციას „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი.“ გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, რომ გასაჩივრების გადაწყვეტილება ინდივიდუალური გადასაწყვეტია და იგი თავის ძველი კოლეგებიდან ვერავის დაატანს ძალას. ამბობს, რომ იგი ლია მუხაშავრიას დაეხმარება მუდმივი კონტაქტი ჰქონდეს დანარჩენ ჟურნალისტებთან.

ლია მუხაშავრია ამბობს, რომ სტრასბურგში სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დაიწყება ხელახალი გამოძიება, რომელიც დამნაშავე პირებს დაადგენს. მისი განცხადებით, ტელეიმედის დარბევაში ბრალდებულებს „დასჯასთან ერთად დაეკისრებათ კომპენსაცია“.

ადვოკატი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ საქმის წამატებით დასრულებას. იგი ხაზს უსვამს, რომ 7 ნოემბრის „ოპერაციაში“ შეთანხმებულად მოქმედებდნენ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები, რომელთა გაერთიანებული „სარდლობის უფლება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს აქვს“:

”ჩვენი ერთ–ერთი მოთხოვნა გარდა იმისა, რომ  აღიარონ ამ მუხლების დარღვევა არის ისიც, რომ ამ აღიარებას შედეგად მოჰყვეს აქ ევროპული სტანდარტების შესაბამის გამოძიება და ამ ფაქტებში მონაწილე პირები დაისაჯონ. თუ ეს გამოძიება ჩატარდება, ბუნებრივია ის ადამიანები დაისჯებიან, მიუხედავად იმისა, რა დრო გავა 2007 წლიდან. ეს ყველა შემდგომ ხელისუფლებაში მოსულ პოლიტიკური თანამდებობის პირებს  აიძულებს კარგად გადასინჯოს, როცა ასეთ გადაწყვეტიებას იღებს “.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი