სამართალი

რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე სუს-ში მეგის ქარდავასთვის ბრალის წარდგენას ადასტურებენ

12 აპრილი, 2016 • 1356
რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე სუს-ში მეგის ქარდავასთვის ბრალის წარდგენას ადასტურებენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე 2016 წლის 7 აპრილს გამოტანილი იქნა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და 8 აპრილს ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად იქნა მიცემული საქართველოს მოქალაქე მეგის ქარდავა, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, საქართველოს მოქალაქე გენერალ-მაიორ რომან დუმბაძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის შეკვეთის ფაქტზე.

გამოძიებით დადგენილია, რომ მეგის ქარდავა შუამავლის მეშვეობით რუსეთის ფედერაციაში, ქ. მოსკოვში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებას დაუკავშირდა და რომან დუმბაძის მკვლელობა შეუკვეთა. 2012 წლის 21 მაისს ქ. მოსკოვში ოთხკაციანმა ჯგუფმა აღნიშნული მკვლელობა გარკვეული თანხის სანაცვლოდ განახორციელა. ოთხივე პირი სასჯელს რუსეთის ფედერაციაში იხდის, ხოლო შუამავალი საქართველოში იქნა დაკავებული და იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

რომან დუმბაძე 2004 წლიდან სასჯელს იხდიდა საქართველოში სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. 2008 წლის 27 აგვისტოს იგი შეწყალებული იქნა საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის განკარგულებით.
სისხლის სამართლის საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლოების გრიფი. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საქმის დეტალები არ ხმაურდება”, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი პროკურატურას მეგის ქარდავასთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.

“რუსეთმა მოინდომა, რომ ეს ყველაფერი დაბრალებოდა საქართველოს და ეს გააკეთა ჩვენი პროკურატურის მეშვეობით,”- განაცხადა ველიჯანაშვილმა 12 აპრილს გამართულ ბრიფინგზე. მისივ განმარტებით, საქმეში რუსეთის საგამოძიებო ორგანოების მიერ მოწოდებული მასალები დევს.

ველიჯანაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პროკურატურა არ უნდა იძიებდეს რუსეთის მოქალაქის რუსეთში მკვლელობის საქმეს:

“სამართლებრივად ეს შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ადამიანი იქნება შენი ქვეყნის მოქალაქე და იქ თუ ამაზე გამოძიება არ მიმდინარეობს. იქ როცა გამოძიება მიმდინარეობს, პასუხისგებაში ჰყავთ მიცემული ხალხი. როგორც ირკვევა, დუმბაძე იყო რუსეთის მოქალაქე. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი უფლებაც არ აქვს ჩენს ქვეყანას, რომ ეს დანაშაული გამოიძიოს,”- ამბობს ველიჯანაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი