ხელოვნება

თეატრალური ფესტივალი იწყება

28 სექტემბერი, 2010 • 1606
თეატრალური ფესტივალი იწყება

29 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, მძიმედ დატვირთავს თბილისის ყველა თეატრს.

საერთო ჯამში ქართული შოუ-ქეისი 30-ზე მეტ სპექტაკლს მოიცავს, როგორც თბილისის, ასევე ბათუმის, ფოთის, ჭიათურის, ოზურგეთის, ქუთაისის, რუსთავის თეატრებიდან. ნაჩვენები იქნება უკვე კარგად ცნობილი, ლამის კლასიკადქცეული სპექტაკლები (მაგალითად, რეზო გაბრიაძის შედევრი, „სტალინგრადის ბრძოლა“, რობერტ სტურუას „სტიქსი“), ასევე საფესტივალო პრემიერები – ფრილის “ბრმა მხედველი” (რეჟ. თემურ ჩხეიძე) როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი“ (რეჟ. დ. დოიაშვილი), ბოკაჩოს „დეკამერონი“ (რეჟ. ლ. წულაძე) მაიენბურგის „მახინჯი“ (რეჟ. დ. თავაძე).

სპეციალურად ფესტივალის ქართული პროგრამის სანახავად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეულ სტუმრებს ქართული თეატრის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ ამ პროგრამით სრული წარმოდგენა შეექმნებათ.

ფესტივალის დირექციის განმარტებით, მათი მიზანი სწორედ ესაა – საქართველოში მოქმედ ყველა თეატრს მისცენ საშუალება, თავისი პროდუქცია საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანოს, დანარჩენი კი თავად თეატრების გადასაწყვეტია. უნდა აღინიშნოს, რომ წელს რეგიონული თეატრები ბევრად მასშტაბურადაა წარმოდგენილი, ვიდრე ეს შარშან იყო. მათ სპექტაკლებს თბილისის სხვადასხვა თეატრებში ითამაშებენ.

ფესტივალის პროგრამა და ამომწურავი ინფორმაცია ბილეთების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ ვებგვერდზე:

ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა 3 ოქტომბერს დაიწყება და 15 ოქტომბრამდე გასტანს. მსოფლიო თეატრის უდიდეს სახელებთან ერთად (სტრელერი, ნეკროშუსი) ქართველი მაყურებელი წელსაც მრავალფეროვან პროგრამას იხილავს, რომელიც ჟანრულ მრავალფეროვნებასთან ერთად გეოგრაფიულადაც ჭრელი იქნება – სპექტაკლები იტალიიდან, ლიტვიდან, ირანიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან,  ისრაელიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, ხორვატიიდან, ესტონეთიდან, სომხეთიდან. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პროგრამაში მოხვდა ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით დადგმული ფრანგული სპექტაკლი „ციცინო ანუ პოლიტიკური პიესა“.

ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება დღეს საღამოს, ივენთ ჰოლში. ნეტგაზეთი პერიოდულად შემოგთავაზებთ რეპორტაჟებს ფესტივალიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი