დედამიწაზე ჩამომდნარი სკულპტურები

 

 

ნიუ იორკში, იქ, სადაც ქალაქის კულტურული გულის გულია, სადაც ლინკოლნ ცენტრის წინ ჯოზი რობერტსონ პლაზაა და სადაც  ამ კულტურული ცენტრის ცნობილი შადრევანი დგას, საინტერესო ამერიკელი მხატვრისა და სკულპტორის, აარონ ქურის 14 „კონსტრუქტი“ განთავსდა. ოპერის, ბალეტის, თეატრის თუ ნიუ იორკის ფილარმონიის აკადემიურ პერფორმანსებამდე და მათ შემდეგ ნიუ იორკელებსა და ქალაქის სტუმრებს გარეთ სახალისო ფერების აბსტრაქტული სკულპტურები ხვდებათ. 

 

 

აარონ ქური, თუ შეიძლება ასე ითქვას,  „საჯარო ხელოვნების“ ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე წარმომადგენელია. მისი ფანტასმაგორიული, ბიოფორმული ფიგურები, ჩემი აზრით, უპირველესად ყურადღებას არა თავისი წაგრძელებული „ხელებით“, უსწორმასწორო „ყურებით“, სამკუთხა  სახეებით“, არამედ  განსაკუთრებით ხასხასა, თითქოს ელექტრიზირებული ფერებით იპყრობს. სიურეალიზმი, სამეცნიერო-ფანტასტიკის ასოციაციები, ავანგარდისა და პოპკულტურული სილუეტების ნაზავი, ერთი მხრივ,  საბავშვო გასართობი ცენტრის სასაცილო ასიმეტრიულ ფორმებში გამოწყობილ კლოუნებს ჰგავს, მეორე მხრივ – დროში გაყინულ მოგონებებსა და ცნობიერების ნაკადებს, ოღონდ ცისარტყელის ფერებში. ასევე, ჰგავს სიზმრის დოკუმენტალურ ფოტოგრაფიასაც და მოძრაობაში გადაღებულ განცდებსაც.

 

 

მხატვარი თავისი ფიგურებისთვის იყენებს ყველაფერს – ხეს, პლასტმასს, ლითონს და, შესაბამისად, ფერებიც ასეთია – ვერცხლისფერი, ხისფერი, ჭყეტელა მზისფერი და, რასაკვირველია, შავ–თეთრიც. ზოგადად, მისი სილუეტები რომ შეაერთო, ერთგვარი სკულპტურული „პეჩვორკიც“ კი შეიკერება.  ცალ-ცალკე კი ისინი ძალიან ჰგვანან მარტოობის ძეგლებს, დაღებული პირებით, მოჭუტული თვალებით, ჩამოღვენთილი ცრემლებით, გამხდარი მხრებით და ზევით აპყრობილი ხელებით. პირადად მე მისმა სილუეტებმა თხევადი მინის ასოციაცია გამიჩინეს და ასეთ განცდას გამოფენის სახელწოდებაც „დამდნარი დედამიწაზე“ შეეხმიანა. თავად მხატვარი ამბობს, რომ ეს კომბინაცია „შეიძლება იყოს ორგია, ცეკვა, თამაშები. თავად მნახველმა გადაწყვიტოს, რა იქნება. ჩემი ფიგურები ფანტასტიკის სფეროდანაა, აზრები იმაზე, თუ ვინა ვართ, სად ვართ, რატომ ვართ ცოცხლები და რატომ ვფიქრობთ. ეს ჩემი ვიზუალუარი საუბარია, ეს ჩემი კონცეფციაა და ამიტომაც მიყვარს კონცეპტუალისტები“.

 

 

აარონ ქურის ფიგურები, განსაკუთრებით თუ მათ ღამის ნიუ იორკის ფონზე ათვალიერებ, ტოტემურ „ობიექტებს“ ჰგავს და თავისი „განხდარი“ ფორმებით – ვენახსა თუ ყანაში გამოფენილ საფრთხობელებებსაც, რომლებიც ლინკოლ ცენტრის მოდერნისტული შენობების ფონზე ისე გამოიყურებიან, როგორც მუზეუმიდან გამოტანილი სიძველეები.

 

 

აარონ ქური
აარონ ქური

თავად მხატვარიც თითქოს რაღაცით თავის ფიგურებს ჰგავს – ცოტა რეტროგარეგნობით – 41 წლის კაცს ამ ასაკისთვის უჩვეულოდ გრძელი წვერ-ულვაში აქვს. დაიბადა ტეხასში, მისი დედა არასრულწლოვანი იყო, როცა მეორე შვილი, აარონი შეეძინა, მერე კი მესამე ძმაც გაჩნდა. მამამ ოჯახი მიატოვა, როცა მომავალი მხატვარი 5 წლის იყო. ოჯახს ეკონომიკურად უჭირდა, სახელოვნებო სკოლა კი 30 წლის ასაკში დაამთავრა. ამ სკოლაში კი ნახატების პორტფოლიოს მიტანისა და ქურის პროფესიონალური განათლების მიღების ინიციატორი აარონის მეუღლე იყო.

 

 

საღამო ხანს, როცა მე და ჩემი მეგობარი მეტროპოლიტენ ოპერის „ტოსკას“  სპექტაკლიდან გამოვედით, აარონის სკულპტურები რაღაცით პუჩინის ოპერის გაგრძელებას, მის დეკორაციასაც და მის მთავარ გმირებსაც ჰგავდნენ – მარიოს, ტოსკას, სკარპიას – შესაბამისი ფერებითა და ექსპრესიით.

 

 

ლინკოლნ ცენტრთან აარონ ქურის სკულპტურების „სუფთა ჰაერზე“ გამოფენა 6 იანვრამდე გასტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ დროდადრო თოვლით დაიფარებიან მხატვრის „აჩრდილებიც“ და კოსმოსური  „მანეკენებიც“.

         

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ია მერკვილაძე, აშშ ნიუ იორკი