„მძევლები“

რეზო გიგინეიშვილის „მძევლები“

ერთსა და იმავე ფილმზე რამდენიმე რეცენზია ქართულ მედიასივრცეში იშვიათად იწერება, თუმცა რეზო გიგინეიშვილის „მძევლებმა“ ამ მხრივ რეკორდი მოხსნა: ფილმს სულ მცირე ოთხი სტატია უკვე მიეძღვნა. ტერორისტულ აქტად შეფასებული თვითმფრინავის გატაცების ისტორია საზოგადოებაში ინტერესს რომ იწვევს, ეს ლიტერატურასა და თეატრში თემის ექსპლუატაციის პოპულარული მაგალითებიდანაც ჩანს, მაგრამ, ალბათ, საკამათო იქნებოდა „მძევლებით“ დაინტერესება მხოლოდ ფილმის დრამატული შინაარსისთვის მიგვეწერა. მით უფრო, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამბავი უახლესი ისტორიული წარსულიდან რეალობას გვამცნობს, მაგრამ ამ რეალობის ანალიზისა და საბჭოთა ცხოვრების გააზრებისკენ ნაკლებად მომართავს მაყურებელს.

თუკი წარსულის ასახვა მხოლოდ მოვლენათა თანმიმდევრული ან სულაც უწესრიგო, სუბიექტური ნარაციაა, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ასეთი წარსული ფილმში ჩანს. მაგრამ თუკი ისტორია აზრის, მისი ჩამოყალიბების, მომწიფებისა და განვითარების ისტორიაცაა, მაშინ „მძევლები“ არ არის ფილმი, რომელიც რამდენიმე ათეული წლით ჩვენ უკან დაბრუნებას შეძლებს.

ფილმში ბევრი საორგანიზაციო ნიუანსია. ვხედავთ, ახალგაზრდები როგორ ემზადებიან თვითმფრინავის გასატაცებლად, იძენენ იარაღს, ემზადებიან ქორწილისთვის, რომელიც გეგმის ნაწილია და ა.შ. მაყურებელს კარგად ათვითცნობიერებენ დაგეგმვის პროცესის ტექნიკურ მხარეში. რეჟისორს სურს დაძაბული ვითარება შექმნას, რომელიც კულმინაციამდე უნდა მივიდეს. სამაგიეროდ, თითქმის ვერაფერს ვიგებთ ფიქრის პროცესის შესახებ, რამაც ეს ახალგაზრდები კონკრეტული ფორმით ქვეყნიდან გასვლის გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.

ფილმი იწყება მაშინ, როცა ეს ამბავი უკვე გადაწყვეტილია და მომავალი გამტაცებლები აღსრულების ეტაპზე არიან. თავისთავად, მსგავსი დრამატურგიული სვლა შეიძლებოდა სულაც არ ყოფილიყო წამგებიანი. გვინახავს ფილმები, სადაც ისტორია იწყება ბოლოდან, შუიდან, თავიდან ან სულაც სხვადასხვა მხრიდან. პრობლემა ეს არ არის. პრობლემა ისაა, რომ ფილმის გმირების მიერ, მოდურ სიტყვას თუ ვიხმართ, ლოჯისტიკის მოგვარებასა და თავად ფილმის ავტორების მიერ ავთენტური საბჭოთა დეკორაციის ძებნაში, პერსონაჟთა ქმედების მოტივაციების გამოკვეთა დავიწყებას მიეცა.

შესაძლოა ავტორებს გაუჭირდათ დაედგინათ, თუ რა ამოძრავებდათ ნამდვილ გამტაცებლებს 1983 წელს, მაგრამ მეინსტრიმული დრამატურგია ყოველთვის არგუმენტაციას მოითხოვს. „მძევლებში“ რამდენიმე ეპიზოდი მიანიშნებს იმაზე, რომ საბჭოთა რეჟიმი ახალგაზრდებს თავისუფლებას უზღუდავს (მაგალითად, ზღვაში საღამოს ბანაობის აკრძალვა, როკმუსიკის დაუშვებლობა), მაგრამ ეს არ არის საკმარისად დამაჯერებელი მიზეზი, რამაც შეიძლება თვითმფრინავის გატაცება ახსნას.

საერთო ჯამში, „მძევლებში“ მხოლოდ იგულისხმება ის, რაც მთავარია, ხოლო ითქმის ის, რაც სწორხაზოვანია (მაგალითად, რომ თავისუფლებას ადამიანების სიცოცხლე არ უნდა შეეწიროს). საბოლოოდ კი ვიღებთ ადამიანების ჯგუფის კოლექტიურ პორტრეტს, რომლის სახასიათო ნიშნები გაუაზრებელი ქმედება, დეზორგანიზებულობა, ღრმა ინფანტილიზმი და მსუბუქი იდიოტიზმია. პერსონაჟების დისკრედიტაციას ახდენს ერთ-ერთ ბოლო სცენაში, დახვრეტას გადარჩენილი მონაწილის მიერ გაჟღერებული არგუმენტიც. გოგონა ერთ-ერთ მშობელს დაახლოებით ასეთ ფრაზას ეუბნება: სულ გვესმოდა, რომ უბედურები ხართ. ამ დიალოგში ის გამოსჭვივის, რომ თვითმფრინავის გატაცების იდეა არა საკუთარ გამოცდილებას, არამედ სხვების მიერ საბჭოთა რეალობის შეფასებას ეყრდნობოდა.

ისტორიული პიროვნებების პროტოტიპები არც ბოროტმოქმედებად არიან წარმოჩენილი და არც მათი გაიდეალება ხდება. თუმცა ამ ორ მოცემულობას შორის ერთგვარი ბალანსის დაცვამ, მნიშვნელობაგამოცლილ და ამორფულ ვითარებაში, საბოლოოდ უფრო ავნო ფილმს, ვიდრე არგო. ფილმი ერთდროულად შეიცავს რეჟისორის სიმპათიასაც და კრიტიკულ პოზიციასაც მოვლენების მიმართ, ხოლო წარსულთან ამ თამაშში არც პერსონაჟების სამოქალაქო განაცხადი ფიქსირდება და არც ფილმის ავტორების.

დრამატურგიული თვალსაზრისით „მძევლებში“ სხვა სისუსტეებიც იკვეთება. ეს განსაკუთრებით სურათის ფინალურ ეპიზოდებს ეხება. დასასრულისკენ მოვლენები დაჩქარებული ტემპით ვითარდება და ფილმის მთლიან დინამიკას არღვევს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მონტაჟისას რეჟისორს წაშლის ღილაკზე თითის დაჭერა დაენანა. ამიტომ სასამართლოს სცენის შემდეგ ყოველი ეპიზოდი ბოლო ეპიზოდს ჰგავს, მაგრამ ფილმის დამთავრებამდე სანახავი კიდევ ბევრი რჩება.

„მძევლების“ შეფასებისას ბევრჯერ ილაპარაკეს კოსტუმებსა და დეკორაციაზე. როგორც წესი, კოსტუმების თემა ბიუჯეტსა და ფინანსურ შესაძლებლობებს უკავშირდება, მაგრამ კრიტიკოსებიც და შემოქმედებითი პერსონალიც სპეციალურად ფილმისთვის ათასზე მეტი კოსტუმის შეკერვის ფაქტს განსაკუთრებით უსვამდნენ ხაზს.

ქართულ კინოში საბჭოთა ეპოქის აღდგენის მცდელობა უდავოდ მისასალმებელი ფაქტია. ცხადია, კინოში ეპოქის ჩვენება მისთვის დამახასიათებელი ვიზუალური ნიშნების მეშვეობითაც ხდება. ეპოქის სურათის შესაქმნელად ეს მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი ფაქტორია. მაგალითად, იმისათვის, რომ მაყურებელმა კინოდარბაზში ჯდომისას საბჭოთა ტერორი შეიგრძნოს, შეიძლება კარბოლიტის ლამფის ფონზე ან მის გარეშე, პერსონაჟებს შორის გამართული დიალოგიც საკმარისი აღმოჩნდეს (უნგრელი რეჟისორის, ლასლო ნემეშის „საულის ვაჟში“ დეკორაციის ფუნქციას საერთოდაც, არა საგნები, არამედ ადამიანთა სხეულები და გვამები ასრულებენ). მთავარია არა ნივთები, რომლებმაც უნდა შექმნან გარემო, არამედ გარემოს შექმნა, რომელშიც ნივთები თავისუფლად ეწერებიან.

„მძევლების“ ეკრანულ რეალობაში კი წარსულის ერთგვარი ეგზოტიზაცია მოხდა.

ის, რომ საბჭოთა ტელეფონებისა და სავარძლების ეკრანზე გამოჩენამ ჩვენს მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად ცოტა ფილმი შეიქმნა ოკუპაციის პერიოდის შესახებ მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. სხვაგვარად, ტელეფონები და სავარძლები არავის გააკვირვებდა.

ფილმში დანარჩენებზე კარგიც ის ეპიზოდია, სადაც ნივთებით ჟონგლიორობა არ ხდება, რადგან ამბავი ყველაზე დიდ ნივთში ვითარდება, რომელიც კი ფილმისთვის მოიპოვეს: საბჭოთა სერიის თვითმფრინავში ტუ-134. კარგი კი იმით არის, რომ რეჟისორი ორიენტირებულია კონკრეტულ ამოცანაზე, მძაფრსიუჟეტიანი ტრილერის წესების გათვალისწინებით, ერთ სივრცეში შექმნას დაძაბული ატმოსფერო და ამას მეტ-ნაკლებად ახერხებს.

საბჭოთა ნომენკლატურის რამდენიმე კარიკატურული სახის გარდა, „მძევლებში“ მსახიობები საქმეს პროფესიონალურად ართმევენ თავს. აღსანიშნავია მეორეხარისხოვან როლში ეკრანზე მსახიობ ავთო მახარაძის გამოჩენა. მისი მონაწილეობა კიდევ ერთხელ გვახსენებს თენგიზ აბულაძის „მონანიებას“, რომელშიც ერთ-ერთ გამტაცებელს, გეგა კობახიძეს უნდა ეთამაშა, მაგრამ თვითმფრინავის ისტორიის შემდეგ ის მერაბ ნინიძემ ჩაანაცვლა, რომელიც ასევე თამაშობს „მძევლებში“.

„მძევლები“ კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ მოხდა ბოლო წლების ქართულ კინოში ტექნიკური კუსტარულობის დაძლევა, მაგრამ ისტორიაში ის არ დარჩება ფილმად, რომელიც მომავალ თაობებს ჩაახედებს იმაში, თუ რა აღელვებდა საზოგადოებას დროის კონკრეტულ პერიოდში, ფილმად, რომელიც გააცნობს შიშისა და ტერორის საბჭოთა ატმოსფეროს, დაანახებს ელიტარული კლასისა და რიგითი მოქალაქეების ცხოვრების წესს, რადგან „მძევლები“ წარსულთან შეხვედრის არარეალიზებული მცდელობაა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი