ხელოვნება

“Candoco” შეუძლებლის ზღვარზე

22 მარტი, 2013 • • 2108
“Candoco” შეუძლებლის ზღვარზე

Three Acts of Play
Three Acts of Play

21 მარტს მარჯანიშვილის თეატრში კომპანია “ქენდუკოს” (Candoco Dance Company) წარმოდგენა გაიმართა, სახელწოდებით Three Acts of Play. კოლექტივი, რომელიც შესანიშნავი საცეკვაო ხელოვნების შექმნასთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ხელოვანთა უფლებებისათვის იბრძვის, სქართველოში ბრიტანეთის საკონსულოს მოწვევითა და ინიციატივით ჩამოვიდა.

 

თბილისელი მაყურებლის წინაშე კოლექტივი შვიდი მოცეკვავით წარსდგა. ერთი მოცეკვავე (რიკ როჯერსი) ეტლშია, მაღალი ქერა გოგონა (ენი ჰანაუერი) კი ხელის პროთეზს ატარებს…

 

“ჩემი აზრით, მაყურებელთა უმრავლესობას სურს სცენაზე ერთმანეთისაგან განსხვავებული სხეულები იხილოს. ცეკვა ჯერ კიდევ ხელოვნების ისეთი სახეობაა, რომელიც უმეტესად ჯანმრთელ სხეულებზე ახდენს ორიენტაციას. მგონია, რომ ცეკვის ესთეტიკაში ერთგვარი ძვრა ხდება”, – ამბობს ქენდუკოს სამხატვრო ხელმძღვანელი პედრო მაჩადო.

 

ქენდუკოს არსებობის 22- წლიანი ისტორიის მანძილზე დადგმული აქვს თითქმის 30 წარმოდგენა ცნობილი თანამედროვე ქორეოგრაფების თანამონაწილეობით. მონაწილეობდა ჩინეთის ოლიმპიური თანაშების დახურვის ცერემონიაშიც.

 

კომპანია საქართველოს პირველად გასული წლის იანვარში ეწვია ვორკშოპით, რომელიც ღია იყო ყველასთვის, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა აინტერესებდა მათთან მუშაობა და მათი ჩართვა ნორმალურ ცხოვრებისეულ საქმიანობაში. ვორკშოპს, რა თქმა უნდა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ხელოვანებიც ესწრებოდნენ.

 

“ვორკშოპი საქართველოში ემსახურებოდა იმას, რომ ცეკვა აქაც იყოს ინკლუზიური… მით უმეტეს, თბილისი ასეთი კულტურული ქალაქია”, – გვითხრა პედრო მაჩადომ  – “ჩემი შთაბეჭდილებებითა და რწმენით, ქართველებიც ძალიან გახსნილები იქნებიან ამ იდეის მიმართ”.

 

“ქენდუკოს” გამოხატვის ფორმა ლამაზი და ამაღელვებელია, ინიციატივის მესიჯი კი – ძალიან მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, საქართველოში, სადაც ძვრები არა მარტო ცეკვისა და ხელოვნების ინკლუზიურობისკენ, არამედ შშმპ-თა ნებისმიერ სოციალურ აქტივობაში ჩართვის მიმართულებით არის განსახორციელებელი. მარჯანიშვილის თეატრის დარბაზში კი გუშინ საღამოს ბევრი შშმპ იყო. ცეკვის კომპანიის ადრესატები ფართო საზოგადოებასთან ერთად ხომ პირველ რიგში ისინი არიან, “ქენდუკო” (კომპანია Can do), პირველ რიგში, მათ მიმართავს და საკუთარი მაგალითით არწმუნებს -“შენ შეგიძლია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი