ახალი ამბები

ურეცეპტოდ გასაცემი წამლების სია შესაძლოა გაიზარდოს

9 სექტემბერი, 2014 • • 3275
ურეცეპტოდ გასაცემი წამლების სია შესაძლოა გაიზარდოს

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის პრეზიდენტი ირინა ჭელიძე ამბობს, რომ ბევრი მედიკამენტი გადავიდა რეცეპტით გასაცემთა სიაში, რასთან გამკლავებაც მოსახლეობასა და ექიმებს უჭირთ. ამიტომაც, მისი თქმით, შესთავაზეს ჯანდაცვის სამინისტროს, რომ გარკვეული რაოდენობის მედიკამენტები მეორე ჯგუფიდან მესამეში დროებით გადაიტანონ.

 

“ისეთი ტიპის წამლებზეა ლაპარაკი, როგორიც არის გარეგანი მოხმარების მალამოები, გამხსნელები, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ ანტიბიოტიკი გახსნას. თუ, დავუშვათ, ექიმს გამოწერილი აქვს ანტიბიოტიკი და იქვე არ გამოწერა ლიდოკაინი, რომ ეს ლიდოკაინი შესაძლებელი იყოს, გაიცეს ურეცეპტოდ,” – ამბობს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის პრეზიდენტი.

 

“ავერსის” სააფთიაქო ქსელის  ხელმძღვანელი გია ჩიგოგიძე ამბობს, რომ ფარმაცევტული კომპანიები ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტთა მცირერიცხოვან სიას მიაწვდიან, რომელიც, მათი აზრით, შეიძლება რეკლასიფიცირდეს. შემდეგ კი სამინისტროსთან ერთან განიხილავენ, თუ რამდენად მისაღები იქნება ეს სია.

 

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ წამლების ჯგუფიდან ჯგუფში გადატანასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის:

 

“ამაში არანაირი შეზღუდვა არ არის. პირველ სექტემბრამდეც კი, აგვისტოს განმავლობაში რამდენიმე ასეული ასეთი ცვლილება განხორციელდა და თითოეული მათგანი მიმართული არის პაციენტის კომფორტული და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებისთვის,” – თქვა დავით სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, ამ სიას სამინისტროს დღესვე მიაწოდებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი