ახალი ამბები

საია: სამართალდამცავების ქმედებები პოლიტიკური მიკერძოების აღქმასაც არ უნდა ტოვებდეს

26 მარტი, 2014 • • 1217
საია: სამართალდამცავების ქმედებები პოლიტიკური მიკერძოების აღქმასაც არ უნდა ტოვებდეს

“აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოებაში ჩნდება კითხვები – ხომ არ ემსახურება ყოფილი პრეზიდენტის მოწმის სახით დაკითხვა მოქმედი ხელისუფლების მხრიდან მის წინააღმდეგ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. მსგავსი ეჭვების გამოსარიცხად აუცილებელია, სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებები იყოს არა მხოლოდ კანონიერი, არამედ თანმიმდევრული და პრინციპული”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშია აცხადებენ, რომ პრეზიდენტის რამდენიმე საქმეზე ერთდროულად დაბარება კანონდარღვევა არ არის.

 

რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას საქმეს,  განცხადებაში აღნიშნულია, რომ საია ყოველთვის აფიქსირებდა პოზიციას, რომლის თანახმადაც საქმის გამოძიება პოლიტიზების და გამოძიების უახლოეს დღეებში დასრულების მრავალჯერადად დაანონსების გარეშე უნდა წარმართულიყო.

 

საია ეხმაურება სხვა საქმეებსაც. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მიერ მხოლოდ მსჯავრდებულის შეწყალება (თუ ეს არ უკავშირდება რაიმე დამოუკიდებელი დანაშაულის ჩადენას) არ შეიძლება წარმოადგენდეს საგამოძიებო ორგანოების ინტერესის საგანს, ხოლო საქართველოსა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს შორის დადებულ საარბიტრაჟო შეთანხმებასთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ შესაძლოა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ სავარუდო დანაშაულის ჩადენის  ფაქტი იკვეთებოდეს.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ასევე განმარტავს პროცედურულ საკითხებს:

“თუ მიხეილ სააკაშვილი მითითებულ დროს არ გამოცხადდება მთავარ პროკურატურაში, გამომძიებლის შუამდგომლობით მოსამართლეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მოწმის იძულებით მოყვანის თაობაზე. თუ მოყვანა შეუძლებელია მოწმის გაქცევის, შვებულების, მივლინების, მძიმე ავადმყოფობისა და სხვა მიზეზების გამო, შესაბამისი გადაწყვეტილება აღუსრულებლად უბრუნდება მის გამომტან მოსამართლეს. რაც შეეხება უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოწმის დაკითხვას, აღნიშნული საკითხი რეგულირდება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ამ საკითხზე საქართველოს ორმხრივი შეთანხმება არ აქვს დადებული კონკრეტულ სახელმწიფოსთან. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულია ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მოწმის დისტანციური დაკითხვაც, რომლის გამოყენება წინამდებარე შემთხვევაში ასევე შესაძლებელია”, – განმარტავენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

საია მოუწოდებს პროკურატურას, იმოქმედოს თანმიმდევრულად და კანონის სრული დაცვით, ხოლო ხელისუფლებას – გადადგას ქმედითი ნაბიჯები სამართალდამცავი სისტემის სრული გაჯანსაღების მიზნით სათანადო რეფორმების გასატარებლად.

 

განცხადების სრული ტექსტი შეგიძლიათ ნახოთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებ–გვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი