საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის დროს, რომელიც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გამო “მაუწყებლობის შესახებ კანონში” შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს გაიმართა, კომიტეტის დამსწრეთა ნაწილმა ისაუბრა იმაზე, რომ შესაძლოა, 17 ივნისს ვერ მოესწროს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა.
“რუსთავი 2”-ის ტექნიკური დირექტორი დუდუ კურდღელია, რომელიც დღეს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომას ესწრებოდა, ამბობს, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა მთელი საქართველოს მასშტაბით 17 ივნისისთვის ვერ მოესწრება, რადგან დაუდგენელია, საქართველოს მოსახლეობის რამდენ პროცენტს ექნება წვდომა ციფრულ მაუწყებლობაზე.
“რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” ხელმძღვანელის ნათია კუპრაშვილის განმარტებით, მულტიპლექსს, რომელსაც “სტერეო პლისი” აგებს, დედაქალაქი კარგად აქვს ათვისებული, თუმცა რეგიონებში არის პრობლემური ადგილები.
“სტერეო პლუსი” აცხადებს, რომ 17 ივნისს ეროვნული მულტიპლექსი ჩაირთვება. კომუნიკაციების ეროვნული კომისია მოელის, რომ “სტერეო პლუსი” ჩაეტევა დადგენილ ვადებში და 17 ივნისისთვის საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა.
რა არის მულტიპლექსი?
იმისთვის, რომ ციფრული მაუწყებლობა გავრცელდეს, საჭიროა ე.წ. მულტიპლექსი. ის არის სატელევიზიო და რადიოარხების პაკეტი, რომელთა ტრანსლაცია ხორციელდება ერთი რადიოსიხშირის არხის მეშვეობით.
მულტიპლექსი აერთიანებს რამდენიმე ციფრულ სატელევიზიო სიგნალს და ერთიან ნაკადად აქცევს, რომლის მიღებაც მომხმარებლებს შეუძლიათ ციფრული ტელევიზორით, ან ანალოგურ ტელევიზორზე მიერთებული სპეციალური მოწყობილობით, ე.წ. set top box-ით.
ამავე თემაზე: როგორ შევარჩიოთ ტელევიზორი, რომ 2015 წელს ტელევიზიების გარეშე არ დავრჩეთ [ვიდეო]
ერთი ციფრული მულტიპლექსი საშუალებას იძლევა, სტანდარტული გარჩევადობის 15 არხი ან მაღალი გარჩევადობის 4-8 არხი გადაიცეს მაშინ, როცა ანალოგური სიგნალით ერთ სიხშირეზე ერთი არხი მაუწყებლობდა. კერძო მულტიპლექსებს ეროვნულ და რეგიონულ დონეზე ააგებენ ავტორიზებული პირები, რომლებიც სხვა მსურველი ტელეარხების სიგნალს გაატარებენ და ამ მომსახურებაში თანხას მიიღებენ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ერთიერთობის სამსახურის ხელძღვანელის, ხატია ყურაშვილის თქმით, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ სიხშირის მფლობელი და ტელეპროდუქტის მწარმოებელი ერთმანეთისგან გაიმიჯნება.
მაუწყებლობის მსურველი ლიცენზიის მაგივრად მიიღებს ავტორიზაციის უფლებას და მულტიპლექსის ნებისმიერ ოპერატორთან ქსელში ჩასმას, მულტიპლექსით სარგებლობას მოითხოვს.
მულტიპლექსით სარგებლობა იქნება ფასიანი. მას მულტიპლექსის ოპერატორი დაადგენს, თუმცა ტარიფი უნდა იყოს ხარჯზე ორიენტირებული, – აცხადებენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.
კერძო ეროვნული მაუწყებლობა
მთელი საქართველოს მასშტაბით კერძო ტელევიზიების სიგნალის გასავრცელებლად სახელმწიფომ გამოყო 5 ციფრული სიხშირე, რომელთაგან სამი სიხშირის ლიცენზიის მფლობელი კომპანია “სტერეო პლუსია”.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, კომისიაში შესულია კომპანია “SuperTV-ის განაცხადი. კომპანია ითხოვს, რომ ეროვნულ დონეზე დარჩენილ ორ სიხშირეზე მულტიპლექსების აგების ლიცენზია მიეცეს. კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, ამ ორი სიხშირიდან ერთი ღია ეთერით მაუწყებლობის გასავრცელებლადაა განკუთვნილი, მეორე კი, ფასიანი მომსახურებისთვის.
“სტერეო პლუსმა”, სალიცენზიო პირობების თანახმად, სამივე სიხშირისთვის უნდა ააგოს მულტიპლექსები, რათა ეროვნულ დონეზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაუწყებლობა გახდეს შესაძლებელი.
სამი სიხშირიდან ორზე ღიად უნდა გადაიცეს კერძო ტელეკომპანიების მაუწყებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელემაყურებლებს ანტენის საშუალებით სიგნალის უფასოდ მიღება შეუძლიათ.
სწორედ ამ ორი, მომხმარებლებისთვის უფასო არხებისთვის, განკუთვნილი ქსელის მშენებლობის სამუშაოების “შეფერხებით” მიმდინარეობის გამო მისცა წერილობითი გაფრთხილება “სტერეო პლუსს” კომუნიკაციების კომისიამ.
კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ „სტერეო +“-ის წარმომადგენლების განცხადებით, ქსელის მშენებლობის შეფერხება გამოწვეულია რთული გეოგრაფიული რელიეფითა და კლიმატური პირობებით.
დავით ზილფიმიანი, “სტერეო პლუსის” დამფუძნებელი, “ნეტგაზეთთან” საუბრისას უარყოფს იმას, რომ კომისიამ ვადების გადაცილების გამო მისცა გაფრთხილება. მისი თქმით, კომისიამ საგარეჯოს კოორდინატის თვითნებურად შეცვლისთვის გააფრთხილა.
“მე უკეთესი წერტილი შევარჩიე, ვიდრე ადრე იყო დაგეგმილი, მაგრამ ახლა ადგნენ და თითონვე გადაწყვიტეს, რომ ეს წერტილი იყოს და არა ის, იმიტომ, რომ ჭკუასთან ახლოს არის ეს წერტილი. ვადებთან კავშირში არ არის. ჩვენ 17 ივნისს მზად ვიქნებით”, – ამბობს ზილფიმიანი.
დავით ზილფიმიანის თქმით, ციფრული მაუწყებლობის ქსელის აგება სამივე არხისთვის 18 მილიონი ლარი დაჯდა. მის მიერ აგებული ქსელით სარგებლობისთვის ყველა ტელეარხისთვის (საკაბელო ტელევიზიების გარდა) ერთი ტარიფია დადგენილი – 1 მგ/წ 8900 ლარი (დღგ-ს გარეშე).
დავით ზილფიმიანის თქმით, 20-მა არხმა უკვე გადაიხადა მაუწყებლობისთვის საჭირო თანხები და ყველა პირობა დააკმაყოფილა. ამ არხებს მომხმარებლები უფასოდ მიიღებენ.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, ციფრული მაუწყებლობაზე გადასვლის ვადად ისევ 17 ივნისია განსაზღვრული და კომისია აგრძელებს “სტრეო პლუსის” მუშაობის მონიტრონგს.
ეროვნული სახელმწიფო მულტიპლექსი
სახელმწიფომ ბიუჯეტიდან გამოყო თანხები ციფრული მაუწყებლობის ისეთი ქსელის ასაგებად, რომელიც მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ, მეორე არხებსა და აჭარის ტელევიზიას მოემსახურება.
2014 წლის მარტში კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო ეროვნული მულტიპლექსის მართვა ტელერადიოცენტრს გადაეცეს.
ხატია ყურაშვილის თქმით, ტელერადიოცენტრი ისედაც ახორციელებდა საზოგადობრივი მაუწყებლის არხების გავრცელებას მთელი საქართველოს მასშტაბით და ასე დარჩება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგაც.
ხატია ყურაშვილის განმარტებით, ეროვნული სახელმწიფო მულტიპლექსი ექსპლუატაციაშია შესული და მომხმარებლებს შეუძლიათ ციფრული სიგნალის მიღება.
ყურაშვილის თქმით, სატესტო რეჟიმში, დროებით, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე, სახელმწიფო ეროვნული მულტიპლექსით უფასოდ ვრცელდება ასევე კერძო ეროვნული ტელეარხები: “რუსთავი2”, “იმედი”, “ტაბულა” და სხვები.
ადგილობრივი კერძო მაუწყებლობა
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად თავისი ძალებით ემზადებიან რეგიონებში მაუწყებელი ტელეარხები. მათ კომუნიკაციების კომისიამ უფასოდ დაუთმო სიხშირე და ასევე დაავალდებულა, რომ უნდა ააგონ შესაბამისი ქსელი (მულტიპლექსი), რომელიც კონკრეტულ რეგიონებში მაუწყებლობის საშუალებას მისცემს არხებს.
რეგიონში მომუშავე იმ 21 მაუწყებელს, რომლებმაც უნდა ააგონ მულტიპლექსები 2016 წლის 1 მარტამდე, აქვს ვალდებულება, რომ ამავე რეგიონში მაუწყებელ სხვა მსურველ არხებს დაუთმოს სიხშირე. რეგიონულ ტელევიზიებს მხოლოდ ღია ეთერით მაუწყებელი ტელევიზიებისთვის შეუძლიათ სიხშირის გამოყოფა, მათ ფასიანი მომსახურების გაწევის უფლება არ აქვთ.
რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ 15 არხი, რომელიც “რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციაშია” გაერთიანებული, ციფრულ მაუწყებლობაზე 17 ივნისს გადასასვლელად მზადაა.
ნათია კუპრაშვილის თქმით, კარგი იქნებოდა, რომ რეგიონულ მაუწყებლებს სახელმწიფო დახმარებოდა თუნდაც იაფი კრედიტის გამოყოფაში, რადგან მათ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად ბანკის ვალები აიღეს.
ტელევიზია “ბორჯომის” განვითარების მენეჯერი ტრისტან ცუცქირიძე ამბობს, რომ მულტიპლექსის აგება 22 ათასი ლარი უჯდება. ტელევიზია “ბორჯომს” გადამცემები, მოდულატორები და მულტიპლექსები შეკვეთილი აქვთ. მათ ლიტვურ კომპანია Vigintos elektronika-სთან დადეს კონტრაქტი და 17 ივნისისთვის უკვე მზად იქნება ციფრული მაუწყებლობისთვის.
ტელერადიოკომპანია “რიონის”, რომელიც ქუთაისსა და მიმდებარე რაიონებში მაუწყებლობს, გენერალური დირექტორი თამარ ღვინიანიძე ამბობს, რომ მიმდინარეობს სამუშაოები არხის გაციფრულებისთვის, შეიცვალა ტელევიზორები, კამერები და ციფრული “მიქშერი” შეიძინეს. ღვინიანიძის თქმით, “რიონი” 17 ივნისისთვის ციფრული მაუწყებლობისთვის მზად იქნება. 20 ათასი ევროს ღირებულების მულტიპლექსი 31 მაისს ჩამოვა ვილნიუსიდან.
“რიონს”, როდესაც ის მულტიპლექსს აამუშავებს, შეუძლია კიდევ სამი მაღალი გარჩევადობის სიხშირე სამ არხს დაუთმოს. ღვინიანიძის თქმით, ოთხი მსურველი არხი უკვე ჰყავს. ეს მომსახურება არხს დამატებით შემოსავლებს მოუტანს.
მოასწრებს თუ არა კომპანია “სტერეო+” კერძო ეროვნული მულტიპლექსის აგებას ისე, რომ მოსახლეობა არ დარჩეს ციფრული მაუწყებლობის გარეშე, 17 ივნისს გაირკევვა. კომუნიკაციების ეროვნული კომისია განმარტავს, რომ კერძო ეროვნული ტელეკომპანიები სახელმწიფო მულტიპლექსით მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე ვრცელდება იქამდე, სანამ მათთვის განკუთვნილ კერძო მულტიპლექსს კომპანია “სტერეო+” აგებას დაასრულებს.