ახალი ამბები

კბილაშვილი: საყდრისი არქეოლოგიური ობიექტია, თუმცა ვარძიას და მოწამეთას ვერ შევადარებ

15 დეკემბერი, 2014 • • 1339
კბილაშვილი: საყდრისი არქეოლოგიური ობიექტია, თუმცა ვარძიას და მოწამეთას ვერ შევადარებ

“ჩვენი კანონის მიხედვით, თუ ობიექტს ადამიანის კვალი ეტყობა და 100 წელზე მეტია გასული, ის ავტომატურად არის არქეოლოგიური ობიექტი. მოცემულ შემთხვევაში მეცნიერთა ერთი ჯგუფი ამბობს, რომ ის პრეისტორიულია, მეორე მას არ ეთანხმება, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ არის არქეოლოგიური ობიექტი. რამ განაპირობა მისი არქეოლოგიური ობიექტობა? – ოდითგანვე ადამიანის სწრაფვამ ოქროსკენ, სიმდიდრისა და ფულისკენ, ადამიანი ცდილობდა გამდიდრებულიყო – ოქრო მოეპოვებინა. კანონის გადასახედიდან მოტივს მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანის კვალია და ის არქეილოგიური ობიექტია, მაგრამ თუ ღირებულებით სისტემაში დავინახავთ, მე მას ვერ შევადარებ ვარძიას, რომელიც ქართული სახელმწიფოს თავდაცვის ციტადელია, ვერ შევადარებ მოწამეთას, სვეტიცხოველს თუ სხვას, რომელიც სულიერების უდიდესი კერებია. ანუ, კანონი მას იცავს, მაგრამ დგება ღირებულებითი კონფლიქტი: სოციალურ-ეკონომიკური ინტერესები და არქეოლოგიური ობიექტი, ოღონდ თავისი ხარისხით დაკავშირებული ფულთან, ოქროსთან… ისმის კითხვა, რატომ არ უნდა გამოიყენოს დღევანდელმა თაობამ ის მადანი და სიმდიდრე, რომელიც ღმერთის მიერ გაჩნდა და რომელსაც ჩვენი წინაპარი იყენებდა”, – განაცხადა კბილაშვილმა და დასძინა, რომ კომპანია წელიწადში გადასახადის სახით 100 მილიონ ლარს იხდის.


 

13 დეკემბერს კომპანია „არემჯიმ“ საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. ვრცლად კომპანიის განცხადება შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა.

 

 

 

საყდრისის ძეგლი 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.

 

 

 

RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.


მასალების გადაბეჭდვის წესი